Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტეფან ფიულე: "რუსეთს როცა ველაპარაკებით, თავს უფრო თანასწორად ვგრძნობთ"


სტეფან ფიულე, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომისარი
სტეფან ფიულე, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომისარი
ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი კომისარი, სტეფან ფიულე, ამბობს, რომ ევროპას სურს, თავის მეზობლებთან ურთიერთობა პრაგმატულ საფუძვლებზე დააფუძნოს. ასევე პრაგმატული დამოკიდებულების გამოვლენას ურჩევს ფიულე ევროკავშირის მეზობლებს რუსეთთან ურთიერთობაში, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ქვეყნებმა თავიანთი მომავალი თვითონვე უნდა განსაზღვრონ. სტეფან ფიულეს ინტერვიუ ბრიუსელში ჩამოართვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა.

რადიო თავისუფლება: თქვენი თანამდებობა ევროკავშირში ლისაბონის ხელშეკრულებით შექმნილი სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს, ისევე როგორც საერთაშორისო საკითხებში უმაღლესი კომისრის, კეტრინ ეშტონის, პოსტი. ძველი სისტემის პირობებში, როცა ევროკავშირს ექვსი თვის ვადით ახალ-ახალი თავმჯდომარეები ჰყავდა, აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ზოგიერთი თავმჯდომარე ქვეყანა - შვეცია, მაგალითად - დიდ ინტერესს იჩენდა ხოლმე; სხვები - პორტუგალია ან ირლანდია - ნაკლებს. ახლანდელ ვითარებაზე რას გვეტყვით - იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის საკითხი კეტრინ ეშტონისთვის რაიმე განსაკუთრებულ პრიორიტეტს არ წარმოადგენს?

სტეფან ფიულე: „არა, საქმე გულგრილობასთან ნამდვილად არ გვაქვს. საინტერესოა, რომ ამას ამბობთ, იმიტომ რომ თუკი ეშტონს მოუსმენთ, ნახავთ, რომ ის ძალიან მკაფიოდ აყალიბებს სამ პრიორიტეტს. პირველია საგარეო [დიპლომატიური] სამსახურის შექმნა; მეორე - სამეზობლო, მთლიანად. როგორც კეტი იტყვის ხოლმე, ჩვენ გლობალურ ასპარეზზე თავს ვერ დავიმკვიდრებთ, - ჩვენს როლს ვერ გავაძლიერებთ, - თუკი ჩვენი საგარეო პოლიტიკა ჩვენივე სამეზობლოში ვერ მოიტანს შედეგს. მესამე პრიორიტეტი კი სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაა. მე მას კომისიის მხრიდან ვეხმარები, რომ კონცენტრაცია მხოლოდ სამეზობლოს აღმოსავლეთ განზომილებაზე არ იყოს და ის სამხრეთზეც გავრცელდეს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ორივე განზომილება მნიშვნელოვანია. თქვენ აბსოლუტურად სწორად შენიშნავთ, რომ ზოგიერთი მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა სამეზობლოს აღმოსავლეთის განზომილებით უფრო იყო დაინტერესებული - სხვები კი სამხრეთის. ახლა კი შესაძლებლობა გვაქვს მეზობლების მიმართ უფრო შუალედური და სისტემატური პოლიტიკა გავატაროთ.“

რადიო თავისუფლება: აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთსა და უკრაინასთან - მიმართებით ევროკავშირის ორი მთავარი მიზანია თავისუფალი ვაჭრობის დაწყება და სამომავლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება. შეგიძლიათ გვითხრათ, როდის წარმოგიდგენიათ ამ მიზნების განხორციელება?

სტეფან ფიულემ შეგვახსენა, რომ ამ ორ პრიორიტეტთან ერთად მესამეც არსებობს - ასოცირების ხელშეკრულებების გაფორმება, ვინაიდან საქმე ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური კავშირების გაღრმავებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხება. თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ სტეფან ფიულემ გვითხრა:

სტეფან ფიულე: „იმედი გვაქვს, რომ უკრაინის შემთხვევაში, რომელთანაც უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ღრმა და მასშტაბური ხელშეკრულების შესახებ, ეს დოკუმენტი ერთი წლის განმავლობაში გაფორმდება. მოლდაველ პარტნიორებს ახლახან გავუგზავნეთ თითქმის 250 შეკითხვა და მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს მომავალში ვაპირებთ. კავკასიაში ვითარება ცოტა სხვაგვარია - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა აუცილებელია, რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანა კი იქ ჯერ არ გაწევრიანებულა. იმედი გვაქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან ამ პროცესს, ადრე თუ გვიან, დავიწყებთ.“

მეზობელ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა სტეფან ფიულემ ორი საკითხი გამოყო. მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანასთან - მაგალითად, საქართველოსთან - ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მიდის საუბარი; სხვებთან - მაგალითად, უკრაინასთან - სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივებიც გამოიკვეთა;

სტეფან ფიულე: „ვიზების თემასთან დაკავშირებით დღის წესრიგში ორი საკითხი დგას. პირველია გამარტივებული რეჟიმის ამოქმედება. არის ქვეყნები, - საქართველო ამის კარგი მაგალითია, - რომლებთანაც უკვე დავასრულეთ ტექნიკური სახის მოლაპარაკება. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში შევძლებთ საბჭოსა და ევროპის პარლამენტში დასამტკიცებლად გავგზავნოთ როგორც რეადმისია, ისე გამარტივებული რეჟიმის შესახებ შეთანხმებები. მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასთან და ახლა უკვე მოლდავეთთანაც ვიწყებთ ამ საკითხზე საუბარს. უკრაინის ახალ პრეზიდენტს პირველად ველაპარაკებით საგზაო რუქის მიდგომაზე და, ვინ იცის, ეს შეიძლება სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ასე იყოს. ამ სფეროში მუშაობისას ვითვალისწინებთ ჩვენს გამოცდილებას დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც უკვე 3 ქვეყანა სარგებლობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით.“

ინტერვიუს ბოლოს ჩვენმა კორესპონდენტმა სტეფან ფიულეს რუსეთის შესახებ დაუსვა შეკითხვა. გაახსენა, რომ მას იანვარში ევროპის პარლამენტის სხდომაზე უთქვამს, აღმოსავლელმა მეზობლებმა როგორც ევროკავშირთან, ისე რუსეთთან, კარგი ურთიერთობა უნდა დაამყარონო. იმ პირობებში, როცა, თავად ევროკავშირის აღიარებით, რუსეთში ბოლო 8 წლის განმავლობაში რეფორმები შეჩერებულია; როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა; როცა მას ცუდი ურთიერთობა აქვს ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებთან, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ აღმოსავლელ მეზობლებს რუსეთთან კავშირის გაუმჯობესება მოსთხოვოთ? - ვკითხეთ ფიულეს.

სტეფან ფიულე: „რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ იმას არ ეფუძნება, თუ როგორ აღიქვამენ რუსები, მაგალითად, ადამიანის უფლებებს. ეს მრავალსახოვანი ურთიერთობაა, რომელშიც ენერგეტიკა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ საკითხში გარკვეული პირადი გამოცდილებაც მაქვს - თავის დროზე, როცა ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოში - და შემდეგ ევროკავშირში - შედიოდა, ზოგიერთები ჩვენც გვეუბნებოდნენ, „მოსკოვსა და ბრიუსელს შორის არჩევანი გააკეთეთო.“ ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ არ გვსურდა ასეთი არჩევანის ძალდატანებით გაკეთება. ჩვენ ვამბობდით, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით, ერთგვარად, რუსეთთან კავშირებსაც ვაძლიერებდით. და ჩემი აზრით, ეს ასეც მოხდა. ჩეხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უწინდელივით ემოციურად დამუხტული აღარ არის. რუსეთს როცა ველაპარაკებით, თავს უფრო თანასწორად ვგრძნობთ. ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა, იმიტომ რომ ის ახლა უფრო პრაგმატულ საფუძვლებს ემყარება. და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებთან მიმართებითაც სწორედ ამის მიღწევა გვსურს.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG