Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის ანგარიში: აშშ-ის მოქმედება ხელს უწყობს თალიბანის დაფინანსებას


ანგარიშში, რომელიც აშშ-ის კონგრესის დავალებით მომზადდა, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში წლიურად ათობით მილიონ დოლარს უხდის უსაფრთხოების ფირმებს, რომლებიც ფულს საველე მეთაურებს, ამდენად, პოტენციურად, თალიბანსაც აწვდიან. ანგარიშის მიხედვით, პენტაგონის სისტემამ, რომელიც ითვალისწინებს კერძო კომპანიების აყვანას ავღანეთში განთავსებული კონტინგენტისთვის მომარაგების მისაწოდებლად და, რომლის შესაბამისადაც, ამ კომპანიებმა თვითონვე უნდა იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ხელი შეუწყო „რეკეტის პრინციპზე დამყარებული ფართო ქსელის“ შექმნას, რომელშიც საველე მეთაურები, სარდლები, კორუმპირებული ავღანელი ოფიციალური პირები და „შესაძლოა, სხვებიც არიან ჩართული“. კონგრესის ანგარიშის ავტორების განცხადებით, ბადრაგებზე ბევრჯერ განხორციელებულა იერიშები, თუ ფული არ იყო გადახდილი. ტვირთის დასაცავად გაღებული ფული, გამომძიებლების შეფასებით, „მნიშვნელოვანი პოტენციური წყაროა თალიბანის დასაფინანსებლად“. ანგარიშს, რომელიც ნახევარწლიან გამოძიებას ეფუძნება, დღეს კონგრესის სხდომაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG