Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო ლარსის გახსნა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხები


სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე
ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის ამოქმედების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი 40-მა ადამიანმა გადაკვეთა. აქედან გამსვლელი ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე შემომსვლელი. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყაზბეგის რაიონი დამატებითი სამხედრო ძალით უნდა გაამაგროს, რადგან ზემო ლარსის ამოქმედებით რუსეთს ხელ-ფეხი ეხსნება ყაზბეგსა და თრუსოს ხეობაში სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის.

პირქუში სცენარი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ზემო ლარსი-ყაზბეგის მიმართულებიდან ემუქრება, ძირითადად, ორგანზომილებიანია. პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს იმ ადამიანების მანიპულაციით, რომლებიც, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ყაზბეგის რაიონში დაბრუნდებიან. საქართველოს პარლამენტის წევრის, ქრისტიან-დემოკრატ ნიკა ლალიაშვილის თქმით, ლაპარაკია თრუსოს ხეობაში მცხოვრებ ოსებზე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია რამდენიმე წლის წინ დატოვეს, მაგრამ აქვთ ქართული პასპორტები და სურვილი დაიბრუნონ ქონება მამაპაპეულ ადგილებში.:

„ეს ითვალისწინებს იმას, რომ დაიწყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან მცირე კონფლიქტები ყოფით ნიადაგზე და არავითარ შემთხვევაში - ეთნიკურ ნიადაგზე. ეს შეიძლება იყოს საქონელი, ეს შეიძლება იყოს სახნავ-სათესი მიწები, რის შემდეგაც ამას მოჰყვება რეაგირება ჩრდილო-ოსეთის მხრიდან და, საბოლოო ჯამში, მოხდება კონფლიქტის ესკალაცია და გადაიზრდება ეს სამხედრო აგრესიაში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ყაზბეგის რაიონის ანექსიას.“

მაგრამ ამ პროგნოზს სჭირდება ორი მყარი არგუმენტი, რის გარეშეც აღნიშნული მოსაზრება შეუძლებელია იყოს ანგარიშგასაწევი. პირველი მდგომარეობს იმაში, არსებობს თუ არა მსგავსი განწყობები ჩრდილოეთ ოსეთში, მეტწილად - ბესლანსა და ვლადიკავკაზში მცხოვრებ ე.წ. ყაზბეგელ ან თრუსოსხეობელ ოსებში. და მეორე, როგორ მოახერხებენ ისინი უკან, საქართველოში, დაბრუნებას, როდესაც ზემო ლარსი-ყაზბეგის მონაკვეთი, როგორც გამოცხადებული იყო, გაიხსნა მხოლოდ სომხეთისათვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთებისთვის. ბოლოდან დავიწყოთ, მით უფრო, რომ, როგორც პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი ამბობს, ეს არის დეზინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა:

„აღმოჩნდა, რომ ის, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასული წლის ნოემბერში, აღმოჩნდა, რომ ეს არის სრული ტყუილი, რადგან, სატრანზიტო გადაზიდვებთან ერთად, საზღვარი გახსნილი იქნება სამოქალაქო პირთა, ანუ ადამიანების გადაადგილებისათვის.“

ლალიაშვილის თქმით, მოსალოდნელმა დესტაბილიზაციამ ძალიან შეაშფოთა ყაზბეგის რაიონის მცირერიცხოვანი მოსახლეობა, რომელიც რთულ კლიმატურ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. ნიკა ლალიაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რეალური საფრთხე და, პრევენციის მიზნით, გააძლიეროს სასაზღვრო რაზმი ან ყაზბეგის რაიონსა და თრუსოს ხეობაში განალაგოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი:

„უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების მექანიზმები, გნებავთ, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების იქ ყოფნა, თუ, ვერ გეტყვით, რაიმე რეგულარული ნაწილი ჩადგება [ყაზბეგის რაიონში], მაგრამ ფაქტია, რომ იქ ის 146 მესაზღვრე არ ყოფნის და საჭიროა, რომ იქ ჩადგეს და მოხდეს მოდერნიზება იქ არსებული უსაფრთხოების სტრუქტურების.“

