Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაგიკული ივნისი კოალიციისათვის და ახალი ქართული მისია ავღანეთში


კოალიციის ჯარისკაცები ავღანეთში
კოალიციის ჯარისკაცები ავღანეთში
ივნისი ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თვედ იქცა. სამი კვირის განმავლობაში ავღანეთში კოალიციური ძალების 40 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ამერიკის არმიის დანაკარგებმა კი 1000 კაცს მიაღწია. ივნისის თვეში საბრძოლო გაშლა დაასრულა საქართველოს ბატალიონმა, რომელსაც ხიფათებით სავსე ჰელმანდის პროვინციაში კომპლექსური სამშვიდობო ოპერაციის ჩატარება მოუხდება.

ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ კოალიციის ძალები და ავღანეთის არმია მალე გადამწყვეტ ოპერაციას დაიწყებენ თალიბების რაზმების წინააღმდეგ, რომლებმაც მთელი ავღანეთის მასშტაბით კვლავ გაააქტიურეს თავდასხმები. მაისის ბოლოდან მეამბოხეთა რაზმები თავს ესხმიან ავღანეთის პოლიციისა და კოალიციური ჯარების ბლოკ- საგუშაგოებს, თვითმკვლელი ტერორისტები აწყობენ აფეთქებებს ხალხმრავალ ადგილებში. სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრია ჰელმანდის, ყანდაარისა და ნურისტანის პროვინციები. მაისის ბოლოს თალიბებმა იერიშით აიღეს ნურისტანის პროვინციის ბარგი მატალის რაიონი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. ნატოს შეიარაღებული ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა აღიარა, რომ პროვინცია ნურისტანის აღმოსავლეთ ნაწილში თალიბანის ცალკეულმა ჯგუფებმა მოახერხეს კონცენტრაცია, თუმცა კოალიციური ჯარების სარდალი დარწმუნებულია, რომ დაპირებული ფართომასშტაბიანი ოპერაცია გეგმის თანახმად წარიმართება. მეტიც, მაკკრისტალმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს:

„ფაქტია, რომ გარკვეული მოქმედებები დაწყებულია. მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან კონვენციურ ოპერაციებს, არ შეუძლიათ დაინახონ, თუ რა ხდება. ჩვენ ავღანეთის ეროვნულ პოლიციასთან ერთად ვზრდით მომხრეების რიცხვს ქალაქ ყანდაარში. ავღანეთის ნაციონალური მართლწესრიგის ძალებთან ერთად ვაფართოებთ უსაფრთხოების რკალს ქალაქის გარშემო, ვაძლიერებთ ავღანეთის ეროვნული არმიისა და კოალიციური ძალების აქტივობებს ქალაქის ირგვლივ და მის შემოგარენში. ეს ძალიან თანამიმდევრული პროცესია და არა ერთჯერადი ღონისძიება. ასე რომ, მის განხორციელებას თვეები ესაჭიროება. მაგრამ ეს ხელს უწყობს უსაფრთხოების ყოველდღიურ გაძლიერებას.“

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გენერალ მაკკრისტალს არ დაუკონკრეტებია მომავალი ოპერაციის დაწყების დრო. მოულოდნელობის ეფექტი გადამწყვეტია სამხედრო ოპერაციის წარმატებაში. არც ისაა გამორიცხული, რომ ადრე გამოცხადებული ყანდაარის ნაცვლად, თალიბების წინააღმდეგ ოპერაცია ავღანეთის სხვა რეგიონში ჩატარდეს. თალიბები სამხრეთ-აღმოსავლეთშიც გააქტიურდნენ, სადაც, ჩვენი რადიოს ცნობით, გასულ კვირაში თავს დაესხნენ ქალაქ ღაზნის პოლიციის პოსტს და 12 ავღანელი პოლიციელი მოკლეს. როგორც უკვე ითქვა, იზრდება დანაკარგი კოალიციის რიგებში. მხოლოდ ივნისის თვეში თალიბებთან ბრძოლაში ავღანეთში 40 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ავღანეთში გამგზავრების ცერემონიალზე
ამ ფონზე ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საბრძოლო გადასროლა დაასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონმა. ქვედანაყოფი, რომელშიც 750 სამხედრო მოსამსახურეა, უკვე განლაგდა ჰელმანდის პროვინციაში. როგორც ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა ალექსანდრე ოზბეთელაშვილმა უთხრა ქართულ ტელეკომპანიებს, ქვედანაყოფმა უკვე მიიღო საბრძოლო ნათლობა კოალიციის ძალებსა და ავღანურ პოლიციასთან ერთად:

„31-ე ბატალიონმა უკვე დაიწყო მოქმედება თავის მოქმედების არეალში. დაკისრებული აქვს ფეხით პატრულირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირება, კონვოირება და ასრულებს სრულ სპექტრს ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებისა.“

აღნიშნული ბატალიონის ძირითადი ბირთვი დაკომპლექტებულია იმ სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება მიიღეს ერაყსა და კოსოვოში. ქვედანაყოფმა, ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, საფუძვლიანი მომზადება გაიარეს ჯერ საქართველოში, კრწანისის პოლიგონზე, და შემდეგ გერმანიაში, რამშტაინის ამერიკის სამხედრო ბაზაზე. ჰელმანდის პროვინციის გარდა, ქართული ასეული იმყოფება ქაბულთან ახლოს, სადაც, ფრანგული ქვედანაყოფის ფარგლებში, სამხედრო ბაზა „ვეაჰაუსის“ (Warehouse) დაცვის ამოცანას ახორციელებს. ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფის მომზადების დონეს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა კოალიციური ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა, რომელიც 15 ივნისს ქაბულში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას და საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. ISAF-ის ოპერაციაში 926 ქართველი მსახურობს, რაც იმას ნიშნავს, რომ, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG