Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: დასავლეთს სურს დაინახოს - რამდენად შეგვიძლია არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა


”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანასთან დასავლეთის შემდგომი ურთიერთობა მაისში თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალასანიამ შეაჯამა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შედეგები. მისი განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში არ დარჩენილა დებატები და დისკუსია, სადაც საქართველოს პოზიცია არ ყოფილიყო დაცული. ალასანიას ცნობით, ევროატლანტიკურ სტურქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის თემაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოთა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ალიანსის ლიდერის განცხადებით, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკა კი, შენარჩუნდება. ”ყველა საუბრობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაშია,” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, მაისში დაგეგმილი არჩევნებისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და კონკრეტულად ამ საკითხის გამო, საქართველოში ევროპისა და აშშ-ის წარმომადგენელთა ვიზიტებია დაგეგმილი. “თუ საქართველო დემოკრატიულ ქვეყანად შედგება, ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერის გაზრდას გავუადვილებთ. ჩვენს საზოგადოებაზე ბევრია დამოკიდებული, რადგან დასავლეთი იმის დანახვას ელის, თუ რამდენად შეგვიძლია არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ საშუალებად გამოვიყენოთ,” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG