Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაი აიდე ავღანეთის საკითხისადმი მიდგომის სრულყოფას მოითხოვს


კაი აიდე, გაეროს მისიის ხელმძღვანელი ავღანეთში
კაი აიდე, გაეროს მისიის ხელმძღვანელი ავღანეთში

გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ავღანეთში კაი აიდემ ამ რანგში თავისი ბოლო მოხსენება გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. დიპლომატის შეფასება არ არის ოპტიმისტური, მაგრამ მისი ვარაუდით, მიდგომის გარკვეული თვალსაზრისით შეცვლის შემთხვევაში, ავღანეთში სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელია.

უსაფრთხოების გარემო ავღანეთში შეუძლებელია შეიცვალოს მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაზრდით, თუკი ქვეყნის აღმშენებლობაში არ გაიზრდება მოქალაქეთა მონაწილეობა, რაც ბოლოს მოუღებს ქვეყანაში თალიბების დომინირებულ მდგომარეობას. ამასთან, თანამდებობიდან მიმავალი გაეროს მისიის ხელმძღვანელი მიუთითებს იმის აუცილებლობაზეც, რომ საერთაშორისო სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოებაში მონაწილეობს, გაცილებით ფაქიზად მოეპყრას ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს. ნატოსა და მოკავშირეების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ავღანელები ზოგჯერ „უპატივცემულოდ და ხანდახან ქედმაღლურადაც კი ჩატარებულ ოპერაციად“ აღიქვამენ:

“ავღანელები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მათ ქვეყანას ეპყრობიან როგორც არადამოუკიდებელ და უკაცრიელ ქვეყანას. ასეთი წარმოდგენა წარმოშობს სრულიად ზედმეტ და სახიფათო დაძაბულობას ავღანეთის მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორს, იწვევს დამცირების განწყობას და მოსახლეობაში აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს არის გაუმართლებელი საერთაშორისო ჩარევა.”

გაეროს მისიის ხელმძღვანელის კაი აიდეს მოხსენების მთავარი საკითხი მეამბოხეებთან ბრძოლას შეეხებოდა. თალიბების მოძრაობამ, რომელიც პირველ ხანებში, საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეავიწროეს, კვლავ მოიკიდა ფეხი ზოგიერთ მეტ-ნაკლებად მშვიდობიან რეგიონში. კაი აიდეს თქმით, თალიბების გაძლიერებას ხელი შეუწყო არასწორმა პოლიტიკამ, რაც აღნიშნული რეგიონების მიმართ უყურადღებობით გამოიხატება:

“ვიდრე ნიუ-იორკში წამოვიდოდი, მე ვკითხე თვალსაჩინო ავღანელ პოლიტიკოსებს, რას შეეძლო გამოეწვია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამბოხის მასშტაბის გაფართოება. მარტივი პაუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი ელემენტი, რაზეც ყველა ლაპარაკობს, არის სტაბილური რეგიონების უგულებელყოფა განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდების დროს. ამის გამო ჩვენ ახლა საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა გვიწევს.”

პოსტიდან მიმავალმა ნორვეგიელმა დიპლომატმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გაკეთებულ თავის ბოლო საანგარიშოO მოხსენებაში დაასკვნა, რომ საჭიროა დაბალანსებული სამხედრო-სამოქალაქო მიდგომები ნეგატიური ტენდენციების დასაძლევად, რის გარეშეც სტაბილურობის მიღწევა ავღანეთში წარმოუდგენელია. კაი აიდეს მოხსენების შემდეგ გაეროში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ როსემარი დიკარლომ განაცხადა, რომ სულ მალე ამერიკული სამოქალაქო პერსონალი ავღანეთში სამჯერ გაიზრდება. ავღანეთის ელჩმა გაეროში ზაჰირ ტაჰინმა კი ორგანიზაციას მიმართა წინადადებით, გაერომ სანქციების სიიდან ამოიღოს ის თალიბები, რომელთაც ავღანეთის მთავრობა უშუამდგომლებს.

კაი აიდე, გაეროს საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, ფიქრობს, რომ მეამბოხეთა სამშვიდობო პროცესში ჩართვა სასარგებლოა, ოღონდ მიდგომა, მანდატამოწურული დიპლომატის აზრით, საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს. “ყოფილმა თალიბებმა, რომლებიც წარსულთან კავშირს გაწყვეტენ, პირობა უნდა დადონ, რომ აღიარებენ ავღანეთს როგორც თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას”, - ამობს კაი აიდე, გაეროს საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში, რომელიც რამდენიმე დღეში თავის პოსტს ტოვებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG