Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სტრატეგიამ ბრიტანეთის წარმომადგენელი „გადაიყოლა“


შერარდ კაუპერ-კოულზი
შერარდ კაუპერ-კოულზი
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში შერარდ კაუპერ-კოულზი თავის თანამდებობას გამოეთხოვება ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანელი დიპლომატი არ ეთანხმებოდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ხელმძღვანელობის სტრატეგიას თალიბების მიმართ.

ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადება დაემთხვა ორშაბათს ავღანეთში მომხდარი თავდასხმების სერიას, რომლის დროსაც ნატოს 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ნატოს ძალების სარდალს კი ბოდიშის მოხდა მოუწია თავისი სადავოდქცეული ინტერვიუს გამო.

შერარდ კაუპერ-კოულზის თანამდებობიდან წასვლა გამოცხადდა მაშინ, როდესაც ნატოს 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სამხედრო შვეულმფრენის კატასტროფისა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული თავდასხმების სერიის დროს.

შეტაკებებში 5 ამერიკელი, სამი ავსტრალიელი და ერთი კანადელი ჯარისკაცი დაიღუპა. შედეგად, მხოლოდ ივნისის თვეში ნატომ 65 მებრძოლი დაკარგა. მიმდინარე წლის განმავლობაში კი მსხვერპლის რაოდენობა 285-მდე გაიზარდა.

მსხვერპლის რაოდენობა იზრდება ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტში, რომელიც, შეერთებული შტატების არმიის შემდეგ, სიდიდით მეორეა ავღანეთში. ბრიტანეთმა, 2001 წლიდან მოყოლებული, 300 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სულ ბოლო ჯარისკაცი, ჰელმანდის პროვინციაში მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად, 20 ივნისს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციებმა აიძულა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დაედო პირობა, რომ ავღანეთიდან ჯარებს გამოიყვანს, როგორც კი ავღანეთის უსაფრთხოების ძალები დამოუკიდებლად შეძლებენ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას:

„ ჩვენ მაღალი საზღაურის ფასად ვცდილობთ მსოფლიო გავხადოთ უფრო მშვიდობიანი, რითაც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას ვიცავთ. მაგრამ ჩვენ უნდა ვეკითხებოდეთ საკუთარ თავს, რატომ ვართ ჩვენ იქ და რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ მომავალში. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ავღანეთში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ავღანელები არ არიან მზად დაიცვან საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ქვეყნიდან გარეკონ ტერორისტები და ტერორისტული საწვრთნელი ბანაკები. ამიტომაც უნდა ვიყოთ ჩვენ იქ, მაგრამ როგორც კი ავღანელები მზად იქნებიან, რომ მოუარონ და დაიცვან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენ მაშინვე გამოვალთ.“

ამ ფონზე ავღანეთსა და პაკისტანში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის პოსტიდან წასვლა ზრდის ინტრიგას. თუმცა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ იძლევა განმარტებას, თუ რა გახდა კაუპერ-კოულზის წასვლის მიზეზი, ანდა რა ამპლუაში დაბრუნდება დიპლომატი. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია კაუპერ-კოულზის შეხედულება, რომლის თანახმადაც, მეამბოხეთა ჯგუფებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმ დისკუსიაში, ავღანეთის მომავლის განსაზღვრას რომ შეეხება. იუწყებიან, რომ ბრიტანელ დიპლომატს, ასეთი მიდგომის გამო, სერიოზული უთანხმოება ჰქონდა ნატოსა და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან.

ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ცხადად იჩინა თავი დაპირისპირებამ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაშიც. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების არმიის უმაღლეს სარდალს ბოდიშის მოხდაც მოუწია ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუს გამო, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოხელეთა მიმართ კრიტიკულ გამოთნათქვამებს შეიცავს. ამ კვირაში ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებულ წერილში გენერალ სტენლი მაკკრისტალის სარკასტული კომენტარებია ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი გენერალ მაკკრისტალის სტრატეგიის მიმართ. სტატია შეიცავს უცერემონიო შენიშვნებს ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების წარგზავნილის რიჩარდ ჰოლბრუკის მიმართაც. გენერალმა მაკკრისტალმა ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას „შეცდომა“ უწოდა. ამას დაემატა 21 ივნისს კონგრესის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატების სამხედროები არაპირდაპირ აფინანსებენ ავღანელ მეამბოხეებს, რომელთა კერძო კომპანიები ქირის საფასურად სამხედრო ბადრაგის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ. ანგარიშის თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა ათობით მილიონი დოლარი გადაუხადეს ავღანეთის უსაფრთხოების ფირმებს, საიდანაც ფული ავღანელ საველე მეთაურებს, თალიბანს და კორუმპირებულ მოხელეებს მისდით. მოსალოდნელია, რომ დღის ბოლოს შეერთებული შტატების კონგრესის საგამოძებო კომისია ამ საკითხის ირგვლივ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG