Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭადრაკო ომები: მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ყალმუხეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ


ანატოლი კარპოვი 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, გერმანიის ქალაქ დრეზდენში
ანატოლი კარპოვი 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, გერმანიის ქალაქ დრეზდენში
დაპირისპირება, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, რუსეთში „საჭადრაკო ომად“ მონათლეს: ერთ მხარეზეა დიდოსტატი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ანატოლი კარპოვი, ხოლო მეორეზე - რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კირსან ილიუმჟინოვი, რომელიც 1995 წლიდან ხელმძღვანელობს ფიდეს - ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას. რაც შეეხება დაპირისპირებას, ის საჭადრაკო დაფასთან კი არ მიმდინარეობს, არამედ ფიდეს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლას უკავშირდება. ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები წელს, სექტემბერში უნდა გაიმართოს.

უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება კონფლიქტი იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა დაასახელონ რუსეთის კანდიდატად ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ფიდეს ამჟამინდელი პრეზიდენტი კირსან ილიუმჟინოვი, ჭადრაკის დიდი მოყვარული, მულტიმილიონერი და 1992 წლიდან ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. მას გავლენიანი მოკავშირეც ჰყავს: კრემლის მრჩეველი, არკადი დვორკოვიჩი. დვორკოვიჩმა, რომელიც რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, გასული თვის მიწურულს განაცხადა, რომ ფედერაცია ისევ ილიუმჟინოვის კანდიდატურას მიემხრობა, რომ ეს გადაწყვეტილება მრავალრიცხოვანი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს, და რომ ილიუმჟინოვის კანდიდატურის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს ეროვნულ ფედერაციათა უმრავლესობა.

თითქოს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს, მაგრამ არ არის, რადგან რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის 14 მაისის სხდომაზე, უმრავლესობა მიემხრო არა კირსან ილიუმჟინოვის, არამედ ანატოლი კარპოვის - მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოჭადრაკის - კანდიდატურას. დვორკოვიჩი ამ შეხვედრას არ დასწრებია და უარს ამბობს კარპოვის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღიარებაზე - ის კვლავ ილიუმჟინოვის ლობირებას განაგრძობს და, კარპოვის ვარაუდით, ამას კრემლის სრული მხარდაჭერით აკეთებს.

ნომინაციაზე დავა გამწვავდა გასულ კვირაში, როცა რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია საკუთარი ოფისიდან გააძევეს და ოფისი დაულუქეს. ფედერაციის თავმჯდომარის ანატოლი ბახის შეფასებით, ორგანიზაცია იმისთვის დასაჯეს, რომ მან უარი თქვა დვორკოვიჩის ფავორიტის მხარდაჭერაზე.

ამასობაში ახლოვდება სექტემბერი და, მასთან ერთად, ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები. ანატოლი კარპოვი სერიოზულად ჩაება საარჩევნო კამპანიაში: „უკვე განვაცხადე ჩემი კანდიდატურის წამოყენების შესახებ და იმის შესახებაც, რომ მინდა, გავაუმჯობესო მდგომარეობა ჭადრაკის სამყაროში“, უთხრა კარპოვმა ჩვენი რადიოს მოსკოველ კორესპონდენტს ელენა ვლასენკოს, რომელმაც მას რამდენიმე შეკითხვით მიმართა და, სხვათა შორის, ჰკითხა ფიდეს დელეგატებისთვის გაგზავნილ წერილზეც. ამ მიმართვაში ცნობილი მოჭადრაკე რამდენიმე პრობლემას ასახელებს: მათ შორის რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის ოფისის დალუქვას, დოკუმენტების კონფისკაციას, ფედერაციის საბანკო ანგარიშების გაყინვას.
კირსან ილიუმჟინოვი

„დვორკოვიჩს უკვე ერთი კვირაა, პარალიზებული ჰყავს ფედერაცია“, ამბობს კარპოვი. – „რასაკვირველია, ანგარიშებს ყადაღა უნდა მოეხსნას, რასაკვირველია უნდა მოიხსნას, კაცმა არ იცის, საიდან მოსული დაცვა საჭადრაკო კლუბში. ჩვენ მათთვის არაფერი გვითხოვია, არავინ გამოგვიძახებია. კაცმა კანონის შესაბამისად უნდა იცხოვრო! საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება უნდა გქონდეს. მერე გაირკვევა, ვისი არჩევა სურთ, ილიუმჟინოვის თუ კარპოვის. ყველაფერი ნორმალურად იქნება, რუსეთიც სხვანაირად გამოჩნდება. ახლა მას სასაცილოს ხდიან.“

დვორკოვიჩი, რომელსაც ანატოლი კარპოვი, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის „პარალიზებაში“ ადანაშაულებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრემლის მრჩეველია. ზოგის ვარაუდით, ილიუმჟინოვის სასარგებლოდ მისი აქტიურობა შეიძლება იმას მოასწავებდეს, რომ კრემლს აღარ სურს ილიუმჟინოვის კიდევ ერთი ვადით დატოვება ყალმუხეთის პრეზიდენტის პოსტზე, და თაფლაკვერად სთავაზობს ფიდეს პრეზიდენტად დარჩენას. უფრო სწორად, ცდილობს, თაფლაკვერი გაუნაღდოს. მაგრამ კარპოვი უარს ამბობს ილიუმჟინოვის კანდიდატურის ლობირების პოლიტიკურ განზომილებაში ჩაღრმავებაზე - მე მარტო ჭადრაკი მაინტერესებსო, ამბობს ის ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში და დასძენს: პოლიტიკაზე კასპაროვსაც კი არ ველაპარაკები, ჩვენი საერთო საქმე მარტო ჭადრაკიაო.

აქ უნდა ითქვას, რომ გარი კასპაროვი, გარდა იმისა, რომ ყველა დროის უდიდესი მოჭადრაკეების რიცხვს მიეკუთვნება და რუსეთის ხელისუფლების აქტიური პოლიტიკური ოპონენტია, ანატოლი კარპოვს ემხრობა ფიდეს პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლაში. ამასთან კასპაროვს კარპოვისთვის, როგორც ეს უკანასკნელი ამტკიცებს, არასოდეს შეუთავაზებია პოლიტიკაში ჩართვა: „არ შემოუთავაზებია! უბრალოდ, როცა კონსულტაციებს ვაწარმოებდით, პირდაპირ ვუთხარი, რომ საუბარია მარტო ჭადრაკზე. ეს მან სავსებით ნორმალურად აღიქვა. ჩვენ, შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს - და, კაცმა რომ თქვას, გვაქვს კიდეც - მაგრამ ჭადრაკში საერთო ხედვა გვაქვს. საჭიროა სერიოზული ზომების მიღება, რათა ჭადრაკი, როგორც პროფესია, წარსულს არ ჩაბარდეს. პროგრამას სრული სახით გამოვაქვეყნებ მას შემდეგ, რაც მთელი ძალით ჩავერთვები კამპანიაში“, აცხადებს კარპოვი.

მოკლედ, საქმე მარტო ჭადრაკს ეხება - „საჭადრაკო ომს“ ფიდეს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის ბრძოლას მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანატოლი კარპოვსა და ყალმუხეთის მულტიმილიონერ პრეზიდენტ კირსან ილიუმჟინოვს შორის.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაპირისპირებაში კრემლის მრჩევლის არკადი დვორკოვიჩის პოზიცია? აი, როგორ უპასუხა ანატოლი კარპოვმა ჩვენი კორესპონდენტის ამ შეკითხვას:

„მე ის ვიცი, მე რა შემიძლია გავუკეთო ჭადრაკს. ნამდვილად ვიცი, რომ ვითარება მკვეთრად შეიცვლება და ცვლილებებს ყველა დაინახავს. შემიქმნიან თუ არა დაბრკოლებებს ილიუმჟინოვი ან დვორკოვიჩი, მათი საქმეა. დვორკოვიჩი, ჯერ ერთი, არ არის რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. ის მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარეა - ეს არის სათათბირო ორგანო. და მეორეც: ეს არის მხოლოდ რუსეთი. ჩვენ ხომ მსოფლიო ჭადრაკზე ვლაპარაკობთ! საუბარია ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციაზე. ამ ფედერაციის წევრი 165 ქვეყნიდან რუსეთი ერთ-ერთია.“
XS
SM
MD
LG