Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდელი ექიმები ახალი სამედიცინო ცენტრების აშენების წინააღმდეგი არიან


ზუგდიდელი ექიმები
ზუგდიდელი ექიმები
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წელს ”ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის” განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული ოთხი მოქმედი სამედიცინო დაწესებულება, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1000 ამერიკულ დოლარად - კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” გადასცა.

სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მის საკუთრებაში არსებული ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან ერთ-ერთის - ყოფილი საავადმყოფო ”რესპუბლიკის” - რეკონსტრუქცია უნდა მოეხდინა და თანამედროვე აპარატურით აღეჭურვა. ”ბლოკ-ჯორჯიამ” პირობა შეასრულა და საავადმყოფო ევროპულ სტანდარტებსაც მიუახლოვა. ამჟამად ”წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში”, როგორც სამედიცინო მენეჯერი დავით ფიფია გვიხსნის, საწოლების რაოდენობა 150-ს აღემატება, რაც, მათი გათვლებით, სავსებით საკმარისია ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკისა და გალის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მისაღებად. ”მომსახურების ფასებიც ხელმისაწვდომია”, დასძენს მენეჯერი. მაგრამ იქ მომსახურე ექიმები კომპანია ”ბლოკ ჯორჯიას” დღემდე ედავებიან და არ თმობენ მის საკუთრებაში არსებულ ”რაიონული საავადმყოფოს” კორპუსებს. მაკა მალანია, რომელიც რეანიმაციული განყოფილების უფროსია, ამბობს, რომ საავადმყოფოს გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით წერილები გაუგზავნეს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ პასუხი არც ერთისგან არ მიუღიათ. გასულ წელს კი ქალაქის ცენტრში ”ბლოკ ჯორჯიას“ წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ექიმ მაკა მალანიას პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე, რომელიც რაიონულ ცენტრებში 15, 20 და 25 საწოლიანი სამედიცინო ცენტრების აშენებას გულისხმობს, ასეთი პასუხი აქვს: ”კარგია ასეთი ცენტრების აშენება, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ჩვენს დაწესებულებას გაარემონტებენ და თანამედროვე აპარატურით აღჭურავენ. რა საჭიროა ახლის მშენებლობა?”

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა მოსწონს ”წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის” მენეჯერს დავით ფიფიასაც. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებისა და პაციენტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება კარგი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, ფიფიას განცხადებით, ”ბლოკ ჯორჯიამ” უკვე დაიწყო 20 საწოლიანი სამედიცინო ცენტერების მშენებლობა სამეგრელოს ორ რაიონში - აბაშასა და ხობში, რაც სავსებით საკმარისი იქნება ადგილობრივების მისაღებად.
XS
SM
MD
LG