Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთს დროებითი მთავრობა მართავს


საპროტესტო გამოსვლა ბიშკეკის ცენტრში
საპროტესტო გამოსვლა ბიშკეკის ცენტრში
ერთი დღის წინ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა ჯერ კიდე ციხეში იმყოფებოდა, დღეს კი ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას მართავენ - მათ, ორდღიანი არეულობისა და შეტაკებების შემდეგ, შეცვალეს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობა.
ერთდღიანი შეტაკებების შემდეგ, რომლის დროსაც 70-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, ყირგიზეთის ოპოზიციამ ხელთ იგდო ძალაუფლება და დაითხოვა პარლამენტი. მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ დანიარ უსენოვმა გადადგომის განცხადება დაწერა, ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარედ კი თავი გამოაცხადა ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა როზა ოტუმბაევამ.

რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში ოტუმბაევამ განაცხადა, რომ გარდამავალი ადმინისტრაცია მოვალეობას შეასრულებს 6 თვის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება:

„ ჩვენ, როგორც გარდამავალი მთავრობა, ერთსა და იმავე დროს საკუთარ თავზე ვიღებთ პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის მოვალეობის შესრულებას. ჩვენ ხელში ვიღებთ ძალუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.“

ყირგიზეთში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება და არეულობა, რასაც 6 აპრილს ოპოზიციის მომხრეებსა და უსაფრთხოების სამთავრობო ჯარებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა, ხელისუფლების განდევნით დასრულდა. პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი, რომელიც „ტიტების რევოლუციის“ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ბაშკეკიდან გაიქცა.

პირველი საჯარო განცხადება ბაკიევმა, რომლის ადგილმდებარეობაც უცნობია, 8 აპრილს საღამოსკენ გააკეთა. ყირგიზული ინტერნეტ-სააგენტო „24კგ“-სთვის გაგზავნილ წერილში ბაკიევი აცხადებს, რომ არ იხსნის უფლებამოსილებას, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი:

„მე მზად ვარ ვაგო პასუხი ქვეყანაში მომხდარი მოვლენების გამო, თუკი ჩემს ბრალეულობას მიუკერძოებელი სასამართლო დაამტკიცებს.“

მიმართვაში ბაკიევი ასევე აცხადებს, რომ ვერ ახდენს გავლენას ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებზე, რის გამოც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს.

თუმცა ყირგიზეთის დე ფაქტო მმართველები, რომელთა უმრავლესობა ციხიდან 7 აპრილს გათავისუფლებული პოლიტიკოსები არიან, აცხადებენ, რომ მთლიანად აკონტროლებენ არმიას, პოლიციას, მედიას, პარლამენტს, თეთრ სახლს, ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტსა და საზღვრებს. მათ შორის არის ისმაილ ისაკოვი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქვეყანაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება სტაბილურია:
„არავითარი მიზეზი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. ხალხის მთავრობა ყველგან ჩამოყალიბდა. მესაზღვრეები იცავენ სახელმწიფოს საზღვრებს და ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. რჩება მხოლოდ ერთი პრობლემა - საჭიროა დასრულდეს საქმიანობა კორუმპირებული ოჯახის მცირე კლანისა, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს - და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.“

მიუხედავად ამისა, კორესპონდენტები იუწყებიან, რომ ბიშკეკში გაიძარცვა მთავრობის სახლი, მუზეუმები და მაღაზიები, დამწვარია სატვირთო მანქანები. მაროდიორებმა გაძარცვეს ასევე ბაკიევის სახლი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჩუიდან იტყობინება, რომ ყირგიზთა ჯგუფი თავს დაესხა ჩინური წარმოშობის მუსლიმანების, დუნგანების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.

რადიო-მიმართვაში ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ როზა ოტუმბაევამ მოუწოდა მოსახლეობას არ აჰყვეს პროვოკაციებს და თავი შეიკავოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ქონების ძარცვისაგან.

მიუხედავად ამისა, ვითარება ბიშკეკში დაძაბულია. ქალაქში გრძელდება მაროდიორობა, რის აღსაკვეთადაც მოსახლეობაში მოხალისეთა ჯგუფები იქმნება.

საერთაშორისო საზოგადოებამ - მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ჩინეთმა და გაერთიანებულმა ერებმა - ორივე მხარეს მოუწოდა შეწყვიტონ ძალადობა და გამოიჩინონ თავშეკავება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ ყირგიზეთში გაგზავნიან სპეციალურ წარმომადგენლებს, რომლებიც ვითარებას დააკვირდებიან.

როზა ოტუმბაევამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს, რომელიც მას ელაპარაკა „როგორც ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის მთავრობის თავმჯდომარეს“.

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, მოსკოვმა დამატებით 150 კაციანი ჯგუფი გაგზავნა ყირგიზეთში - კანტში - არსებული სამხედრო ბაზის დასაცავად. გაძლიერებული დაცვის ზომები გამოცხადდა ასევე ყირგიზეთში არსებული რუსეთის დიპლომატიური მისიების დასაცავად.

ვაშინგტონი, რომელიც ყირგიზეთს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, შეაშფოთა იქ სამოქალაქო მღელვარებამ და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებამ. სწორედ ყირგიზეთში, ქალაქ მანასშია განლაგებული საავიაციო ბაზა, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს ავღანეთში ოპერაციის მხარდასაჭერად.

ნატოს ძალების სარდლობამ ავღანეთში განაცხადა, რომ მანასის ბაზაზე დროებით შეაჩერა საქმიანობა, თუმცა ალიანსის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ამის გამო ნატოს ჯარების მომარაგებაში არავითარი შეფერხება არ იქნება.

ყირგიზეთის გარდამავალმა მთავრობამ 9 აპრილი შეტაკებების დროს დაღუპულთა გლოვის დღედ გამოაცხადა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG