Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პარლამენტარები სრებრენიცის თაობაზე ბოდიშის მოხდის პერსპექტივას განიხილავენ


სერბიის პარლამენტმა დაიწყო განხილვა რეზოლუციისა, რომელიც 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო ბოდიშის მოხდას ითვალისწინებს. მაშინ ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა და სერბიული შეიარაღებული ჯგუფების წევრებმა დაახლოებით 8,000 ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. სერბიის საზოგადოების დიდ ნაწილს მკვლელობებისთვის თვალის გასწორება კვლავაც არ სურს - ამის გამო ბევრს მიაჩნია, რომ პარლამენტში დაწყებული განხილვა, შერიგების პროცესის ხელშეწყობის ნაცვლად, ბალკანეთში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

სამშაბათს სერბია თავისი უახლოესი წარსულის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდს დაუბრუნდა - ბელგრადში პარლამენტმა დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, უნდა მოიხადოს თუ არა ქვეყანამ ბოდიში სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის გამო.

1995 წლის ივლისში გაეროს მიერ დაცულ ანკლავში ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა და სერბიული შეიარაღებული ჯგუფების წევრებმა დაახლოებით 8,000 ბოსნიელი მუსულმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ყველაზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო.

ახლა, როცა სერბია ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, შემუშავების პროცესშია რეზოლუცია, რომელიც ბელგრადის მხრიდან 1990-იანი წლების ბალკანეთის ომებში სერბების სახელით ჩადენილი შემზარავი აქტების აღიარებას ითვალისწინებს.

ფორმულირების ირგვლივ ორთვიანი დისკუსიის შემდეგ, როგორც ჩანს, მოხერხდა შეთანხმების მიღწევა რეზოლუციის პროექტზე, რომელსაც პარლამენტართა უმრავლესობა უჭერს მხარს.

მმართველი დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ლიდერმა ნადა კოლუნჯიამ სამშაბათის დებატებზე დეპუტატებს უთხრა, ბელგრადმა მსოფლიოს უნდა უჩვენოს, რომ ემიჯნება 1990-იან წლებში ჩადენილ დანაშაულებსო:
„დღეს უნდა განვაცხადოთ, რომ სერბია არ დგას იმ პირების უკან, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, რომ სერბია მსხვერპლთ ერთმანეთისგან არ ასხვავებს, რომ ის ყველას ერთნაირად უწევს ანგარიშს და ის, უწინარესად, სხვების მსხვერპლის მიმართ გამოხატავს ღრმა თანაგრძნობას“, - განაცხადა კოლუნჯიამ.

მაგრამ სერბი ხალხის ნაწილი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ფაქტს კვლავაც უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ და ევროკავშირმა მკვლელობებს „გენოციდის“კვალიფიკაცია მისცეს.

რეზოლუცია, რომელსაც სერბიის პარლამენტი განიხილავს, სრებრენიცის მსხვერპლთ თანაგრძნობას უცხადებს და ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ხოცვა-ჟლეტის აღსაკვეთად საკმარისი ძალისხმევა არ გატარდა, თუმცა მკვლელობებს გენოციდს არ უწოდებს.

ამის ნაცვლად, პროექტი გმობს „დანაშაულს, როგორც ის აღწერილია“ ევროპის პარლამენტის 2009 წლის რეზოლუციაში, რომელიც სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტასთან მიმართებით „გენოციდის“ ცნებას იყენებს, ისევე როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2007 წელს გამოტანილი განაჩენი.

ბელგრადში მცხოვრებმა საერთაშორისო სამართლის პროფესორმა რადოსლავ სტოიანოვიცმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს უთხრა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიღებული ამგვარი გადაწყვეტილებები სერბიის პარლამენტარებს საშუალებას აძლევს სრებრენიცა „გენოციდად“ ამ ტერმინის პირდაპირ ხსენების გარეშე აღიარონ:

„იმის გამო, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 2007 წელს გადაწყვიტა, რომ სრებრენიცაში ჩადენილი დანაშაული გენოციდი იყო, ჩვენს დეკლარაციაში აღარ გვიწევს ამ დანაშაულისთვის კვალიფიკაციის მიცემა. ამისათვის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირება უკვე საკმარისია. ამ გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, რომ სრებრენიცაში ჩადენილი დანაშაული გენოციდი იყო“, - ამბობს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი.

და მაინც, სერბიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები რეზოლუციის პროექტში სიტყვა „გენოციდის“ შეტანის ინიციატივით გამოდიან, თუმცა სამშაბათს გამართულ განხილვაზე ეს საკითხი არ წამოჭრილა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის იმსჯელებენ პარლამენტარები ამ საკითხზე.

სხდომის გამართვამდე ამ პარტიის წევრმა, ზარკო კორაჩმა, პროექტის ამჟამინდელი ფორმით გამოწვეული უკმაყოფილება ასე ახსნა:

„პრინციპი, რომელსაც რეზოლუციის პროექტი ეფუძნება, შემდეგია: მოდით, შევასრულოთ ის, რასაც ჩვენგან ელიან, მაგრამ ეს ისეთი ფორმით გავაკეთოთ, რომ არაფერი დავკარგოთ და არც თავი დავივალდებულოთ; მოდით, ვაჩვენოთ, რომ ამას ვაკეთებთ იძულებით და არა იმიტომ, რომ თავად ვგრძნობთ ამ ნაბიჯის საჭიროებას.“

როგორც მოელიან, სერბიის პარლამენტის 6 ბოსნიელი წევრი 11 ივლისის სრებრენიცის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესებას მოითხოვს.

პრეზიდენტ ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა იელენა ტრივანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ ზოგიერთი სერბი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას კვლავაც უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის წინ ტადიჩმა პირადად მიაგო პატივი მსხვერპლთა ხსოვნას:

„ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც 2005 წელს სრებრენიცის შესახებ ფილმის ჩვენებამაც კი აღშფოთება გამოიწვია - ხალხი მოითხოვდა ტელევიზიის მენეჯმენტის დასჯას იმის გამო, რომ მათ სრებრენიცაზე სიმართლე აჩვენეს; ბორის ტადიჩი კინაღამ ლინჩის წესით გაასამართლეს მარტო იმიტომ, რომ ბოდიში მოიხადა და სრებრენიცის მსხვერპლთ პატივი მიაგო.“

ბოსნიის სერბიულ ერთეულში, ”რეპუბლიკა სპრსკაში”,

სრებრენიცის გენოციდად აღიარებას ან ბოდიშის მოხდას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ბოსნიელი სერბების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ბოსნიელებისა და ბოსნიელი ხორვატებისგან მათაც დიდი ზიანი მიადგათ, კანონპროექტი კი, მათი აზრით, შერიგების ხელშეწყობის ნაცვლად, ბალკანეთში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.

თუმცა თავად სრებრენიცის შემზარავი აქტის მსხვერპლთათვის სერბიის მხრიდან ბოდიშიც კი ბევრს ვერაფერს შეცვლის. ბოსნიელი ილიას პილავი სარაევოში ქირურგად მუშაობდა. მან 1995 წელს ხოცვა-ჟლეტას თავი გაქცევით დააღწია - ათასობით მამაკაცსა და ბიჭთან ერთად 6 დღე-ღამის განმავლობაში ფეხით იარა თავშესაფრის მოსაძებნად.

ამ გამოცდილებას სიტყვებით ვერ აღვწერო, - უთხრა მან სააგენტო „როიტერს“ და დასძინა, რომ დაღს, რომელიც სრებრენიცამ მის ცხოვრებას დაასვა, „ვერც დრო და ვერც პოლიტიკური დეკლარაცია“ ვერ წაშლის.

პილავის აზრით, ის, რომ სერბიის პარლამენტის რეზოლუცია დანაშაულს გენოციდს არ უწოდებს, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ბოსნიელ სერბთა ლიდერის, რატკო მლადიჩის ზედამხედველობით მოქმედმა ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა და შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა განახორციელეს. მლადიჩი ამჟამად ძებნილია - მას გაეროს ტრიბუნალი გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში სდებს ბრალს.

როცა მლადიჩი სრებრენიცაში ბოსნიელ სერბებს შეუძღვა, მას თან სერბი ოპერატორები ახლდნენ, კამერებით ხელში. მლადიჩმა სრებრენიცას „სერბებისთვის გაკეთებული საჩუქარი“ უწოდა, როგორც ერთგვარი სამაგიეროს გადახდა ოსმალეთის იმპერიის მიერ ბოსნიის დაპყრობის გამო:

„დღეს, 1995 წლის 11 ივლისს, სერბიულ სრებრენიცაში ვიმყოფებით. მორიგი სერბიული დღესასწაულის წინ, ამ ქალაქს მე სერბებს ვუძღვნი საჩუქრად. როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ჩვენ ამ რეგიონში თურქების წინააღმდეგ შური შეგვიძლია ვიძიოთ.“

ევროკავშირმა მლადიჩის დაპატიმრება და გაეროს ტრიბუნალისთვის გადაცემა სერბიის ბლოკში ინტეგრაციის წინაპირობად აქცია. ბევრის აზრით, მლადიჩი კვლავ სერბიაში იმყოფება და მართლმსაჯულებისგან გაქცევას მაღალი ეშელონების ზოგიერთი წარმომადგენლის მხარდაჭერით ახერხებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG