Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი სიმთვრალის, მილიციისა და ვაშინგტონის წინააღმდეგ



ძველი და ახალი წლების გასაყარზე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების შეკითხვებს უპასუხა. რუსეთის ლიდერმა ბევრ რამეზე ისაუბრა – ალკოჰოლის ზომიერად მიღების ტექნოლოგიის დანერგვით დაწყებული და სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი შეთანხმებით დასრულებული. მედვედევმა “ძლიერი პოლიტიკოსი” და “საინტერესო ადამიანი” უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას. თუმცა მოსკოვიდან დღეს ვაშინგტონის კრიტიკაც ისმოდა - ვაშინგტონის, რომელმაც თვითგამოცხადებული აფხაზეთის დელეგაციას არ მისცა შეერთებულ შტატებში ჩასვლისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეხვედრების გამართვის უფლება.

ახალი წლის დადგომამდე რუსეთის მოსახლეობამ რუსეთის პრეზიდენტისგან რამდენიმე ახალი ინიციატივის შესახებ შეიტყო. პირველი შეეხება განკარგულებას, რომელიც მანქანის მართვას უკრძალავს იმასაც კი, ვისაც ალკოჰოლის სულ მცირე დოზა აქვს მიღებული. მეორე ყველაზე საშიში და კორუმპირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას ეხება და, სავარაუდოდ, მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერას დაიმსახურებს. დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ 24 დეკემბერს ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირეულ რეფორმირებას გულისხმობს:

“მასში გათვალისწინებული იქნება ზოგიერთი საორგანიზაციო, ფინანსური, სამართლებრივი და საკადრო საკითხები. პრეტენზია ბევრია და მათი ნაწილი აბსოლუტურად სამართლიანია. ადამიანებს სურთ, რომ მათ, მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, მილიციის უმწიკვლო თანამშრომლები იცავდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ასეთი სტრუქტურის შექმნას.”

დმიტრი მედვედევი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურები გამოიძიებენ და შეიპყრობენ იმ ბოროტმოქმედებს, რომლებმაც დაახლოებით ერთი თვის წინ “ნევის ექსპრესზე” მოაწყვეს თავდასხმა. რუსეთის პრეზიდენტმა შემაჯამებელ ტელეშოუში ყურადღება ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილა:

“ბოლო წლების მანძილზე, მთლიანობაში, ჩვენ ვისწავლეთ ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა ტერორიზმი პერიოდულად საკუთარ საზიზღარ სახეს აჩენს ხოლმე და კვლავ სჩადის დანაშაულს. ეს პრობლემა არ არის დახურული, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ მაინც მასზე საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად რეაგირება და ძირითადი ტერორისტული კერები ჩრდილოეთ კავკასიაში განადგურებულია.”

მედვედევის თქმით, ჩრილოეთ კავკასიაში ყველაზე მძიმე პრობლემად რჩება სოციალური მდგომარეობა, გამოწვეული უმუშევრობით და უიმედობით, რომლის აღმოფხვრა, რუსეთის ლიდერის თქმით, ეკონომიკური პროექტების განხორციელებითა და სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი.

რუსეთის სამი ფედერალური არხის ხელმძღვანელებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეეხო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს, გლობალური დათბობის პრობლემებს და კოპენჰაგენში შეხვედრას, რომელსაც დმიტრი მედვედევმა ფუჭი უწოდა. სამაგიეროდ, მედვედევმა განაცხადა, რომ საკმაოდ ხშირი და ნდობაზე დამყარებული კონტაქტები აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან:

“საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ვფიქრობ, რომ ის ძლიერი პოლიტიკოსი და საინტერესო ადამიანია. მასთან იოლია ურთიერთობა. მას შეუძლია მოგისმინოს და შეუძლია გიპასუხოს არგუმენტებზე. ამერიკელებისგან უფრო ხშირად გვესმის ასეთი სიტყვები: რა თქმა უნდა, თქვენი მოსაზრება საინტერესოა, მაგრამ ჩვენ უკვე ყველაფერი გადავწყვიტეთ. ის ასე არ ლაპარაკობს. ეს უკვე თავისთავად იმსახურებს დადებით შეფასებას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.”

თუმცა მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს აქებდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იმის გამო, რომ უარი ეთქვათ ვიზებზე თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, რომლებიც გაეროში სიტყვით გამოსვლას გეგმავდნენ:

“ამას ორმაგი სტანდარტების გამოვლინებად მივიჩნევ. ვინაიდან, არ მისცე შესაძლებლობა მთელ ხალხს, რომ მიაწოდოს სიმართლე, თუ რა მოხდა სინამდვილეში რეგიონში, მათ, ვინც, ძირითადად, სხვაგვარი ინფორმაციით საზრდოობს, ვფიქრობ, არაკორექტულია.”

დავუბრუნდეთ ისევ დმიტრი მედვედევის შემაჯამებელ ტელეინტერვიუს. მართალია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი მთავარი თემა არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობაზე და განაცხადა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვა. როგორც მედვედევმა სამი რუსული ფედერალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს არმიამ უკვე დაამტკიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსები, მისი თქმით, თავისი მოქალაქეების ინტერესებს იცავდნენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG