Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია


31 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. როგორი იყო და რა განაპირობებდა 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას და რა მოლოდინია 2010 წლის მიმართ? - ეს გახლდათ რესპონდენტთან საუბრის თემა. დავით ნარმანიას შეფასებით, 2009 წლის ეკონომიკური ვითარება ძალიან არასასურველი იყო ქვეყნისთვის. წლის მანძილზე ხელისუფლებას ორჯერ მოუხდა ბიუჯეტის შემცირება, შემცირდა საინვესტიციო მოცულობა, რაც, კვარტლების მიხედვით თუ შევადარებთ, ნარმანიას თქმით, 2003-2004 წლების დონემდე დავიდა. ამას მოჰყვა უმუშევრობისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდა. რაც ეხება 2010 წელს, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური კრიზისი მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დასრულების ფაზაში შევა, თუმცა, კრიზისის შედეგების დაძლევას რამდენიმე წელი დასჭირდება. საქართველოსთვისაც 2010 წლის პირველი ნახევარი უფრო რთული იქნება, ვიდრე მეორე ნახევარი. საქართველოს შემთხვევაში გასათვალისწინებელია 2010 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარჯები და პოლიტიკური მოლოდინიც. დღეის გადასახედიდან დავით ნარმანიას საეჭვოდ ეჩვენება 2010 წელს 2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2009 წლის 4 პროცენტიანი ვარდნის შემდეგ, რადგან, მისი თქმით, ამისთვის ძალიან მაღალი საინვესტიციო აქტივობაა საჭირო, რაც 2010 წლის პირველ ნახევარში ნაკლებად სავარაუდოა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG