Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დაფინანსების საკითხები გადაწყდა


ზია მამედოვი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომაზე
ზია მამედოვი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომაზე
თბილისში სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა, რომელზეც აზერბაიჯანის დელეგაციას ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი, ხოლო საქართველოს მხარეს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის სხდომაზე გაცხადდა, რომ აზერბაიჯანი 100 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს სარკინიგზო მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობას.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საქართველოს მონაკვეთის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომაზე გასული წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს. ჯერჯერობით მხოლოდ გრუნტის მომზადება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანი აფინანსებს საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტით, მაგრამ წინა წელს გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა კრედიტის გამოყოფა შეაფერხა.

ახლა კი თბილისში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა, რომ 2010 წელს ჩასატარებელი სამუშაოების დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილია:

”100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ამ მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეთაურმა, ჩვენმა ღრმად პატივცემულმა პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა დავალება მისცა აზერბაიჯანის ნავთობის ფონდს და ნავთობის ფონდმა გამოყო 80 მილიონი მანეთი. ეს შეადგენს 100 მილიონ აშშ დოლარს და, შესაბამისად, კომისიის ექსპერტებს, სპეციალისტებს დაევალათ მიზანმიმართულად, პროექტის შესაბამისად, აითვისონ ეს რესურსი ამ წლის მანძილზე.”

აზრბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ზია მამედოვმა იქვე დაამატა, რომ თუ 2010 წელს უფრო მეტი თანხა იქნება საჭირო, აზერბაიჯანი მის გამოყოფასაც შეძლებს. სულ პროექტის ქართული მონაკვეთის დასაფინანსებლად 200 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვაა განსაზღვრული.

ამ ეტაპზე შესრულებულია საპროექტო სამუშაოების დაახლოებით 30 პროცენტი. დანარჩენი 70 პროცენტის დასრულება მომდევნო ორ-სამ წელიწადში იგეგმება.

ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომაზე
ოფიციალური თბილისი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. მის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს:

”ეს პროექტი, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმიტომ, რომ ხორციელდება საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში. მთლიანად ამ მონაკვეთზე იქნება რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმებული და, საერთოდ, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეს არის ყველაზე მოსახერხებელი დამაკავშირებელი პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.”

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გარდა, აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირების პერსპექტივასაც ქმნის, რითაც ის კონკურენციას გაუწევს რუსეთის რკინიგზას. აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრ ზია მამედოვის განცხადებით, ჩინეთი, ყაზახეთი და აზიის სხვა ქვეყნები უკვე გამოთქვამენ ახალი მარშრუტით ტვირთების გადატანის სურვილს:

”ამ დერეფანს აქვს ეკონომიკური და რეგიონალური მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს დერეფანი ევროპას აზიასთან დააკავშირებს. ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნები და, განსაკუთრებით, ჩინეთის რესპუბლიკა ძალიან დაინტერესებულია შეუერთდეს ასეთ სარკინიგზო მაგისტრალს.”

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2012 წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი. თბილისში შეკრებილმა პროექტის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ 2013 წელს ბაქო-თბილისი-სტამბულის დამაკავშირებელ რკინიგზაზე მატარებლები აუცილებლად იმოძრავებენ.
XS
SM
MD
LG