Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საბაჟო გადასახადები იზრდება


სარფის საბაჟო, საქართველო-თურქეთის საზღვარი
სარფის საბაჟო, საქართველო-თურქეთის საზღვარი
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილებები საბაჟო კოდექსში. მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, იმპორტირებული პროდუქციის ნაწილის საბაჟო განაკვეთები იზრდება. მომავალი წლიდან იმპორტირებული ჰიგიენური საშუალებები, ქატო თუ შოკოლადის პროდუქცია, ნული ან 5 პროცენტის ნაცვლად, 12 პროცენტიანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა

ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს ცვლილებებს საბაჟო კოდექსში, რადგან მეორე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, მესამე მოსმენა თითქმის ფორმალობაა. საკანონმდებლო ცვლილებათა აუცილებლობას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს. იგი ამბობს, რომ ცვლილებები მსგავსი დასახელების მქონე პროდუქციის ერთნაირი განაკვეთების ქვეშ მოქცევის აუცილებლობამ განაპირობა. თუმცა არის სხვა მიზეზებიც:

”თუნდაც ის, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რომელზეც მიბმული არის დასაქმება და ადგილობრივი წარმოება თანაბარ პირობებში იყოს იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში.”

ქუჩის ბაზრობა, დახლზე ქართული პროდუქცია, თბილისი, 2008 წ,
ორიოდე წლის წინ ამავე მიზეზით ბევრი საბაჟო გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ იმპორტული პროდუქციის გაიაფება ქართულ წარმოებას დაასამარებდა. ასე ფიქრობდა ზურაბ ტყემალაძეც, პოლიტიკური მოძრაობა ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერი:

”ზოგადად საბაჟო გადასახადების შემცირება ან გაზრდა მხარდასაჭერი არ არის. ქვეყანაში არის პროიმპორტული პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ იმპორტს. გადასახადი იზრდება მხოლოდ იმ საქონელზე, რომლიდანაც ადგილობრივმა მეწარმემ აქ უნდა აწარმოოს პროდუქცია, ესეც ხელის შეშლაა ადგილობრივი მეწარმის.”

მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი კი ირწმუნება, რომ საბაჟო გადასახადების კორექტირებით ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოებას. იგი იმპორტიორებს აიმედებს, რომ კვლავაც ნულოვანი საბაჟო განაკვეთით განხორციელდება იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს. ზურაბ მელიქიშვილის კომენტარი:

”ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი პროდუქცია მაქსიმალური პროცენტით იბეგრება და ჩვენ იქედან შემოსულ პროდუქციაზე ნულოვანი გადასახადი გვქონდეს, ცოტა გაუმართლებელია. ”

ევროპული პროდუქცია 12 პროცენტით დაიბეგრება

მართალია, საქართველოში დამზადებული პროდუქცია შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებისას, ევროპის კავშირთან საქართველოს ჯერაც არ გაუფორმების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, საბაჟო კოდექსის ცვლილებებით ძირითადად ევროკავშირიდან იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება:

”საქართველოს ბაზარზე შემოტანილი საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა არის სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საბაჟო გადასახადი არ მოქმედებს. ჩვენს ხელისუფლებას თუ აქვს სურვილი ევროპული პროდუქცია დაბეგროს 12 პროცენტიანი საბაჟო გადასახადით, ეს სხვა საქმეა. საქართველოს ბაზარი გაჯერებულია თურქული საქონლით. იქიდან შემოტანილი პროდუქცია საბაჟო გადასახადით არ იბეგრება და ეს არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს.”

ნოდარ ხადურისგან განსხვავებით, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ახლა კი კონსალტინგური კომპანიის ”პი-ემ-სი-ჯის” ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი ფიქრობს, რომ საბაჟო ტარიფის გაზრდა უსათუოდ გამოიწვევს პროდუქციის სარეალიზაციო ფასის მატებას.
XS
SM
MD
LG