Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ხდება


ჩინეთი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, 2009 წლის ბოლოს, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაიწყო, რაც 2010 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. პროგნოზების თანახმად, ჩინეთი გადაასწრებს იაპონიას და მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდება, შეერთებული შტატების შემდეგ. თუმცა, მსოფლიო ბანკი ფიქრობს, რომ ჩინეთს ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, რათა ეკონომიკური წინსვლა შეუქცევადი გახადოს.

ჩინეთი იმის ნათელი მაგალითია, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს თვალსაჩინო ეკონომიკური მიღწევები, შესაძლოა სოციალური მაჩვენებლებით და მოსახლეობის ცხოვრების დონით კვლავაც ძალიან დაბალ საფეხურზე იყოს. ჩინეთმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია და გაუსწრო იაპონიას, თუმცა მა იანტანი, ჩინეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს ოფიციალური წარმომადგენელი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობით, ჩინეთი ძალიან ბევრ ქვეყანას ჩამორჩება:
“მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა რეიტინგი ჰქონდა ჩინეთის ეკონომიკას ბოლო წლების განმავლობაში. ფაქტი ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოს ასეულს ჩამორჩება. მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, სუსტი ეკონომიკური საფუძვლები, შეზღუდული რესურსები და სიღარიბეში მყოფი ადამიანების დიდ რაოდენობა – ეს სიტუაცია კვლავაც უცვლელია ჩინეთში.”

ეკონომისტების თქმით, იმისათვის, რომ სოციალური სტაბილურობა შეინარჩუნოს, ჩინეთს წელიწადში 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება. 2009 წლის განმავლობაში ჩინეთში 8.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც სასიკეთოდ იმოქმედა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის დაძლევაზე. დასავლელი ექსპერტების თქმით, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში ზრდის მოთხოვნას საწვავზე, სამომხმარებლო საქონელსა და სხვადასხვა სახის იმპორტზე.

თუმცა, როგორც სტატისტიკის სპეციალისტი მა იანტანი ამბობს, შეშფოთებას იწვევს ინფლაციის მაღალი დონე, რამაც შესაძლოა ეკონომიკური წინსვლა შეაფერხოს:

“მთავარი საზრუნავი ისაა, თუ როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური აღმავლობა და, ამასთანავე, ვაკონტროლოთ ფასების ზრდა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ორივე - ეკონომიკური ზრდის მართვა და ასევე მოსალოდნელი ინფლაციის კონტროლი, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.”

გარდა ამისა, ჩინეთსაც და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2010 წელს კიდევ ერთი გამოწვევა ელოდებათ. ახალი ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკური აღმავლობა, რომლის ნიშნებიც 2009 წლის ბოლოს გაჩნდა, შესაძლებელია შენელდეს 2010 წლის მეორე ნახევრისათვის. მსოფლიო ბანკის თანახმად, ამის მიზეზი გახდება შემცირება იმ სამთავრობო პროგრამებისა, რამაც კრიზისში ჩავარდნილი მრავალი ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება და გამოცოცხლება გამოიწვია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG