Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 8 ივნისი 2010


იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა და, მასთან ერთად, ქართული მედიის ძირითადი ნაწილი კრიტიკული განცხადებების კეთებით შემოიფარგლება, რუსული პრესა სხვადასხვა ფაქტებს გვაცნობს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით.

დავიწყოთ სამშენებლო პროცესით. „იზვესტიას“ ინფორმაციით, მშენებლობაში 19 ათასი მშენებელი და 2 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკაა ჩართული. შენდება სამოცდაათამდე შენობა-ნაგებობა და იგება 60-მდე კილომეტრი გზა. შენდება ოლიმპიური უნივერსიტეტი. სწორედ მის საფუძველში აგურის ჩასადებად ჩავიდა რუსეთის პრემიერი სოჭში. „ვედომოსტის“ ცნობით, მთელ ტერიტორიაზე მონტაჟდება მეოთხე თაობის მობილური სატელეფონო ტექნოლოგია. ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის პარალელურად, ადგილობრივი სარესტორნო და საკლუბო ინფრასტრუქტურაც ვითარდება.

„კომერსანტი“ აქვეყნებს ერთ-ერთი კორესპონდენტის მოგზაურობის ამსახველ ჩანაწერებს, სადაც ის აღწერს თავის შთაბეჭდილებებს. მაგალითად, რესტორან „ლენტიაიში“ ლიტერატურული კაფე: „ლამაზი გოგონები მაკბუკებით ინტერნეტის სივრცეებში დაძვრებიან და სარტრსა და კუნდერას კითხულობენ.“ რესტორანი „გენაცვალე“: „ერთ ერთი საუკეთესო ქართული რესტორანი პარკ „რივიერას“ წინ. მომსახურე პერსონალი ტრადიციულ ტანსაცმელშია გამოწყობილი და გულმხურვალედ გაცნობენ სხვადასხვა რეცეპტებს.“ კორესპონდენტი რესტორნის დახასიათებას ასრულებს: „ხანდახან, საღამოობით, დინამიკებიდან ჟღერს „სულიკო“, ადგილობრივი ინტერპრეტაციით. ასეთ მომენტებში იხსენებ, რომ სოჭი მეგობრული, მრავალნაციონალური ქალაქია.“

გარდა სარესტორნო და საკლუბო ინფრასტრუქტურისა, საუბარია ასევე, პირველად რუსეთის ისტორიაში, ფორმულა ერთის სპორტული მანქანებისთვის ტრასების მშენებლობაზე. როგორც ირკვევა, თავის დროზე ეს ოცნება ბრეჟნევს ჰქონია, მაგრამ მაშინდელ საბჭოთა ნომენკლატურას, სატელევიზიო ტრანსლირებისა და საერთაშორისო ბრენდების რეკლამირებით გამოწვეული ინფორმაციის გაჟონვის შიშით, ამაზე უარი უთქვამს. რამდენად მოდერნიზებული რუსეთის მაგალითია დღევანდელი სოჭის პროექტი?

საკმაოდ კრიტიკულია პასუხები ამ კითხვაზე რუსულ პრესაში. „ვედომოსტი“ აქვეყნებს სარედაქციო წერილს: „თვალში გვხვდება ამ პროექტის ხარჯების არასათანადო შეფასება და პროექტის მნიშვნელობის ზედმეტად შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მომავლის განვითარების მხრივ. ოლიმპიური თამაშებისთვის ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ხარჯებმა 30 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და თამაშებამდე კიდევ 10- მდე მილიარდით გაძვირდება.“ თანხები, ძირითადად, სახელმწიფოს მიერაა გაღებული და, გაზეთ „ნეზავისიმაიას“ აზრით, ანომალიურად მაღალია. ანომალიურად მაღალ ხარჯებს სოჭის ოლიმპიადაზე ეკონოსმისტები ხსნიან კორუფციით, სამუშაოების შესრულების დაბალი ეფექტურობით და ასევე ოლიმპიადისთვის არასათანადო ადგილის შერჩევით.

ამ უკანასკნელი ფაქტორის მიზეზი, „ნეზავისიმაიას“ ინფორმაციით, მოუწყობელი ინფრასტრუქტურაა: „ზღვის პირას ვიწრო ზოლი, განუვითარებელი ინფრასტრუქტურით. ამას გარდა, ნაწილი მშენებლობისა სამთო პირობებში მიმდინარეობს, რაც აძვირებს მშენებლობას.“ სხვადასხვა დაანგარიშებით, სოჭის ოლიმპიადაზე დახარჯული ფული, რუსეთის ყველა რეგიონის ერთად აღებულ წლიურ ბიუჯეტს უტოლდება და, მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, რუსეთის თითოეულ მოქალაქეს 200-მდე დოლარი ჯიბის ფული უჯდება.

„ნეზავისიმაიადან“ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ვერ დაინახეს რეალური ბიზნესგეგმა. გაზეთის აზრით, თანხის მოზრდილი ნაწილი ეგრეთ წოდებულ „ატკატებზე“ და კრიმინალებზე მიდის, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ის, რომ, გაზეთის აზრით, სახელმწიფო აპარატის მსგავსი ქმედება საზოგადოების გადაწყვეტილებებში არჩართულობაა. „საზოგადოებას თავიდანვე რომ სცოდნოდა, რეალური ოლიმპიური ბიუჯეტი 30-40 მილიარდი დოლარი იქნებოდა, მოქალაქეებს არჩევანი ექნებოდათ უპირატესობა მიენიჭებინათ, მაგალითად, ჯანდაცვის ან სხვა განუვითარებელი დარგების განვითარებისთვის“, წერს გაზეთი „ნეზავისიმაია“ სტატიაში, სახელწოდებით „კორუფციამ დაადგინა ოლიმპიური რეკორდი“.
XS
SM
MD
LG