Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაძირული ხომალდის შესახებ უთანხმოებაში აშშ მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ კორეას


ვაშინგტონმა „ერთმნიშვნელოვნად“ დაუჭირა მხარი სამხრეთ კორეას მისი სამხედრო ხომალდის ჩაძირვის გამო შექმნილ უთანხმოებაში. ახლახან გავრცელებული ანგარიში ინციდენტში, რომელსაც 46 მეზღვაური შეეწირა, ბრალს ჩრდილოეთ კორეას სდებს. სეულმა ფხენიანთან სავაჭრო კავშირები გაწყვიტა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა „ერთმნიშვნელოვნად“ დაუჭირა მხარი სამხრეთ კორეას, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ მარტში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ხომალდი ტორპედოთი ჩაძირა, რასაც 46 მეზღვაური შეეწირა.

გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხედრო უწყებას სამხრეთკორეელ კოლეგებთან ნაბიჯების „მჭიდროდ კოორდინირება“ უბრძანა, „სამომავლო აგრესიის თავიდან აცილების მიზნით“.
პეკინში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩინეთს - ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ მსხვილ მოკავშირეს - მოუწოდა ვაშინგტონთან ითანამშრომლოს:

„ჩრდილოეთ კორეის საკითხი გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს. შარშან, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის მოწყობიდან ძალიან მალე, ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაეროს უშიშროების საბჭოს მკაცრი რეზოლუციის შემუშავებასა და მიღებაზე. დღეს - სამხრეთ კორეის ხომალდის ჩაძირვის შემდეგ - კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. ამდენად, ახლაც ერთობლივი ძალებით უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ჩვენი საერთო მიზნებისკენ ვიმოძრაოთ“, - განაცხადა კლინტონმა.

როგორც წესი, ჩინეთი თავს იკავებს ხოლმე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების მხარდაჭერისგან - მათ შორის, ფხენიანის ბირთვული პროგრამის გამოც, რომელიც დასავლეთისთვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენს. თავად ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აქვს უფლება გააფართოოს თავისი ბირთვული პოტენციალი და რომ ამას გამჭვირვალე ფორმით აკეთებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი მიუნ-ბაკი აცხადებს, რომ სამხრეთკორეული ხომალდის ჩაძირვის გამო სეული გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცემს ჩრდილოეთ კორეის საქმეს. ეს 1950-53 წლების კორეის ომის შემდეგ მხარეებს შორის მომხდარი ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო. ორ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული არა აქვს.

მკაცრად ფორმულირებულ სატელევიზიო გამოსვლაში ლიმ ფხენიანისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და განაცხადა, რომ ხომალდზე თავდასხმის მომწყობები უნდა დაისაჯონ.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხომალდებს აღარ ექნებათ სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების გამოყენების უფლება:

„ამიერიდან კორეის რესპუბლიკა აღარ მოითმენს ჩრდილოეთიდან მომდინარე პროვოკაციულ ნაბიჯებს და იხელმძღვანელებს საფრთხის აქტიური აღკვეთის პრინციპით. თუკი დაირღვევა ჩვენი ტერიტორიული საზღვრები, - წყლების, საჰაერო სივრცისა ან ხმელეთის, - ჩვენ თავდაცვის უფლებას მყისიერად გამოვიყენებთ.“

პრეზიდენტის განცხადებით, სეულმა ფხენიანთან გაწყვიტა სავაჭრო კავშირები თუ სხვა სახის თანამშრომლობა, ვინაიდან მოცემულ ვითარებაში ყოველივე ეს აზრს მოკლებულია.

თეთრი სახლის შეფასებით, სეულის მიერ გატარებული ზომები „გამართლებული და სავსებით ადეკვატურია“.
ამასთან, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრ კიმ ტაე-იანის თქმით, ახლო მომავალში მისი ქვეყნის ჯარები აშშ-ის სამხედროებთან ერთად წყალქვეშა ხომალდების საწინააღმდეგო წვრთნებს ჩაატარებენ.

ყოველივე ამას ერთი კვირით უძღოდა წინ აშშ-ის, ბრიტანეთის, ავსტრალიისა და შვეციის ექსპერტების ერთობლივი დასკვნის გამოქვეყნება, დასკვნისა, რომლის მიხედვითაც ხომალდი ტორპედოთი იქნა ჩაძირული. ექსპერტების ინფორმაციით, ფსკერიდან ამოღებულ ტორპედოს ნაწილებს ჩრდილოკორეული დიზინის იდენტური ასოები ეწერა.
ჩრდილოეთ კორეა ბრალდებას უარყოფს და გამოძიების შედეგებს „სიყალბეს“ უწოდებს.

სეული ამბობს, რომ აღადგენს ჩრდილოეთ კორეაში ხმის გამაძლიერებლების გზით მაუწყებლობას. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყებამ ამას „ფსიქოლოგიური ომის ახალი მექანიზმი“ უწოდა და განაცხადა, რომ ხმის გამაძლიერებლებს ცეცხლს გაუხსნიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG