Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკა უკრაინის საზოგადოებაში დაპირისპირებას აღრმავებს


Ukraine -- President Viktor Yanukovych speaks during a news conference in Kiev, 22Apr2010
Ukraine -- President Viktor Yanukovych speaks during a news conference in Kiev, 22Apr2010
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ორი თვის წინ გახდა, მაგრამ მან უკვე ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა თავისი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ დასაბრუნებლად. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წინა - პრო-დასავლური - მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის რადიკალური შეცვლით იანუკოვიჩი უკრაინის საზოგადოების პოლარიზებას ახდენს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას.

იალტის ან პოტსდამის ხსენებაზე ბევრს ის კონფერენციები ახსენდება, რომლებიც ამ ქალაქებში მოკავშირეებმა გამართეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ევროპა გავლენის ახალ სფეროებად დაყვეს. სულ ახლახან კი ბევრი უკრაინელისთვის კიდევ ერთი ქალაქი - ხარკოვი - დაუკავშირდა ახალ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელმაც მოსკოვის გავლენის სფერო დააკანონა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, გასულ კვირაში სწორედ ხარკოვში უმასპინძლა თავის რუს კოლეგას, დმიტრი მედვედევს. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც გადაჭრით შეიცვალა უკრაინის წინა, პროდასავლური მთავრობის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის სიმბოლური ელემენტები.

იანუკოვიჩმა, სულ მცირე, 25 წლით გაუხანგრძლივა იჯარა რუსეთის საზღვაო ფლოტს შავ ზღვაში, სევასტოპოლის ბაზაზე. ბევრი უკრაინელი ამ ბაზას საბჭოთა წარსულისგან დანატოვარ მტრულ გადმონაშთად აღიქვამს. წინა პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, აცხადებდა, რომ ვადის ამოწურვის, ანუ 2017 წლის შემდეგ, იჯარა აღარ გაგრძელდებოდა.

ამ ნაბიჯის სანაცვლოდ, მოსკოვმა უკრაინას რუსულ გაზზე დაწესებული საფასური 30 პროცენტით გაუიაფა, რაც კიევს ათობით მილიარდ დოლარს დაუზოგავს. ეს დათმობა ძირს უთხრის გასულ წელს მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც, ბევრი იმედოვნებდა, უკრაინის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა საბაზრო კავშირების გამყარების გზით.

ხარკოვის შეთანხმების ირგვლივ რუსეთის წარმომადგენლები სიხარულს ვერ მალავდნენ - მას „ისტორიულს“ უწოდებდნენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საზღვაო ფლოტის სანაცვლოდ იაფი გაზის მიწოდების თაობაზე გარიგება მოსკოვისთვის „ძვირი“ აუცილებლობა იყო, მაგრამ უკრაინასთან თანამშრობლობა ფულზე მეტად მნიშვნელოვანიაო:

„ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო სფეროში თანამშრობლობა ზრდის ნდობის ხარისხს ორ ქვეყანას შორის. ეს გვაძლევს საშუალებას ურთიერთნდობით ვიმუშაოთ ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკის სფეროებში და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი რამ“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებიდან ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული, მაგრამ, ხარკოვის შეთანხმების გარდა, მან სხვა ნაბიჯების გადადგმაც მოასწრო, რაც ძირს უთხრის მისი წინამორბედის მცდელობას, უკრაინაში მოსკოვის გავლენის მინიმალიზება მოეხდინა.

სასამართლოებმა გააუქმეს იუშჩენკოს გადაწყვეტილება უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებინათ ორი ანტიკომუნისტი, ნაციონალისტი გმირისთვის. იანუკოვიჩის რეგიონების პარტია ასევე ცდილობს რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი გაუმყაროს - არადა, იუშჩენკო წლების განმავლობაში უკრაინული ენის წინ წამოწევას ცდილობდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში სტრასბურგში მყოფმა იანუკოვიჩმა განაცხადა, სტალინის დროს, 1930-იან წლებში გაჩენილი შიმშილი, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ემსხვერპლა, გენოციდად არ უნდა ჩაითვალოსო, მაშინ როცა იუშჩენკო, მოსკოვის უკმაყოფილების ფონზე, საწინააღმდეგოს ამტკიცებდა (როგორც ჩანს, ევროსაბჭოს პარლამენტარებმა გაიზიარეს იანუკოვიჩის შეხედულება და შიმშილის გენოციდად ცნობა 55 ხმით 21-ის წინააღმდეგ არ დაამტკიცეს).

„ამიერიდან ჩვენს დიდ მეზობელთან დიალოგი დაეფუძნება თანასწორობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და ჯანსაღი პრაგმატიზმის პრინციპებს და არა კონფრონტაციას ან ანტირუსულ რიტორიკას“, - უთხრა იანუკოვიჩმა უკრაინელ ხალხს 29 აპრილს. - „ამისთვის ზედმეტად დიდი საფასური გავიღეთ? არა, იმიტომ რომ მოსკოვთან მიღწეული შეთანხმება ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს.“

მაგრამ უკრაინის მთავრობის ნაბიჯები მწვავე დაპირისპირებას იწვევს ქვეყანაში, რომელიც გაყოფილია იანუკოვიჩის მომხრე რუსულენოვან ინდუსტრიულ აღმოსავლეთად და დიდწილად დასავლური ორიენტაციის მქონე დასავლეთად.

როცა მიმდინარე კვირაში პარლამენტმა შავი ზღვის ფლოტის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგიონების პარტიის წარმომადგენლებს კვერცხები დაუშინეს და საკვამლე კოჭა ააფეთქეს. პარლამენტის შენობის გარეთ საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილეს მოუვიდა შეხლა-შემოხლა მთავრობის მხარდამჭერებთან.

პოლიტიკის ანალიტიკოსები, რომლებიც მიჩვეულები არიან პარლამენტში გაწევ-გამოწევის შემთხვევებს, ერთხმად აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის კონფლიქტი არასოდეს უნახავთ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ იანუკოვიჩი უკრაინას მოსკოვის გავლენის სფეროში აბრუნებს, მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩებოდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ, რომელიც ახლა ოპოზიციას უდგას სათავეში, ხარკოვის ხელშეკრულებას „ანტიუკრაინული“ უწოდა:

„ეს მხოლოდ ღალატი არ არის. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის სისტემატური ნგრევის დასაწყისია“, - აცხადებს ტიმოშენკო.

იანუკოვიჩის რადიკალურმა ნაბიჯებმა, დიდწილად, გააკვირვა ანალიტიკოსები, - მათ შორის, ბევრი დასავლელი, - რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს „ცუდ გმირად“ შერაცხულ იანუკოვიჩს პრომოსკოვური აღარ ეთქმის, ახლა ის მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოლიტიკას გაატარებსო.

პრეზიდენტის ნაბიჯებმა ადგილობრივი ექსპერტებიც გააკვირვა. პოლიტიკის ანალიტიკოსი ვლადიმირ ფესენკო ამბობს, რომ ახალი პრეზიდენტის მოქმედების სტილი უკრაინის პოლიტიკური სისტემისთვის უჩვეულოა:

„ოფიციალურად ქვეყანა საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, მაგრამ რეალურად საქმე საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემასთან გვაქვს. ანუ მთავარი პოლიტიკური ფიგურა, გადაწყვეტილების მიმღები ახლა პრეზიდენტია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იანუკოვიჩის ნაბიჯები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას, უკრაინის საზოგადოებაში კი უპრეცედენტო ხარისხით აღრმავებს დაპირისპირებას.

ხარკოვის ხელშეკრულებამ გარკვეული დინამიზმი შესძინა უკრაინის, დიდწილად, დანაწევრებულ ოპოზიციურ სპექტრს. ტიმოშენკო და მისი ყოფილი მეტოქე არსენი იატსენიუკი აცხადებენ, რომ გაერთიანებული ძალებით შეეცდებიან იანუკოვიჩის გადაყენებას.

მაგრამ, ექსპერტების საერთო აზრით, ოპოზიციონერებმა მართლაც რომ შეძლონ გაერთიანება, ეს ჯერ კიდევ არ იქნება საკმარისი ისეთი პრეზიდენტის გადასაყენებლად, რომელიც მთავრობას ძლიერად აკონტროლებს, პარლამენტში კი უმრავლესობა ჰყავს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG