Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მგზნებარე გულებით” ვანკუვერისაკენ


12 თებერვლიდან ზამთრის უკანასკნელი ორი კვირა მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა. ზამთრის თამაშები, ე.წ. თეთრი თამაშები, ვანკუვერის ოლიმპიადაზე თბილისის დროით დილის 6 საათზე იღებს სტარტს.

საქართველოს ვანკუვერის ოლიმპიადაზე რვა სპორტსმენი წარადგენს. მათ შორის ყველაზე დიდ იმედებს ქართული დელეგაცია და მთლიანად საქართველო მოციგურავეზე, 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსან ელენე გედევანიშვილზე, ამყარებს.

თბილისის დროით დილის ექვს საათზე კანადაში - უფრო კონკრეტულად, ქალაქ ვანკუვერში, და კიდევ უფრო კონკრეტულად, BC Place-ის სტადიონზე - საზეიმოდ გაიხსნება ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშები.

”მგზნებარე გულებით” - ამ დევიზით გაიმართება 2010 წლის თეთრი ოლიმპიადა, სადაც მსოფლიოს 83 ქვეყნის 5 500 მონაწილე ერთმანეთს ზამთრის სპორტის 15 სახეობაში 13 თებერვლიდან ზამთრის უკანასკნელ დღემდე შეეჯიბრება. საქართველოს ვანკუვერის ოლიმპიადაზე რვა სპორტსმენი წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ქართველი სპორტსმენების შემადგენლობა ვანკუვერში ყველაზე წარმომადგენლობითია. 2010 წლის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზებს საციგაო სპორტის ორი ქართველი წარმომადგენელი და, ასევე, პირველად წარადგენს საქართველო ფიგურულ სრიალში სპორტულ წყვილს.

საციგაო და სამთო-სათხილამურო სპორტი და ფიგურული სრიალი - ეს ის სახეობებია, სადაც ქართველი სპორტსმენები - ელენე გედევანიშვილი, ოთარ ჯაფარიძე, ნოდარ ქუმარიტაშვილი, ლევან გურეშიძე, იასონ აბრამიშვილი, ჯაბა გელაშვილი, ნინო წიკლაური - და, მათ შორის, ამერიკელი ელისონ რიდი საკუთარ ძალებს მოსინჯავენ.

უკვე ორი დღეა ქართველი სპორტსმენები ვანკუვერში, ოლიმპიურ სოფელში, იმყოფებიან. როგორც რადიო თავისუფლებას საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლიმპიურ სოფელში ირაკლი ჯაფარიძემ განუცხადა, სპორტსმენები თავს კარგად გრძნობენ და მომავალი ასპარეზობისათვის ემზადებიან:

”საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ დაღლამ უკვე გადაიარა, სპორტსმენები კარგ ხასიათზე არიან, ოლიმპიადა ყველა სპორტსმენისათვის სანუკვარი ოცნებაა და ყველა ცდილობს თავისი საუკეთესო შედეგი ანახვოს.”

კანადაში გამგზავრებამდე კი თბილისში ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან ქართველი სპორტსმენების მომზადებასა და იმედებზე საუბრობდა:
ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

”სპორტსმენები, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში ემზადებოდნენ. სიურპრიზსს ელენე გედევანიშვილისაგან ველოდებით. ფანტასტიკური შედეგი იქნება, თუკი ის მედალს აიღებს, მაგრამ ჩვენ ჯერ ათეულზე ვფიქრობთ”, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ზამთრის ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი, მოციგურავე და ევროპის 2010 წლის ბრინჯაოსმედალოსანი ელენე გედევანიშვილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში უკვე მეორედ მონაწილეობს. ის ტურინის ზამთრის თამაშებში საუკეთესო ათეულის მეათე ადგილზე აღმოჩნდა. წელს მისგან უფრო მეტს მოელიან. როგორც ირაკლი ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ელენე გედევანიშვილი ქართველ სპორტსმენებს 19 თებერვალს შეუერთდება, მანამდე კი ის ამერიკაში განაგრძობს ვარჯიშს:

”ელენემ და მისმა მწვრთნელმა გადაწყვიტეს, რომ ამერიკაში მოემზადონ. აქ საკმაოდ მცირე დროა ვარჯიშებისათვის გაწერილი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, ალბათ, სწორიც არის”, - ამბობს ჯაფარიძე.

