Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიცა კორიუსის დიდი ვალსი (I ნაწილი)


სოპრანო მილიცა კორიუსი ფილმში ”დიდი ვალსი”
სოპრანო მილიცა კორიუსი ფილმში ”დიდი ვალსი”
ვლადიმირ ულიანოვ-ლენინმა თავის დროზე თქვა: ”ხელოვნების ჟანრებიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კინო”.

კარჩაკეტილი ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში, კინოხელოვნება, მართლაც, კომუნისტური აგიტაციის საუკეთესო საშუალება იყო. ცხადია, ნებისმიერი იდეოლოგემა, როგორც ფიზიკოსები ამბობენ, მხოლოდ გარკვეულ საწყის და სასაზღვრო პირობებში არის სწორი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი კინომაყურებლისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა საბჭოთა ეკრანზე ე.წ. ”ნაალაფევი” ფილმების გამოჩენა. ”მეღორე ქალს და მწყემსს” ჩაენაცვლა ”ვატერლოოს ხიდი” ვივიენ ლის და რობერტ ტეილორის მონაწილეობით. მუსიკალურ ფილმებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია - იმხანად ეკრანზე ”მზიური ველის სერენადა”, ”მისი მსახურთუხუცესის და”, ”სიმღერა შენთვის” და სხვა შესანიშნავი კინოსურათი გავიდა.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა რეჟისორ ჟულიენ დიუვივიეს მიერ 1938 წელს გადაღებული ფილმი ”დიდი ვალსი”, სადაც მთავარ როლს ოპერის ცნობილი მომღერალი, სოპრანო მილიცა კორიუსი თამაშობდა. კინოსურათში მოთხრობილი იყო ”ვალსების მეფის”, კომპოზიტორ იოჰან შტრაუსის, სასიყვარულო ისტორია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ”დიდ ვალსში” მოთხრობილი ისტორია მთლიანად სცენარის ავტორის ფანტაზიის ნაყოფი იყო. ფილმში შტრაუსის მუსიკის შესანიშნავი არანჟირება ჰოლივუდში მოღვაწე ცნობილ რუს კომპოზიტორ დმიტრი ტიომკინს ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ნაალაფევ სურათს სასათაურო ტიტრები არ ჰქონდა, ჩემს წრეში ყველამ ყველაფერი იცოდა. პირადად მე დაწვრილებით ინფორმაციას თბილისის კონსერვატორიის კონცერტმაისტერ ”ლიოვოჩკა” ამიროვისგან ვიღებდი. ყოველთვის ელეგანტურად ჩაცმული ტანმორჩილი მამაკაცი, უმაღლესი რანგის ინტელიგენტი, კინოხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი ამიროვი სრულ ინფორმაციას ფლობდა ნებისმიერ უცხოურ ფილმზე. საქმე ისაა, რომ მისი დეიდაშვილი, ბაქოელი სომეხი მილიონერის ვაჟი აკიმ ტამიროვი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი იყო - მაგალითად, ფილმში ”მისი მსახურთუხუცესის და” ის დინა დურბინთან ერთად თამაშობდა. სწორედ ამიროვისგან შევიტყვე, რომ მილიცა კორიუსს რუსული ფესვები ჰქონდა. ლიოვოჩკამ მიამბო, რომ საბჭოთა ეკრანზე ”დიდი ვალსის” გამოსვლის შემდეგ ცნობილი კიეველი აკომპანიატორი საშა ბელენკი ფილმის საყურებლად კინოთეატრში ყოველდღე დადიოდა. სეანსის მსვლელობისას საშა, თურმე, ცრემლად იღვრებოდა - ახალგაზრდობაში, კიევში მილიცა კორიუსის ცხოვრების პერიოდში, ის მომხიბლავ ქალიშვილში უზომოდ შეყვარებული ყოფილა.

მილიცა კორიუსის ბიოგრაფიის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. თვითონ მილასაც (ასე უწოდებდნენ მას ახლობლები) უყვარდა მისტიფიკაციები: საკუთარ თავს ის ხან უნგრელ პრინცესად, ხან კი შვედი გენერლის ქალიშვილად ასაღებდა. რაც შეეხება დაბადების ადგილს, სხვადასხვა დროს კორიუსი გერმანიას, პოლონეთს და რუსეთს ასახელებდა. ჩვენი პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, მის ნამდვილ ისტორიას შემდეგ ოთხშაბათს, გადაცემის მეორე - დასკვნით - ნაწილში, გიამბობთ.
XS
SM
MD
LG