Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო, რუსეთი, WTO - სასიყვარულო სამკუთხედი


გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს. ოპოზიციონერი დეპუტატის ამ ბრალდებას მთავრობამ თითქმის ერთი კვირის დაგვიანებით უპასუხა. საიტერესოა, შეიცვალა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ პოზიცია.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაადგა, საქართველო ერთადერთ გადაულახავ წინააღმდეგობად რჩება. ორგანიზაციაში რუსეთის მიღების სანაცვლოდ საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე საბაჟო პუნქტების ლეგალიზაციას მოითხოვს. ისედაც რთული მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, თუმცა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ეჭვობს, რომ თბილისი მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ისმის ხმები იმის თაობაზე, რომ რუსეთი შეიძლება გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ჩვენ ასეთი შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ლიდერებისაგან ბოლო ხანს გამართული მოლაპარაკებების ფონზე. თუკი მსგავსი რამ მართლაც მზადდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. ამდენად, საინტერესოა საქართველოს მხრიდან ინფორმაციის მოსმენა, მართლაც ადგილი აქვს თუ არა რაიმე ტიპის ფარულ მოლაპარაკებებს საქართველოს თანხმობის მისაღებად.“

ეს განცხადება გიორგი თარგამაძემ ერთი კვირის წინ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. მთავრობა კი, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სახით, მას მხოლოდ 29 მარტს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა:
“ზოგიერთი პარლამენტარის მოსაზრება, რომ ჩვენ თითქოს ფარულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ვამოში გაწევრიანებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი მოლაპარაკებები კატეგორიულად გამორიცხულია.”

გრიგოლ ვაშაძემ ასევე განმარტა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით არ ეწინააღმდეგება. ვაშაძის თქმით, რუსეთი ვერ აკმაყოფილებს ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს. მინისტრის ამ მოსაზრებას ეკონომიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი იზიარებს, თუმცა გია ხუხაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს მაინც პოლიტიკა თამაშობს.

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფასი არ შეიძლება იყოს ისეთი მაღალი, რომ ეს საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს გამთლიანებას. არასერიოზულია და არაადეკვატური ფასია და, ბუნებრივია, რუსეთი მას არ დათანხმდება. ყველა საკითხს პოლიტიკაში აქვს თავისი შესაბამისი ფასი. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ეს საკითხი გაიცვალოს რუსეთის ბაზრის გახსნაზე, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ნორმალური, ჯანსაღი მოლაპარაკება“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს რესურსი საკუთარ წიაღში და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს, რათა თანხმობის სანაცვლოდ გარკვეული ეკონომიკური სახის სარგებელი მიიღოს. „საბოლოო ჯამში, პარტნიორი ქვეყნები მაინც აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში დათმობაზე წასვლას“, ამბობს ექსპერტი.

საქართველოს მართლაც გაუჭირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წინააღმდეგ წასვლა, თუმცა არც იმის გარანტია არსებობს, რომ რუსეთი რეალურად შეცვლის საქართველოსადმი დამოკიდებულებას და გახსნის საკუთარ ბაზარს საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის. ეკონომიკის ექსპერტის პაატა შეშელიძის თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს ზემოქმედების ისეთი მექანიზმი, რომელიც რუსეთს საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეაცვლევინებდა, ანუ რუსეთს არაფერი შეუშლის ხელს, ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ კვლავ დახუროს საკუთარი ბაზარი:

„იტყვიან, დისკრიმინაციას კი არ ვუწევ, არამედ უხარისხო პროდუქცია არ შემოგვაქვს, თორემ ქართულს რას ვერჩიო. თუ ერთხელ შევიდა რუსეთი ამ ორგანიზაციაში, იქიდან არავინ გამოაგდებს.“

თუმცა რუსეთი ჯერ არ გამხდარა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, არც საქართველოს შეუცვლია პოზიცია რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ისტორიას, რომელიც თექვსმეტი წლის წინ დაიწყო, მარტივი და უმტკივნეულო დასასრული ვერ ექნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG