Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესაში, ზოგადად მედიაში, ყურადღების ცენტრშია მოქცეული ჰაიტი, რომელიც სამშაბათს ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. დაღუპულების რიცხვი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ სტიქიურ უბედურებას 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი, როგორც ცნობებში აღნიშნავენ, მიწასთან არის გასწორებული.

მიწისძვრის შემდეგ ჰაიტელები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან დახმარებაზე არიან დამოკიდებულები. ეს კი, ბრიტანეთის ყოველდღიური მემარცხენე-ლიბერალური „ინდეპენდენტის“ შეფასებით, ახალი, საგანგებო ორგანიზაციის შექმნის საჭიროებას ცხადყოფს:

„ჰაიტის ტრაგედია ცხადყოფს, რომ აუცილებელია, შეიქმნას გლობალური ორგანიზაცია კატასტროფებით დაზარალებულების დასახმარებლად. გაეროს ჰუმანიტარული დახმარება შეძლებისდაგვარად აკეთებს საქმეს, მაგრამ ის ძირითადად მთავრობებისაგან ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ახალი გლობალური ორგანიზაცია არ ჩაენაცვლებოდა მრავალრიცხოვან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, მაგრამ მათი მუშაობა, შესაძლოა, უფრო ეფექტიანი გახდეს, თუ ზემოდან უკეთ შეძლებენ მათს კოორდინირებას. მსოფლიო სავსეა ქაოსით მოცული მთავრობებითა და შეუმდგარი სახელმწიფოებით, რომლებიც ნორმალურ ვითარებაშიც ვერ ახერხებენ თავიანთ მოქალაქეებზე ზრუნვას“.

ჰაიტელებისთვის დახმარებას გასაწევად დახმარების კარგად ორგანიზების აუცილებლობაზე მიუთითებს პარიზის ყოველდღიური „ლიბერასიონიც“:

„მსოფლიო თანამეგობრობა უზარმაზარი ამოცანის წინაშე დგას. ქვეყანაში, რომლის ინფრასტრუქტურაც დაზარალებულია, სიღარიბე მასების პრობლემაა, ხოლო პოლიტიკური ძალაუფლება სუსტი, ყველაზე მთავარია დახმარების ორგანიზება. ჰაიტის დახმარება მსოფლიოსთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს და ასე უნდა დარჩეს კიდევ დიდხანს მას შემდეგაც, რაც კუნძულს ტელეკამერები დატოვებენ. რადგან პირველი დახმარების შემდეგ კუნძულზე, რასაკვირველია, აღდგენითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.“

ბერლინში გამომავალი მემარცხენე „ტაგესცაიტუნგი“ კი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ჰაიტის მდგომარეობა მიწისძვრამდეც ძალიან მძიმე იყო:

„ყოველი სტიქიური უბედურების უკან ადამიანების უუნარობაც დგას. ჰაიტიზე ეს არის უუნარო და ექსპლუატატორი რეჟიმები: დაწყებული ფრანგებით, რომლებმაც თავიანთი მეამბოხე კოლონია გაანადგურეს, და დამთავრებული საერთაშორისო სავალუტო ფონდით, რომელმაც, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ისედაც სუსტი სახელმწიფო აიძულა ცოტაოდენი შემოსავლის მომტანი წყაროების პრივატიზება (...) დაქცეული ქვეყანა ახლა კიდევ უფრო დაიქცა. ეს უნდა იყოს მიზეზი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმაზე ჩასაფიქრებლად, გამანადგურებელი status quo ante-ს (ანუ, მიწისძვრამდე არსებული მდგომარეობის - მ.ჭ.) აღდგენაზე იზრუნოს, თუ ჰაიტის დაეხმაროს, რომ, სულ ცოტა, დედაქალაქი მაინც თავიდან აშენდეს და ქვეყანას ახალი სტარტის აღების შესაძლებლობა მიეცეს“.

ბოლოს ერთი პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს ეხება. ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ გამოცემა „ნეშენლ ინტერესტის“ ახალი ნომერი. „თბილისის შარადა“ - ასეა დასათაურებული ერთ-ერთი სტატია, რომელსაც ხელს აწერს ელიზაბეტ სტერლინგი, ნიქსონის ცენტრში მოღვაწე ექსპერტი. სტატიაში კრიტიკულად არის შეფასებული თბილისში ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინის ვიზიტი, რომლის დროსაც ის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვეს. სტერლინგის შეფასებით, მაკკეინის დაპირება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერი იქნება ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე რუსეთთან დაპირისპირებაში, სარისკოა. მან, წერს ამერიკელი ექსპერტი, შესაძლოა ავნოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას და „ამერიკის უფრო ზოგად ინტერესებსაც - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მეტად მნიშვნელოვანია ირანთან მოლაპარაკებაში, ისევე, როგორც ტერორიზმის წინაღამდეგ და ბირთვული გაუვრცელებლობისათვის ბრძოლაში“:

„არის, რასაკვირველია, საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებას არ ექვემდებარება: ამერიკა მტკიცედ ემხრობა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენობას. მაგრამ ჩვენს ხელთ ძალიან ცოტა რეალური შესაძლებლობა არსებობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ღრმა ფესვების მქონე ტერიტორიული უთანხმოებების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით, მათი საქართველოს კონტროლისთვის დასაბრუნებლად. ვაშინგტონს პოტენციურად შეუძლია რეგიონული სტაბილურობის გაძლიერება, საქართველოს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება და მოსკოვთან მთავარ საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობა. რუსეთისა და მისი უამრავი ნაკლის კრიტიკა იოლი ამოცანაა, განსაკუთრებით თუ მას მტრულ სახელმწიფოდ აღიქვამ, როგორც ამას, ჩანს, სენატორი მაკკეინი აკეთებს. მაგრამ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიისთვის მთავარი დაბრკოლება პრეზიდენტი სააკაშვილია და არა რუსეთი“.
XS
SM
MD
LG