ელენე გედევანიშვილი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 23 თებერვალს მოკლე პროგრამით წარდგება, მანამდე კი ქართველი ათლეტებიდან პირველები სტარტზე 13 თებერვალს მოციგავეები, ნოდარ ქუმარიტაშვილი და ლევან გურეშიძე, გავლენ. ირაკლი ჯაფარიძის თქმით, როგორც მოციგავეებისათვის, ასევე სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლებისათვის სანუკვარი ოცნება საუკეთესო 30-ში, ანუ ფინალში, მოხვედრაა.

სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი გოგლა ცაგარელი იმედით უყურებს სამთო-სათხილამურო სახეობაში მოასპარეზე სამივე სპორტსმენს და ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სპორტსმენებს მოსამზადებლად სათანადო პირობები შეუქმნან, თუმცა სიტუაციას რეალისტურად უდგება და აცხადებს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები არ უნდა შევადაროთ წამყვანი ქვეყნების ნაკრებებს:

”ჩვენი შანსები ბევრად დაბალია, იმიტომ რომ ჩვენთან გაცილებით ნაკლები ადამიანი სრიალებს, ვიდრე რომელიმე წამყვან ქვეყანაში. მათ ბიუჯეტიც გაცილებით დიდი აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სპორტსმენები კარგად მომზადებულები შეხვდნენ ამა თუ იმ ტურნირს თუ ოლიმპიადას. ზაფხულში, როდესაც საქართველოში თოვლი არ არის, ჩვენ მათ ვუშვებთ ევროპაში წამყვან მყინვარებზე სავარჯიშოდ”, - აცხადებს გოგლა ცაგარელი.

გარდა სამთო-სათხილამურო სპორტში გამოცდილი იასონ აბრამიშვილისა, რომელიც ტურინის ოლიმპიადაზე საუკეთესო 30 მოთხილამურეს შორის მოხვდა, ვანკუვერის ოლიმპიადაზე საკუთარ ძალებს მოსინჯავს 16 წლის ჯაბა გელაშვილიც, რომელიც, გოგლა ცაგარელის თქმით, მიუხედავად მცირე ასაკისა, ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული მოთხილამურეა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ნაკრების მედროშეობა ვანკუვერში მყოფ სპორტსმენებს შორის ყველაზე გამოცდილს, იასონ აბრამიშვილს, ერგო. სწორედ ის გაუძღვება ქართველ მოასპარეზეებს ბი-სი ფლეის სტადიონზე. ოლიმპიურ სოფელში კი ქართული დროშა უკვე ფრიალებს, რომელიც 11 თებერვალს ლატვიისა და სან-მარინოს დროშებთან ერთად ოფიციალურად აღიმართა.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი ჯაფარიძემ განაცხადა, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა დაესწრებიან, რომლებიც მოგვიანებით ქართველ მოასპარეზეებსაც შეხვდებიან.

და კიდევ ერთი პატარა, თუმცა ოლიმპიადების ისტორიაში არცთუ ისე პატარა, დეტალი. ვანკუვერის ოლიმპიადას რამდენიმე თილისმა ეყოლება: მიგა, გამოგონილი ზღვის დათვი, ნახევრად ვეშაპი და ნახევრად ბარიბალი, თოვლისკაცი კანადის ტყეებიდან, რომელიც ჰოკეისტობაზე ოცნებობს, სუმი, ცხოველების სული და მაკმუკი... და კიდევ ერთი: თუკი ამ დღეებში, მაგალითად, გუგლის საძიებო სისტემაში მოგიწევთ შესვლა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ოლიმპიურ 5 რგოლსა და ნარინჯისფრად აალებულ ჩირაღდანს დაინახავთ. ზამთრის უკანასკნელი ორი კვირა ოლიმპიადისაა.
XS
SM
MD
LG