Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის რეფერენდუმს ეუთო იწონებს, რუსეთი - შიშობს


ყირგიზეთში ჩატარებული რეფერენდუმი ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით აღინიშნა
ყირგიზეთში ჩატარებული რეფერენდუმი ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით აღინიშნა
ეუთომ, მთლიანობაში, გამჭვირვალე უწოდა ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის თანახმადაც, ქვეყანა საპრეზიდენტოდან მართვის საპარლამენტო მოდელზე გადადის. თუმცა რუსეთი ეჭვობს, რომ ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ახალი პოლიტიკური სისტემა შეიძლება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამოიყენონ.

ყირგიზეთი შუა აზიაში პირველი საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება. რეფერენდუმზე გატანილ საკითხს კვირას დადებითად უპასუხა საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა. რეფერენდუმმა ლეგიტიმურობა მიანიჭა ასევე ქვეყნის გარდამავალ მთავრობას, რომელმაც ძალაუფლება აპრილის მასობრივი არეულობისა და ყოფილი პრეზიდენტის - ყურმანბეკ ბაკიევის - დამხობის შემდეგ აიღო ხელში. როზა ოტუმბაევამ, გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„ძალიან, ვიტყოდი, მოკრძალებული ინაუგურაციის შემდეგ მე ვღებულობ პრეზიდენტის უფლებამოსილებას 2007 წლის კონსტიტუციის შესაბამისად. დიახ, კონსტიტუციის შესაბამისად, ვიწყებ მთავრობის ფორმირებას, მთავრობისა, რომელსაც უკვე აღარ ექნება ზედსართავი „დროებითი“. მსოფლიო პრაქტიკაში ასეთ მთავრობას, ტექნიკურ მთავრობას, ინგლისურად „ქეართეიკარ გავერნმენტს“ (caretaker government) უწოდებენ.“

ახალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება და ყირგიზეთი შუა აზიის პირველ საპარლამენტო რესპუბლიკად იქცევა. ოტუნბაევას თქმით, ამით მთავრდება ერა, „როდესაც ქვეყანას, ორი წინა პრეზიდენტის შემთხვევაში, ერთი კორუმპირებული ოჯახი მართავდა. რეფერენდუმზე როზა ოტუნბაევამ ხმა მისცა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში, სადაც ცოტა ხნის წინ ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ ძალადობას, სულ მცირე, 275 ადამიანი ემსხვერპლა. ვითარება რეფერენდუმის დროს ქვეყანაში მშვიდი იყო, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოება კვლავ ძალიან მყიფეა ყირგიზეთში. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ყირგიზეთის საკონსტიტუციო მოდელს საკმაოდ ცუდი მომავალი უწინასწარმეტყველა:

„კარგად ვერც კი წარმომიდგენია, თუ როგორ იმუშავებს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ყირგიზეთში. ხომ არ გადაიზრდება ეს დაუსრულებელ პრობლემებში, პარლამენტში შეხლა-შემოხლაში, ხელისუფლებაში ამა თუ იმ ძალების მოსვლაში, თანაც ძალუფლების ხელიდან ხელში უკონტროლო გადაცემაში და, საბოლოო ჯამში, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს ისეთი ძალების მოსვლას ხელისუფლებაში, რომლებსაც ექსტრემისტული მისწრაფებები აქვთ?!“

ყირგიზეთში კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს მიესალმა ტაჯიკეთი, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ყველა ხელისუფლებასთან, რომელსაც ყირგიზეთის მოსახლეობა აირჩევს. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო მეთვალყურეებმა ყირგიზეთის მთავრობა შეაქეს რეფერენდუმის მშვიდობიან გარემოში ჩატარების გამო, თუმცა ზოგიერთ ნაკლოვანებაზეც მიუთითეს. აი, რა განაცხადა პრესკონფერენციაზე ეუთოს დემოკრატიულ მეთვალყურეთა გუნდის ხელმძღვანელმა ბორის ფრლეცმა:

„იმ უკიდურესად რთული გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც რეფერენდუმი ჩატარდა, - სულ რამდენიმე კვირაში სამხრეთ ყირგიზეთში, ოშსა და ჯალალაბადში, შეტაკებების შემდეგ, - დროებითი მთავრობა და ადგილობრივი მმართველობები დადებით შეფასებას იმსახურებენ მნიშვნელოვანი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის ორგანიზებისათვის.“

27 ივნისს გამართული რეფერენდუმის თანახმად, ყირგიზეთის მთავრობის თავმჯდომარეს როზა ოტუმბაევას საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2011 წლამდე გაუხანგრძლივდა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ყირგიზეთში პარლამენტს ხუთწლიანი ვადით, ხოლო უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს ექვს წელიწადში ერთხელ აირჩევენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG