Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 11 მაისი 2010


Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009
Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009
ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავს რუსული პრესა სხვადასხვა ფორმით ეხმაურება. „იზვესტია“ ცდილობს დაადგინოს მეორე სამამულო ომში დაღუპული ადამიანების რაოდენობა საბჭოთა კავშირის მხრიდან. როგორც ირკვევა, ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, ეს ციფრი 27 მილიონს აჭარბებს და ბევრად აღემატება ფაშიზმის მხრიდან მსხვერპლის რიცხვს. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ამას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მსხვერპლის სიჭარბე გამოწვეულია ფაშისტების ბრძოლის დაუნდობელი მეთოდებით, ფაშისტებისა, რომლებიც ხოცავდნენ უიარაღო მოსახლეობას, მაშინ როცა საბჭოთა არმია მსგავს ქმედებებს არ ან ნაკლებად სჩადიოდა. ზოგს კი ციფრები საერთოდ გაბერილი ეჩვენება. მაგალითად, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ხელმძღვანელი ლეონიდ ივაშევი ამბობს:

„მითი, რომ ჩვენ უფრო მეტი დაღუპული გვყავს, ვიდრე გერმანელებს, სჭირდება ჩვენს არაკეთილსინდისიერ ლიბერალებს.“

ასეა თუ ისე, საბჭოეთი მსოფლიომ ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებულად, გადარჩენილები კი გმირებად აღიარა. სწორედ ამ გამარჯვებულ გმირებზე გვიყვება „ნოვაია გაზეტა“. ერთი საინტერესო მფრინავის ისტორიას გაგაცნობთ სტატიიდან, სახელწოდებით „გამარჯვებულები“.

მფრინავი ივან კოჟედუბი - კაცი, რომლის გამანადგურებელი თვითმფრინავიც, „ნოვაია გაზეტას“ თქმით, ვერავინ ჩამოაგდო, მაშინ როცა თავად 40-მდე ჩამოუგდია; კაცი, რომელიც ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავს ჰაერის ნაკადით აქრობდა; კაცი, რომელიც საკუთარი გამანადგურებლის ფრთას ყოველი დასრულებული ბრძოლის შემდეგ ჩუმად ჰკოცნიდა; კაცი, რომელიც ბრძანებებს და ინსტრუქციებს ხშირად არ ემორჩილებოდა, და კაცი, რომელიც საკუთარ თვითმფრინავს რაშს ეძახდა, დღეს ცხოვრობს ცოლთან ერთად ერთ ოთახში, რომელშიც მოსახვედრად, როგორც „ნოვაია გაზეტა“ ჰყვება, ნავთის სუნით სავსე მეორე მფრინავის ოთახი უნდა გაიაროთ.

საერთოდ, „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდი, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ისტორიებითაა სავსე, მათი პრობლემების განხილვით. ერთ-ერთი სტატია ვეტერანებისთვის კანონით კუთვნილი საბინაო პრობლემების გადაწყვეტას ეხება.

„იმის მისაღებად, რაც კანონით ეკუთვნით, ვეტერანებმა ხშირად უნდა გაიარონ ჩინოვნიკების ხორცის საკეპ მანქანაში, საიდანაც ყველა გამარჯვებული ვერ გამოდის“, - ნათქვამია სტატიაში.

„ვედომოსტი“ აქვეყნებს კვირის ციტატას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს ეკუთვნის:

„სტალინმა ჩაიდინა მასობრივი დანაშაულებანი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.“

„ვედომოსტის“ ჟურნალისტი კირილ კარაიანი ამ ციტატას მადლობის წერილით უპასუხებს. იგი მადლობას უხდის მედვედევს იმ ხალხის სახელით, რომელთაც დაკარგეს ცხოვრების საუკეთესო წლები გადასახლებასა და სიღატაკეში; მათი სახელით, ვინც საერთოდ ფიზიკურად განადგურდა. კარაიანის თქმით, სტალინურმა რეჟიმმა რუსი ერი მონობას შეაჩვია და ქვეყნის გენოფონდის დეგრადაცია გამოიწვია, გახადა ხალხი უძლური, უუნარო, რისკიანობის, შემოქმედებითი იდეების გენერირების, სამეწარმეო შემართების, დადებითი განწყობისა და ჰუმანურობისთვის...

ამის მიზეზი, კარაიანის აზრით, არის ის, რომ სტალინურ რეჟიმს საუკეთესონი შეეწირნენ, ვისაც ერის დადებითი გზით განვითარება უნდა განეპირობებინა:

„ძლიერნი, ფხიზელნი, მშრომელნი, ინიციატივიანნი და ისინი, ვისაც არ სურდა ეღალატა შინაგანი თავისუფლებისა და რწმენისათვის.“

დარჩენილნი კი, კარაიანის აზრით, ყველაფერზე მიდიოდნენ, ოღონდ კი ეარსებათ. თუმცა წერილის ბოლოს კარაიანს მონური სულის მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავს, რომელსაც უხარია, რომ მედვედევმა აღიარა ის, რაც, კარაიანის თქმით, მან ისედაც იცოდა. და მაშინ რა მიხარია? - კითხულობს ჟურნალისტი, - ის, რომ ახლანდელი ბელადი ძველი ბელადის შეცდომებს, უბრალოდ, აღიარებსო?
XS
SM
MD
LG