Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და რუსეთი ყირგიზეთს დახმარებას ჰპირდებიან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ბლეიკი ყირგიზეთში ვიზიტისას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ბლეიკი ყირგიზეთში ვიზიტისას.
შეერთებული შტატებისა და რუსეთის ხელისუფლება აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ ყირგიზეთს, ქვეყანას, რომელშიც პოლიტიკური არასტაბილურობა და კრიზისი კვირაზე მეტია გრძელდება. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ჯალალ-აბადში, სადაც დამხობილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა რამდენიმე გამოსვლა მოაწყვეს.

ყირგიზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა დაეხმაროს ყირგიზეთის გარდამავალ მთავრობას, რომელიც ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად ჩამოყალიბდა. რობერტ ბლეიკმა აღნიშნული განცხადება ბიშკეკში გარდამავალი მთავრობის დროებით ხელმძღვანელ როზა ოტუმბაევასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

„სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამომგზავნა ყირგიზეთში, პირველ ყოვლისა,იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო გარდამავალი ხელისუფლების ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც იგი გადადგამს მანამდე, ვიდრე ახალი კონსტიტუციისა და ახალი არჩევნების ორგანიზების გრაფიკი შემუშავდება.“

ბლეიკი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი მოხელეა, რომელიც ყირგიზეთში 7 აპრილის ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ჩავიდა. მასთან შეხვედრის შემდეგ როზა ოტუმბაევამ განაცხადა, რომ მანასის ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხი არ ყოფილა მოლაპარაკების საკითხი, ვინაიდან მანასის სატრანზიტო საავიაციო ცენტრის კონტრაქტის ვადა წლის ბოლოს იწურება.

რუსულ-ყირგიზული მოლაპარაკებები მოსკოვში.
იმ დროს, როცა ოტუმბაევა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს ხვდებოდა, ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალმასბეკ ატამბაევი მოსკოვში იმყოფებოდა, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეღო. ატამბაევმა რუსეთს ყირგიზეთის „სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა. სამაგიეროდ, რუსეთის ფინანსთა მინისტრ ალეკსეი კუდრინისგან მიიღო დაპირება, რომ დაეხმარება „ცარიელი ხაზინის“ შევსებაში:

„შესაძლებლად ვთვლი, მივაწოდოთ ყირგიზეთს ჰუმანიტარული დახმარება, 20 მილიონი დოლარი, გრანტის სახით, სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილი პირველადი გადასახადების დასაფარად. ამას გარდა, რუსეთის სასოფლო სამეურნეო ბანკი მზად არის 30 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტი გამოუყოს ყირგიზეთის შესაბამის საფინანსო დაწესებულებას.“

ამასობაში კი სიტუაცია კვლავ დაძაბულია ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადში. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ბრიუს პანიერი იუწყება, ჯალალ-აბადში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა სცადა ჩაეტარებინა ყურულტაი - სახალხო კონგრესი - თვითგამოცხადებული ყირგიზეთის მთავრობის მხარდასაჭერად, მაგრამ ბაკიევის მომხრეებმა მიკროფონები დაუზიანეს და აიძულეს დემონსტრანტები ცენტრალური პარკი დაეტოვებინათ. პარალელურად, ქალაქ ჯალალ-აბადის ცენტრში 2000-მდე კაცმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ყურმანბეკ ბაკიევს და გმობდნენ მის ოპონენტებს, მსვლელობა მოაწყო. ბაკიევმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს გადადგომას, თუკი მას და მისი ოჯახის წევრებს უსაფრთხოების გარანტია მიეცემათ. დროებითი მთავრობა ბაკიევს ჰპირდება უსაფრთხოებას, თუმცა როგორც როზა ოტუმბაევმა სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“ განუცხადა, ბაკიევი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG