Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგის მორიგმა ვიზიტმა შედეგი გამოიღო


ცხინვალში თომას ჰამარბერგის მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა.
ცხინვალში თომას ჰამარბერგის მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა.
9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან კვირას 3 ქართველი გაათავისუფლეს. ჯამლეთ ჯამრიშვილი, ლევან ბიგანიშვილი და გენადი წითლაური 3 თანასოფლელთან ერთად გასული წლის აგვისტოში სოფელ ლამისყანის მიმდებარე ტყეში რუსმა სამხედროებმა საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ჯამლეთ ჯამრიშვილმა კვირას პირველად ნახა მე-4 შვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მისი პატიმრობის პერიოდში დაიბადა. გათავისუფლებულებმა შიდა ქართლის პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს ცხინვალის ციხის პირობების შესახებ უამბეს.

ლამისყანელების გათავისუფლება ცხინვალში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის მორიგი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. იგი დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველს, დავით სანაკოევს შეხვდა, შემდეგ კი იმ ოსი ახალგაზრდების ნათესავების პრეტენზიები მოისმინა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ოსური მხარე სულ 7 დაკარგულს ეძებს, აქედან სამის: ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის გატაცებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. ამ ბრალდებას ქართული მხარე არ იზიარებს და მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს. თომას ჰამარბერგს პრეტენზიებით შეხვდნენ ცხინვალის ციხეში დაკავებული ქართველების ის ნათესავებიც, რომელთა გათავისუფლება კვირას ვერ მოხერხდა. ერგნეთში ნახევარსაათიანი შეხვედრისას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მათ აცნობა, რომ ოსური მხარის პირობის თანახმად, დარჩენილ სამ ლამისყანელსაც უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ. ჰამარბერგის თქმით, იგი დაკავებულთა გასათავისუფლებლად და დაკარგულთა მოსაძიებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ვფიქრობ, თბილისში და ცხინვალში ჩემი ვიზიტების მთავარი შედეგი ის არის, რომ პროცესი განახლდა - ვინაიდან ის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, გარკვეული დროის განმავლობაში აღარაფერი ხდებოდა. ახლახან თბილისში 6 ადამიანი გაათავისუფლეს, დღეს კი ცხინვალში 3 პირი გამოუშვეს და დაგვპირდნენ, რომ ერთ კვირაში კიდევ სამს გაათავისუფლებენ. ამდენად, პროცესი განახლდა და მე ვიმედოვნებ, რომ ყველა მსგავსი შემთხვევის გადაჭრა გახდება შესაძლებელი“ - განაცხადა ჰამარბერგმა.

ცხინვალის ციხეში თითქმის ორი წელია სამხედრო ტყვე ზვიად კობალაძე იმყოფება, ჰამარბერგმა ერგნეთში შეკრებილ მის ნათესავებს სანუგეშო ვერაფერი უთხრა. დაკავებულის ძმის, გიორგი კობალაძის ინფორმაციით, მისი ძმის ჯანმრთელობის მდომარეობა უკიდურესად მძიმეა.

იმედისმომცემი ინფორმაცია ვერც უგზო-უკვლოდ დაკარგულების დედებმა მოისმინეს. გორის სატანკო ბატალიონის 406-ე ტანკის ეკიპაჟი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკარგა. გიორგი როლმელაშვილს, ოთარ სუხიტაშვილს და ზაზა ბირთველიშვილს მშობლები მეორე წელია, უშედეგოდ ეძებენ.

ფრონეს ხეობის გამგებელი გიორგი კაპანაძე ძმის, დავით კაპანაძის გათავისუფლების საკითხს ჟენევის დისკუსიის ფარგლებშიც ხშირად აყენებს, მაგრამ, მისი თქმით, ოსური მხარე უდანაშაულო ქართველი მძევლებით ვაჭრობას განაგრძობს, რათა საქართველოს ციხეებში მყოფი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ოსი მოქალაქეების გათავისუფლებას მიაღწიოს.

თომას ჰამარბერგმა ცხინვალში მის ვიზიტს წარმატებული უწოდა, რადგან პროცესი ადგილიდან დაიძრა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველს ერგნეთში შეკრებილების ნაწილი მადლობას ეუბნებოდა, ნაწილი კი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მათი ნათესავების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ცხინვალის ციხეში ამჟამად 11 ქართველი რჩება. ყველა მათგანს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება აქვს წაყენებული. როგორც ცნობილია, ოსური მხარე მოითხოვს ყველა დაკავებულის გაცვლას პრინციპით - ყველა ყველაზე. თომას ჰამარბერგი დაკავებულების და დაკარგულების ნათესავებს ორშაბათს თბილისში შეხვდება, ამავე დღეს იგი მოლაპარაკებას გააგრძელებს ქართულ მხარესთან.
XS
SM
MD
LG