Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 26 იანვარი 2010


საკმაოდ ბევრ პუბლიკაციას შეხვდებით დღევანდელ რუსულ გაზეთებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის თაობაზე. პრესა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო ასამბლეის ახალ თავმჯდომარედ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის მევლიუტ ჩავაშოღლუს არჩევაზე. „კომერსანტის“ მიხედვით, რუსეთის დელეგაცია სესიის პირველივე დღეს ზეიმობდა ტრიუმფს, რადგან მოახერხა და ასამბლეის სათავეში თავისი კანდიდატი გაიყვანა. ეს კანდიდატურა მოსკოვში ყველაზე მაღალ დონეზე იყო მხარდაჭერილიო, - ვკითხულობთ გაზეთში.

ამ აზრის დასადასტურებლად ”გაზეტას” ჩავაშოღლუს შემდეგი სიტყვები მოჰყავს: ”რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებში იქნება, იმისათვის, რომ რუსეთის პარლამენტარები უფრო აქტიურად მუშაობდნენ ასამბლეის ყველა სტრუქტურაში ”, ეს არჩევისთანავე განაცხადა ჩავაშოღლუმო, - წერს ”გაზეტა” .

„კომერსანტში“ კი გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჩავაშოღლუს არჩევა მოსკოვის მიერ საგანგებოდ დაგეგმილი სპეცოპერაციაა. ამასთანავე, გაზეთი აღნიშავს, რომ თავად ჩავაშოღლუმ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი ერთგულება დაემტკიცებინა მოსკოვისთვის.

ამის დასტურად, „კომერსანტი“ იხსენებს მის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც საბჭოთა კავშირში 30-იანი წლების შიმშილობას ეხებოდა. ეს ანგარიში აგებული იყო ამ მოვლენებთან დაკავშირებული უკრაინული ვერსიის გასაბათილებლად, რომლის მიხედვითაც, კიევი ამ მოვლენებს უკრაინელთა წინასწარ დაგეგმილ გენოციდად განიხილავსო, - წერს გაზეთი.

„კომერსანტი“ ასევე გამოთქვამს თვალსაზრისს, რომ რუსეთის ასეთი აქტიურობა თავისებური პასუხი იყო ორი წლის წინანდელ სკანდალზე, როცა ასამბლეამ ყველაფერი გააკეთა, რომ მის თავმჯდომარედ არ გასულიყო რუსი სენატორი მიხაილ მარგელოვი.

„კომერსანტის“ კიდევ ერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ პიატიგორსკში ჩატარდა ახალი ჩრდილოკავკასიური ფედერალური ოლქის სუბიექტთა ხელმძღვანელების თათბირი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა.

„ვედომოსტი“ კი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ტაიმურაზ მამსუროვთან აქვეყნებს ინტერვიუს. კორესპონდენტის კითხვაზე, რა ვითარებაა, სტაბილურობის თვალსაზრისით, რეგიონში მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთი სამმა სახელმწიფომ აღიარა, მამსუროვი უპასუხებს: - საფრთხე მანამდე იყო, სანამ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ხელმძღვანელობის მკლავებში იყო. რა თქმა უნდა, ბოლო წლინახევრის განმავლობაში სამხრეთ ოსეთი არ აყვავებულაო, - ამბობს მამსუროვი. ეს არც მოხერხდებოდა ამდენი წლის მძიმე ცხოვრების შემდეგ, მაგრამ ახლა იქ შევიდა რუსული ბიზნესი, შევიდნენ მოსკოველები, თუმცა ისინი უცბად ვერ შეცვლიან სიტუაციას. ჩვენთვის მთავარია, რომ იქ მალე დალაგდეს ცხოვრება და ყველაფერი ისე იყოს, როგორც უნდა იყოს ნორმალურ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. იქ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე და სრული მოცულობით ამუშავდება მარქსიზმი.

„მარქსიზმი?“ - ჩაეკითხა კორესპონდენტი.

„დიახ, -ამბობს ტაიმურაზ მამსუროვი. - ახლა ხომ მთელ მსოფლიოში მიაწყდნენ მარქსს წასაკითხად, რადგან არავინ იცის ამ კრიზისს როგორ დააღწიონ თავი. შრომა გააკეთილშობილებს ადამიანს, ის შეცვლის წარმოების საშუალებებს და თვითონაც შეიცვლება. და ყველაფერი კარგად იქნება.”
XS
SM
MD
LG