Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთთან საზღვრის გახსნას დადებითად აფასებს


რუსეთთან საზღვრის ყაზბეგი-ზემო ლარსის მონაკვეთის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დადებით მოვლენად აფასებს. მისი პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მონაკვეთის გახსნა იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ტერიტორიის მინიმუმ ამ ნაწილში საქართველოს საზღვარს ცნობს. მანჯგალაძის თქმით, უმჯობესია, საზღვრის თუნდაც ამ ერთ მონაკვეთზე არსებობდეს ლეგალური ურთიერთობა, კონტროლირებული და აღიარებული სახელმწიფო საზღვარი და ტვირთი საქართველოს კანონმდებლობით აღირიცხებოდეს. ”ამით რუსული მხარე, თუნდაც არაპირდაპირ აღიარებს, რომ 2005 წლიდან დაწყებულმა, სრული ემბარგოს პოლიტიკამ ვერ გაამართლა”, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ვლადიკავკაზს, ანუ პრაქტიკულად, რუსეთს სტეფანწმინდაზე, კობსა და გუდაურზე პრეტენზია აქვს, მანჯგალაძის თქმით, კრემლს ანალოგიური პრეტენზია აქვს მთელი საქართველოს და მისი დედაქალაქის მიმართ. მსგავს განცხადებებს პრეზიდენტი, როგორც დღეს მისმა პრესსპიკერმა განმარტა, მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ბრძოლად, რომელიც პირველ ყოვლისა, მოსახლეობაზე, ინვესტორებსა და ქვეყნის განვითარებაზე მოქმედებს.
XS
SM
MD
LG