Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასა და ნეტანიაჰუს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ (მარცხნივ) და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ (მარცხნივ) და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის სამშაბათს გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. პარალელურად, ისრაელმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებითი საცხოვრებელი ერთეულების აგებას გეგმავს.

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში გაჩენილი დაძაბულობის მიუხედავად, ოთხშაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში დამატებითი საცხოვრებელი ერთეულების აგებას აპირებს. კერძოდ, იერუსალიმის მუნიციპალიტეტმა ებრაელებს აღმოსავლეთ იერუსალიმში კიდევ 20 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენების უფლება მისცა. ქალაქის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, იგეგმება ახალი უბნის განვითარება ადგილებში, საიდანაც გასულ წელს პალესტინელები გაასახლეს.

ეს ნაბიჯი აუცილებლად გააღიზიანებს პალესტინელებს და იმედს გაუცრუებს დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს დასახლებათა მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. მით უფრო, რომ ეს განცხადება დაემთხვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეერთებულ შტატებში ვიზიტს, რომელიც მიზნად ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაჩენილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს.

შეერთებული შტატები ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობის წარმოებას სამშვიდობო პროცესისთვის წინაღობად აღიქვამს. პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს იმ სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ, რომლის დაარსებაც მომავალში სურთ დასავლეთის სანაპიროზე. ისრაელი კი აცხადებს, რომ ქალაქის გაყოფა გამორიცხულია და თვლის, რომ იქ მას ყველგან აქვს მშენებლობის წარმოების უფლება. აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსირება ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად მოახდინა, როგორც თავისი დედაქალაქის ნაწილის. ამ განაცხადს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.

აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხის ირგვლივ უთანხმოებამ თვის დასაწყისში კრიზისი გამოიწვია - ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს ისრაელმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში კიდევ 1,600 საცხოვრებელი ერთეულის აგებას გეგმავს.

ნეტანიაჰუმ ამ განცხადების ბაიდენის ვიზიტის დროს გავრცელებას ცუდი დამთხვევა უწოდა, თუმცა ისრაელი უარს ამბობს დამორჩილდეს მოწოდებებს პროექტის გაუქმების თაობაზე. ვაშინგტონში, ვიზიტის ფარგლებში, ორშაბათს, გავლენიანი ამერიკელი ებრაელებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, ნეტანიაჰუმ თქვა, „იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქიაო“, და დასძინა, რომ იქ მშენებლობა იმ ფორმით გაგრძელდება, როგორსაც ისრაელი მიიჩნევს საჭიროდ.

დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, სამშაბათს ნეტანიაჰუმ ბარაკ ობამასთან ორი შეხვედრა გამართა. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ლიდერებს შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ. შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ნეტანიაჰუს წარმომადგენელმა, ნირ ჩეფეცმა, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „პრეზიდენტი ობამა და პრემიერ-მინისტრი დახურულ კარს მიღმა საათ-ნახევრის განმავლობაში მსჯელობდნენ და შეხვედრა კარგ ატმოსფეროში წარიმართა.“

ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას ისახავდა მიზნად. ეს პროცესი უკვე 15 თვეა შეწყვეტილია - მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ექსტრემისტებზე მიიტანა იერიში. თუმცა, როგორც ჩანს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დიდი ალბათობით, ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს იერუსალიმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადება კიდევ 20 საცხოვრებელი ერთეულის თაობაზე.

ახალ პროექტს ამერიკელი ებრაელი მილიონერი ირვინგ მოსკოვიცი აფინანსებს, რომელიც ისრაელში ებრაელ ახალმოსახლეთა ჯგუფებს უკვე დიდი ხანია ეხმარება. პროექტით გათვალისწინებულია ძველი სასტუმროს დანგრევა და მის ნაცვლად 20 ბინის აგება, მანქანების სამსართულიან სადგომთან ერთად.

პროექტის დამტკიცების შესახებ ინფორმაციამ ისრაელის ვებ-გვერდებზე სამშაბათს გაჟონა - ნეტანიაჰუსა და ობამას შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. უშუალოდ შეხვედრის დროს წამოიჭრა თუ არა ეს საკითხი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობაში ამ პროცესების გამოკვეთას დაემთხვა ისრაელისთვის ბრიტანეთის მხრიდან ერთგვარი სილის გაწვნა. ლონდონმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ისრაელელ დიპლომატს ბრიტანეთის პასპორტების გაყალბების საქმის გამო. ეს პასპორტები დუბაიში ჰამასის ლიდერის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა გამოიყენეს.

ისრაელმა სინანული გამოხატა ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი ორი ქვეყნის უერთიერთობას სერიოზულად არ დააზიანებს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ჯგუფმა კი ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის პასპორტები გამოიყენა და, სავარაუდოდ, ახლა ეს ქვეყნებიც გააანალიზებენ ბრიტანეთის მიერ მოპოვებულ მასალას, რომელშიც ბრალი ისრაელს ედება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG