Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საბერძნეთის შველას ცდილობს


ბერძნული ევროს მონეტები
ბერძნული ევროს მონეტები
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები, გერმანია და საფრანგეთი, კულუარებში ცდილობენ შეიმუშაონ გეგმა, რომელიც საბერძნეთს დაეხმარება ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს. კონსულტაციების ტემპმა ათენსა და ამ გეგმის ინიციატორებს შორის ბოლო დღეებში იმატა, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ მალე სათანადო გადაწყვეტილებაც გაფორმდება.

საბერძნეთს, რომლის ვალი 400 მილიარდ დოლარს აღწევს, ევროპელი პარტნიორების იმედი აქვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გეორგ პაპანდრეუ 5 მარტს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება, რომელიც დღემდე წინააღმდეგია იმისა, რომ დაეხმაროს საბერძნეთს. 28 თებერვალს გერმანიის ტელეარხ „ა-ერ-დე“-სთან ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, საბერძნეთის კრიზისმა არნახული დარტყმა მიაყენა ევროს და პრობლემის ფესვებს თავად საბერძნეთმა უნდა მიაგნოსო:

„პრობლემის ფესვებია საბერძნეთის დეფიციტი და ნდობის დაკარგვა. ამიტომ მე ძალიან მადლიერი ვარ საბერძნეთის მთავრობისა, რომელიც თავდადებულად ცდილობს გამოძებნოს გამოსავალი გზები და გააუმჯობესოს დეფიციტის მხრივ შექმნილი ვითარება.“

ამ სიტყვებმა ბერძნები კიდევ უფრო დააიმედა, რომ ბერლინის შეხვედრის შემდეგ დახმარების საკითხი გაირკვევა. ნიშანი, შესაძლოა, იყო დოიჩე ბანკის ხელმძღვანელის იოზეფ ასკერმანისა და ევროკავშირის ფულად-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის ოლი რენის ვიზიტი ათენში, რომლის დროსაც საუბარი იყო იმაზე, რომ საბერძნეთმა უნდა შეიმუშაოს ხარჯების მაქსიმალურად შემცირების პროგრამა.

„ ევროპის კომისია - და მე გარწმუნებთ, რომ შემიძლია ვილაპარაკო მთელი ევროკავშირის სახელით - განაგრძობს, თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, საბერძნეთის ხელისუფლებისა და ბერძენი ხალხს დახმარებას, რათა საბერძნეთის ეკონომიკამ დაიბრუნოს პოზიცია და გავიდეს ისეთ ცხოველმყოფელ გზაზე, რომელიც მთელ ბერძენ ხალხს სიკეთეს მოუტანს.“

საბერძნეთის ეკონომიკის დახმარების ერთ-ერთ რეალურ ნაბიჯად განიხილება საბერძნეთის მთავრობის ობლიგაციის შესყიდვა გერმანიის, საფრანგეთისა და დოიჩე ბანკის მიერ. ამ ობლიგაციების უკან შესაძლოა იდგეს ევროკავშირის ხსენებული ქვეყნების მტკიცე - მათ შორის სხვადასხვა აქტივებით გამყარებული - გარანტიები, რათა სესხის შემძენმა მხარეებმა არ იზარალონ. სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საბერძნეთის ხაზინაში შესაძლოა უკვე აპრილის თვეში მილიარდობით დოლარი შევიდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG