Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენა კეიგანი - მესამე ქალი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში


ელენა კეიგანი ბარაკ ობამასთან ერთად.
ელენა კეიგანი ბარაკ ობამასთან ერთად.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ელენა კეიგანი უზენაესი სასამართლოს ახალ წევრად დანიშნა. ბილ კლინტონის ყოფილი თანაშემწე და ჰარვარდის სამართლის სკოლის ყოფილი დეკანი, რომელსაც ობამამ ქვეყნის სასამართლო სისტემის ტვინი უწოდა, მესამე ქალია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ინიშნება.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის მთავარი იურისტი ელენა კეიგანი შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი გახდა. მან ამ პოსტზე 90 წლის მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსი შეცვალა. ზომიერი ლიბერალი და ჰარვარდის სამართლის სკოლის პირველი დეკანი ქალი ამ პოსტზე უშუალოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა და მას ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული იურისტი უწოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე სტივენსის სიბრძნე და გამოცდილება ჩვენთვის შეუცვლელია, მე შევარჩიე ისეთი კანდიდატურა, რომელიც - დარწმუნებული ვარ - განასახიერებს ისეთსავე ცოდნას, დამოუკიდებლობას, პატიოსნებასა და მისწრაფებას და რომელიც, საბოლო ჯამში, ჩვენს სასამართლოში ისეთსავე ლიდერობას უზრუნველყოფს - ჩვენი მთავარი წარმომადგენელი სასამართლოში და ჩემი მეგობარი ელენა კეიგანი.“

ანალიტიკოსების თქმით, კეიგანის უზენაესი სასამართლოს წევრად დანიშვნით, ობამას სურს ჰყავდეს ისეთი წარმომადგენელი და ლიდერი, რომელიც დაეხმარება მას უმრავლესობის ფორმირებაში სასამართლოს შიგნით. ობამა კეიგანს „კონსენსუსის შემოქმედს“ უწოდებს. ელენა კეიგანმა 2009 წელს შეძლო მოეპოვებინა რესპუბლიკელი კანონმდებლების მხარდაჭერა, რის შემდეგაც იგი დაინიშნა გენერალურ აგენტად - პირად, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია და კონგრესის აქტებს იცავს უზენაესი სასამართლოს წინაშე.

სამშაბათს კეიგანმა განაცხადა, რომ ამ ერთწლიანმა გამოცდილებამ იგი მოსამართლედ აქცია:

„უკანასკნელი წლის განმავლობაში, რაც მე გენერალურ წარმომადგენლად ვიმუშავე, კიდევ უფრო გაძლიერდა და გაღრმავდა ჩემში მყარი პატივისცემა უზენაესი სასამართლოს მიმართ, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს კონსტიტუციურ დემოკრატიაში. იმ საქმიანობით, რასაც აკეთებს და რაც შეუძლიაა გააკეთოს, სასამართლო განსაკუთრებული ინსტიტუტია ამერიკელი ხალხისათვის.“

გენერალური წარმომადგენლის პოსტზე კეიგანი გამოვიდა წინააღმდეგ იმისა, რომ ნება დაერთოთ კორპორაციებისა და სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფებისათვის დაეხარჯათ ფული თავიანთი ფავორიტი კანდიდატისათვის. მაშინ უზენაესმა სასამართლომ კინაღამ მხარი დაუჭირა კეიგანის საწინააღმდეგო დადგენილებას, რომელსაც ბარაკ ობამა ღიად აკრიტიკებდა. ჯერჯერობით უცნობია დაუჭერენ თუ არა მხარს სენატის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ბარაკ ობამას რჩეულს, მაგრამ თუკი სენატი დაამტკიცებს 50 წლის ელენა კეიგანის კანდიდატურას, მაშინ იგი ამერიკის უზენაესი სასამართლოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG