Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზარელი ტერაქტი მოსკოვის მეტროში და კრემლის რეაქცია


29 მარტს მოსკოვის ორ მეტროსადგურში მომხდარი კოორდინირებული აფეთქებების შედეგად, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველგვარი „ყოყმანის გარეშე, ბოლომდე გაგრძელდება.“ მოსკოვის მეტროსადგურებში ტერაქტი, წინასწარი ვერსიებით, ორმა თვითმკვლელმა ქალმა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ 29 მარტის ტერაქტი თავისი მასშტაბით აღემატება თავდასხმას, რომელიც მოსკოვის მეტროში 2004 წელს მოხდა.

29 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად, 38 მგზავრი დაიღუპა და 64 დაიჭრა. აფეთქება მოსკოვის მეტროპოლიტენში ერთი საათის ინტერვალით მოხდა. თავდაპირველად მატარებლების ვაგონი აფეთქდა სადგურ „ლუბიანკაზე“, შემდეგ კი - „კულტურის პარკთან“. მოსკოვის მეტროპოლიტენში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, მგზავრები პანიკამ მოიცვა.

„აფეთქების დროს მე ვიმყოფებოდი „კუზნეცკის ხიდიდან“ „ლუბიანკის“ გადასასვლელზე - უშუალოდ ვიმყოფებოდი გადასასვლელის ესკალატორზე - და გავიგე აფეთქების ხმა. გადასასვლელის ახლოს ამოვარდა მტვრის ღრუბელი და დაეშვა ესკალატორზე. ხალხი არბოდა ესკალატორზე, ეცემოდა, ერთმანეთს აწვებოდა, იყო ჭყლეტა. როცა ზემოთ ამოვაღწიე, ლუბიანკის მოედანზე, დავინახე დიდძალი ტექნიკა, მეხანძრეები, მილიცია, მაშველები, რომლებიც მეტროში საკაცეებით ჩარბოდნენ.“
აფეთქებები მოსკოვის მეტროში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

აფეთქებები რუსეთის მეტროპოლიტენში დილის პიკის საათში მოხდა. გამოძიების ვერსიით, ორივე ტერაქტი მოაწყვეს თვითმკვლელმა ქალებმა, რომელთა სხეულის ნარჩენები ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების ძალა 1.5- დან 4 კილოგრამ ტროტილს უდრიდა, ხოლო აფეთქების უკან უნდა იდგნენ მეამბოხეები ჩრდილოეთ კავკასიიდან, - განაცხადა საგანგებო თათბირზე კრემლში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა:

„ჩვენი წინასწარი ვერსიის თანახმად, ეს ტერორისტული აქტები განახორციელეს ტერორისტულმა ჯგუფებმა, რომლებსაც კავშირი აქვთ ჩრდილო კავკასიის რეგიონთან. და ამას ჩავთვლით ძირითად ვერსიად.“

კრემლი რომ ტერაქტების შემდეგ თითს ჩრდილოეთ კავკასიისაკენ გაიშვერდა, სავსებით მოსალოდნელი იყო რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზას“, რედაქტორ ანდრეი ბაბიცკისათვის. როგორც ბაბიცკიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა დოკ უმაროვმა ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს გამოაცხადა აღდგენილად თვითმკვლელთა მოძრაობა „რიიადუს სალიჰიმი“, რომელიც თავის დროზე შამილ ბასაევმა დააარსა:

„უკვე გაზაფხულზე [გასული წლის] მან იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ სტრატეგია შეიცვალა. ადგილი ჰქონდა 20-ზე მეტ აფეთქებას. ამასთან, თავს იფეთქებდნენ შახიდები, ცოცხალი ბომბები. კერძოდ, ააფეთქეს ნაზრანის მილიციის რაიონული განყოფილება, რასაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. შემდეგ იყო მცდელობა ინგუშეთის პრეზიდენტის მკვლელობისა. დაბოლოს, 2009 წლის შემოდგომაზე აფეთქდა ნევის ექსპრესი.“

ბაბიცკი ამბობს, რომ მეამბოხეები, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაააქტიურებენ ტერორისტულ თავდასხმებს, რაც დასუსტებული წინააღმდეგობის მოძრაობის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალებაა - ებრძოლონ რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც მარტის თვეში ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეების ორი წამყვანი ლიდერი მოკლა:

„ მე ვფიქრობ, რომ ეს აფეთქებები არ არის ბოლო ტერაქტები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტერაქტების კატალიზატორის როლი ითამაშა ორმა სიკვდილმა, რაც 3 და 23 მარტს მოხდა - მკვლელობამ ანზორ ასტემიროვისა და საიდ ბურიატსკისა, რომელიც დოკ უმაროვის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი იყო. ამ ფიგურების ლიკვიდაცია საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო იატაკქვეშეთისათვის.“

რუსეთის მეტროში 29 მარტს მომხდარი აფეთქებების შემდეგ დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა მეამბოხეებმა იკისრეს. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უყოყმანოდ და ბოლომდე გაგრძელდება. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი კი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ სამართალდამცველები იპოვიან და დასჯიან დამნაშავეებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოძიება ეძებს ტერორისტების სამ თანამზრახველს - ორ ქალს და ერთ მამაკაცს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG