Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაგანვითარების პროგრამა ევროკავშირისგან


საქართველოს მედიაასოციაციების გაძლიერება, მედიის თავისუფლება, მენეჯმენტისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ბიზნესის განვითარება - ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია, რომელსაც ”მედიის ხელშემწყობი პროგრამა საქართველოსათვის” 18 თვის განმავლობაში განახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის სტაბილურობის ინსტრუმენტის ფარგლებში. მისი პრეზენტაცია 20 იანვარს სასტუმრო ”რედისონში” გაიმართა.

ევროკავშირი საქართველოში მედიის განვითარების ფართომასშტაბიან პროგრამას იწყებს. 18 თვეზე გაწერილი 700 000 ევროს ღირებულების პროგრამა საქართველოს მედიის კონკრეტულ და მიმდინარე საჭიროებებს პასუხობს. პროგრამის საკვანძო კომპონენტები მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს მედიაასოციაციების გაძლიერებას, მედიის თავისუფლებას, მენეჯმენტსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ბიზნესის განვითარებაში.

ეს არის პროექტი, რომელიც ამ მოკლე ვადებში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს მიზნად, - აცხადებს პროგრამის დირექტორი ელადა გამრეკლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისივე თქმით, პროგრამა მოიცავს მცირე გრანტებს, კონსულტაციებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს:

პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის ოთხი გამოცდილი პარტნიორი ორგანიზაცია იმუშავებს. ესენია გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაცია, აირექს ევროპა, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. დრუზილა მანეკერის, აირექსის უფროსი მედიამრჩევლის, განცხადებით, მათი ორგანიზაცია პროგრამაში ჩართული ჟურნალისტების პროფესიული უნარების გაძლიერებისა და მაღალხარისხიანი მასალების მომზადებისათვის იზრუნებს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა კონფლიქტურ ზონებში მუშაობის თვალსაზრისით ჟურნალისტების მომზადებას და ქართულ მედიასივრცეში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას: ”ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველოში მედიასექტორი კიდევ უფრო განვითარდეს, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მედიის განვითარება დემოკრატიისა და ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ფაქტორსაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და დაინერგოს საქართველოში ახალი მედიატექნოლოგიები. გასაგებია, რომ ეს ტექნოლოგიები საქართველოში ნელ-ნელა შემოდის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ყოველდღე ახალი და ახალი მიღწევები ჩნდება მედიატექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ ჩვენ ამ კუხით განსაკუთრებულად ვიმუშავებთ”, - აცხადებს დრუზილა მანეკერი.

უკეთესი მენეჯმენტი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ბიზნესგანვითარება - ეს იქნება პროგრამის მთავარი პარტნიორის, გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის მიზანი, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პატსი ნაკელი, პროგრამის მენეჯერი. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დღესდღეობით ქართული მედიის წინაშე დგას, ფინანსების ნაკლებობაა, აცხადებს პატსი ნაკელი. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტრენინგები ქართული მედიასაშუალებების მაღალი რანგის მენეჯერებისათვის: ”ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ვალდებულებებს გადავინაწილებთ და მათ შორის ჩვენი კუთხიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება დამოუკიდებელი მედიის ბიზნესგანვითარება და ასევე ახალი მედიატექნოლოგიების დანერგვა”, - აცხადებს პროგრამის მენეჯერი.

უმნიშვნელოვანეს კომპონენტს უწოდებს ჟურნალ ”ლიბერალის” გამომცემელი შორენა შავერდაშვილი მედიასაშუალებების ბიზნესგანვითარებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ მედიაორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობა იქნეს უზრუნველყოფილი, აუცილებელია მათი ბიზნესგანვითარება.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მედიასაშუალების ბიზნესგანვითარებას. როგორც მან პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, სწორედ ამ გზაზე გადის დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია, რომელსაც მედია საზოგადოებას აწვდის: ”მედიაასოციაციებისა და იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული მედიის თავისუფლების შექმნას, ეთიკური სტანდარტების დაცვას და მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შექმნას, იქნება ამ პროგრამის ამოსავალი წერტილი. გარდა ამისა, პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დამოუკიდებელი მედიის უკეთეს მენეჯმენტსა და ბიზნესგანვითარებას, რადგან ეკონომიკური მდგრადობა და კონკურენტუნარიანობაა ძირითადი ქვაკუთხედი, რომლითაც შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელება”, - აცხადებს პერ ეკლუნდი.

კონსორციუმის ქართველი პარტნიორები, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღნიშნულ პროგრამაში იმ უპირატესობით სარგებლობენ, რომ მათ აქვთ იმ კონკრეტული და ყოველდღიური პრობლემების გამოცდილება, რომელთაც ქართული მედია აწყდება, აცხადებენ პროგრამის ხელმძღვანელები. საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, მათი მისია კონკრეტული პრობლემატიკის შესწავლა და შემდეგ ამ პრობლემებზე მორგებული პროექტების შედგენაა:

როგორც პროგრამის ხელმძღვანელები აცხადებენ, პროექტზე იმუშავებს მედიაგანვითარების სფეროში გამოცდილი ექსპერტებისაგან შემდგარი ჯგუფი როგორც თბილისში, ასევე პარიზსა და ლიონში.
XS
SM
MD
LG