თუმცა საქართველოს ხელისუფლება გაზვიადებულს უწოდებს ოპონენტების მტკიცებას, თითქოს სასაზღვრო მონაკვეთის გახსნით ყაზბეგის რაიონს რაიმე სახის აგრესია ემუქრებოდეს. შოთა უტიაშვილმა, შინაგან საქმეთა-სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასაზღვრო პოლიცია კარგად არის ორგანიზებული და, შესაბამისად, ხელისუფლებას არ სჭირდება დამატებითი ძალების გადასროლა ხეობაში:

„მე ვფიქრობ, რომ ეს საშიშროება არის თითიდან გამოწოვილი. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, ლარსის გახსნამ როგორ უნდა გამოიწვიოს ყაზბეგის რაიონის დაკარგვა. და მე ვერც მოვისმინე არგუმენტები პარლამენტში გამომსვლელთა მხრიდან, თუ რა პირდაპირი კავშირი უნდა იყოს საზღვრის გახსნასა და ხეობის დაკარგვას შორის. რა თქმა უნდა, საქართველოს რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე რეალურია და დიდხანს იარსებებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარსის გახსნით ეს საფრთხე არც მცირდება და არც იზრდება.“

შოთა უტიაშვილის თქმით, სასაზღვრო კომენდატურას ზემო ლარსში, რომელიც მთლიანად ამერიკელებმა აღჭურვეს, ყველა შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ არ დაუშვას საეჭვო ელემენტების შესვლა. რაც შეეხება სტატისტიკას, 6 მარტის მონაცემებით, ანუ 5 დღის განმავლობაში, რაც ქართულმა მხარემ გახსნა საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთთან, შოთა უტიაშვილის თქმით, რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია:

„ამ ხნის განმავლობაში საზღვარი გადაკვეთა 28 ადამიანმა. ოცდაოთხი გავიდა, ოთხი შემოვიდა. მათ შორის იყო 16 სომხეთის და 12 რუსეთის მოქალაქე. ხუთი ადამიანი უკან გავაბრუნეთ, იმიტომ რომ ვიზა არ ჰქონდათ. სამ ადამიანს არ მივეცით გასვლის უფლება, რადგან ფეხით მოძრაობდნენ და ფეხით გადასვლა, რუსეთის მხარის მოთხოვნით, იქით აკრძალულია. არავითარ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.“

მაგრამ ოპონენტები, რომლებმაც გასულ კვირაში საგანგებო საკომიტეტო მოსმენა ჩაატარეს პარლამენტში, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავს იმშვიდებს და პრობლემას აუბრალოებს. მათ შორის არის ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ექსპერტის თქმით, გზა უნდა გახსნილიყო და მოძრაობა საზღვრის გავლით აღდგენილიყო, ოღონდ ხელისუფლებას უნდა დაეწყო ეკონომიკური პროექტების განხორციელება სოციალურო ფონის გასაუმჯობესებლად და დაერწმუნებინა ყაზბეგის მოსახლეობა, თუნდაც იქ დამატებითი კონტინგენტის გაგზავნით, რომ მათ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება კავკასიის ქედის იქითა მხრიდან.:

„მე სამხედრო საქმეში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი და არ ვიცი ბატალიონი უნდა იყოს იქ თუ ბრიგადა. მაგრამ ყაზბეგში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ხალხი ნერვიულობს და მათ სჭირდებათ როგორც სოციალ-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერა.“

ყაზბეგის რაიონში ამჟამად 1500 მოსახლე ცხოვრობს. მძიმე კლიმატური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის კლების ტენდენცია გრძელდება. რაც შეეხება საზღვარს რუსეთთან, ლარსზე სერიოზულ სასაზღვრო ინციდენტს ადგილი ჰქონდა 90-იანი წლების ბოლოს. მაშინ რუსმა მესაზღვრეებმა ძალის გამოყენებით 850 მეტრით დაახევინეს უკან ქართველ მესაზღვრეებს. იგივე განმეორდა თუშეთში - დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან და სულ ბოლოს, 2009 წლის გაზაფხულზე, მამისონის უღელტეხილთან. თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილს კვლავ ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG