Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ეწეოდა დღეს აკაკი ბაქრაძეს?


ივლისში ბლოგისთვის დავწერე სტატია „პლასტმასის ყვავილების ქვეყანა“, რომელშიც ვჩიოდი, რომ ჩვენს ირგვლივ გარემო მთლიანად დაცლილია შემოქმედებისგან; და თუ რამ გვაკლია ბოლო წლებში, პური და წამალი კი არ არის, არამედ, პირველ რიგში, შემოქმედებაა. იმასაც ვწერდი, რომ თავისუფლების დეფიციტმა და ხელოვნურობამ მოკლა შემოქმედებითი მუხტი, რომლითაც სავსე იყო ჩვენი ქვეყანა ვარდების რევოლუციის დღეებში.

სტატიის პასუხად მივიღე შენიშვნა, რომ თუ მე შემოქმედებას ვხედავდი საბჭოთა საქართველოს არსებობის ბოლო ათწლეულებში – როდესაც აღიარებული მწერლები, პოეტები, რეჟისორები, მხატვრები თავის საუკეთესო ნაწარმოებებს ქმნიდნენ – სად იყო მაშინ თავისუფლება? ვთქვათ, გასული საუკუნის 60-იან ან 70-იან წლებში? განა დღეს საქართველო გაცილებით თავისუფალი არ არის, ვიდრე – კომუნისტების დროს?

სულ მეფიქრება: რა ყაიდის თავისუფლება გვაქვს ახლა და რა გვქონდა მაშინ ისეთი, რაც ახლა აღარ მოგვეპოვება. ცხადია, საქართველო გაეროს და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა და საზღვრები გაიხსნა. მსოფლიოს შესახებ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე უწინ ვიცოდით. და პირიქით. მაგრამ თუ ამ გლობალური კონტექსტიდან ადამიანებამდე დავეშვებით, სულ მცირე, ერთ საფრთხეს დავინახავთ დღევანდელ – თავისუფალ – საქართველოში. ეს საფრთხე გონების გაზარმაცება და მისი თანმდევი აზროვნების დეფიციტია.

თავის დროზე, პროცესი, რომელიც ფონად დაედო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, იყო გონების, აზრის გამოღვიძება. ამ პროცესს, „უძრაობად“ წოდებული ხანიდან მოყოლებული, ბევრი ადამიანი ამზადებდა – ზოგი წიგნით, ზოგი ფილმით, სპექტაკლით, სიმღერით, ცეკვით, ნახატით თუ ნაძერწით... ბოლოს, გონების გამოღვიძების პროცესმა პირდაპირი გამოხატულება პოვა მერაბ მამარდაშვილისა და აკაკი ბაქრაძის ლექციების სახით, რომლებიც თანდათან იხუნძლებოდა მსმენელებით და ბოლოს დასწრების მსურველებს ვერ იტევდა.

დღეს ჩვენი საზოგადოება პასიურია, რადგან დაშრეტილია არა იმდენად სამოქმედო, რამდენადაც – სააზროვნო ენერგიისგან. ეს დაადასტურა გაზაფხულის საპროტესტო მოძრაობამაც, რომელსაც არ აკლდა ქმედება, მაგრამ აკლდა გონიერება და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

კაცმა რომ თქვას, გასაკვირიც არაფერია. დღევანდელ საქართველოში აზროვნების პროცესს ორი მომაკვდინებელი მტერი ჰყავს – პროპაგანდა და შიში. შესაბამისად, საზოგადოების ერთი – დიდი – ნაწილი იმ ინფორმაციის ტყვეობაშია, რაც სამი ეროვნული ტელევიზიიდან უწყვეტ ნაკადად, საქმიანად და დაუნდობლად მოედინება.

ის ადამიანები, რომლებმაც პროპაგანდის საფრთხე გააცნობიერეს და დროზე დაუსხლტნენ მას, შიშის ტყვეობაში აღმოჩნდნენ – თავის ოჯახში თუ თავის თავში ჩაიკეტნენ და, რამდენი წელიწადია, საკუთარ გულს ასკდებიან. შეშინებულების რიცხვი, ალბათ, მეტიც კია, ვიდრე მოტყუებულების. და რა ფასი აქვს პროპაგანდით გაბრუებული ან შიშით დათრგუნული გონების ნააზრევს? რა უნდა შექმნას ღირებული ან ერთმა და ან მეორემ?

არის კიდევ ორი კატეგორია ადამიანებისა, რომელთა ტვინი გამალებით მუშაობს. ამ ადამიანების ერთი ნაწილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და მათი შემოქმედებაა ის, რასაც ჩვენს ირგვლივ გარემოში ვხედავთ. თითოეული ადამიანი, რომელიც მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ფაქტობრივად, მათთან ერთად მუშაკობს და ქმნის თანამედროვე შემოქმედების სხვადასხვა წახნაგს: ზოგი სატელევიზიო გადაცემას, ზოგი – ფილმს, ზოგი – უნივერსიტეტს, ზოგი – არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიც – რაღაც სხვას. ეს ადამიანები გამალებით აზროვნებენ, მაგრამ ძალიან შორს არიან თავისუფლებისგან, რადგან მათ გონებას ძალაუფლების დაკარგვის შიში ამოძრავებს. და ყველაფერი, რასაც ისინი ქმნიან, სინამდვილეში, შემოქმედება კი არა, იდეოლოგიის და პროპაგანდის ნაწილია.

და, სულ ბოლოს, არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც არც აზროვნების ეშინიათ და არც არარსებული ძალაუფლების დაკარგვის. მაგრამ ისინი გათითოკაცებულნი არიან და, ჯერჯერჯობით, არ არსებობს არც ფაქტორი და არც სივრცე, რომელიც მათ გააერთიანებდა და რაიმე ღირებულს შეაქმნევინებდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი სეგმენტი მთლიანობაში ასეთ სურათს ქმნის:

1. პროპაგანდის მსხვერპლნი.
2. შიშის ტყვეები.
3. ძალაუფლებაზე ჩაჭიდებულნი.
4. გათითოკაცებული მოაზროვნეები.

და, აი, მთავარ სათქმელთან მივედი. თავისუფალი აზროვნებისთვის და მის წიაღში დაბადებული შემოქმედებისთვის ნიადაგი უნდა შექმნას მეოთხე კატეგორიაში მოქცეული ადამიანების გაერთიანებამ. ყველა სხვა გზა შორი და ფუჭია. მოაზროვნეთა გასაერთიანებლად კი საჭიროა არა პოლიტიკური ლიდერი, არამედ საზოგადოებრივი – მერაბ მამარდაშვილისა და აკაკი ბაქრაძის მსგავსი.

როგორ წარმოგვიდგენია, დღეს რომ ბატონი აკაკის მსგავსი ლიდერი გამოჩნდეს და მოაზროვნე ადამიანების მისხალ-მისხალ მოგროვება დაიწყოს, საჯარო საუბრები გამართოს დიდ დარბაზებში და მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ცადოს ჩვენი გონების გამოღვიძება – რა ბედი ეწევა ასეთ ადამიანს?

ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, ამ კითხვაზე თითოეული თქვენგანის პასუხი იყოს თქვენივე პასუხი ზემოთ დასმულ შეკითხვაზე: რა ყაიდის თავისუფლება გვაქვს ახლა და რა გვქონდა ადრე ისეთი, რაც აღარ მოგვეპოვება?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG