Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რუსეთისთვის მომუშავე აგენტები გამოააშკარავეს


28 ივნისს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ათი პირი დააპატიმრა, კიდევ ერთი კი იძებნება. ბრალდების თანახმად, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულში, რასაც, აშშ-ისკანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოს არარეგისტრირებული აგენტობა და ფულის გარეცხვა ეწოდება. რუსეთზე მომუშავე ე.წ. ჯაშუშთა სკანდალი შეერთებულ შტატებში აგორდა სამი დღის შემდეგ, რაც ვაშინგტონში რუსეთ-ამერიკის სამიტი დასრულდა. თუმცა რუსეთის ხელისუფლება ჯაშუშების დაკავების შესახებ კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობს და შეერთებული შტატების ხელისუფლებისაგან განმარტებებს ელოდება.

ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირები 27 ივნისს რამდენიმე ქალაქში დააკავეს. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიურო და ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ოლქის პროკურატურის ოფისი მრავალი წლის განმავლობაში იძიებდა საქმეს, რასაც, „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, საფუძვლად დაედო რუსეთის დაზვერვის სამმართველოდან ორი ეჭვმიტანილის - რიჩარდ და სინტია მერფების სახელზე გაგზავნილი შეტყობინება:

„თქვენ იგზავნებით შეერთებულ შტატებში გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებით. თქვენი განათლება, საბანკო ანგარიშები, მანქანა, სახლი და სხვა რამ ემსახურება მხოლოდ ერთ ამოცანას: შეასრულოთ მთავარი მიზანი, ანუ მოიძიოთ და დაამყაროთ კავშირები შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტასთან, შეაგროვოთ და გადმოგვცეთ სადაზვერვო ინფორმაცია.“

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანახმად, საუბარია ე.წ „არალეგალებზე“ - ადამიანებზე, რომლებმაც მომზადება გაიარეს რუსეთში და შეერთებულ შტატებში გაიგზავნენ „ამერიკულ გარემოში ჩასანერგად“. პერსეპქტივაში მათ უნდა დაემყარებინათ ურთიერთობა ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან, პრესასთან და მეცნიერებთან, ინფორმაციის შეგროვების, პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისა და პრორუსული გავლენის მოხდენის მიზნით.

რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ერთბაშად ათკაციანი ჯგუფის დაკავება ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მკვლევრებისათვის. მათ შორის არის ემორის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და ისტორიის პროფესორი ჰარვეი კლერი, ავტორი წიგნისა „რუსეთის კაგებეს აღზევება და დაცემა ამერიკაში.“

„ვფიქრობ, ბევრი ვარაუდობს, რომ უცხოეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებსაც შეერთებულ შტატებთან რთული ურთიერთობა აქვთ, მიმართავენ ძალისხმევას იმისათვის, რომ შეაგროვონ სადაზვერვო ინფორმაცია. მაგრამ ეს უკანასკნელი ნამდვილად წააგავს საკმაოდ დიდ ოპერაციას, რაც სიურპრიზს წარმოადგენს.“

მკვლევარი ამბობს, რომ თავისთავად არაფერია იმაში განსაცვიფრებელი, რომ დაზვერვის ოფიცრები დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობდნენ მასპინძელ ქვეყნებში, ვთქვათ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები - შეერთებული შტატების საელჩოებში, ანდა რუსეთის გრუს (მთავარი სადაზვერვო სამმართველოს) წარმომადგენლები - რუსეთის საელჩოებში. თანაც, ასეთი აგენტები ოფიციალური იმუნიტეტით სარგებლობენ და თუკი მათი გამოაშკარავება მოხდა, აგენტებს ქვეყნიდან, უბრალოდ, აძევებენ. მაგრამ ზემოხსენებული 10 პირის დაჭერის შემთხვევაში ეჭვმიტანილებს არ შეეხებათ იმუნიტეტი, რაკი ისინი, როგორც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, „ღრმად შენიღბულად“ მოქმედებდნენ.

„ამ ხალხს არა აქვს დიპლომატიური იმუნიტეტი. ეს ადამიანები მოქმედებდნენ, როგორც, ასე ვთქვათ, „არალეგალები“- ამის გამო მათ არა აქვთ დიპლომატიური მფარველობა. ამ თვალსაზრისით, ეს ხალხი გაცილებით უფრო დაუცველია, ისინი გაცილებით უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან და, სავარაუდოდ, ისინი უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.“

2001 წელს შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა
ქვეყნიდან გააძევა 50 რუსეთის აგენტი, რომლებიც ოფიციალური საფარველის ქვეშ მოქმედებდნენ. ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის მოქმედება იყო პასუხი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი ჯაშუშის, ამერიკელი რობერტ ჰანსენის დაკავებაზე, რომელიც სამუდამო პატიმრობაში ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ საპყრობილეში იმყოფება. მაგრამ მოჰყვება თუ არა რუსეთის 11 აგენტის დაპატიმრებას საპასუხო ნაბიჯები რუსეთში, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის ხელისუფლებიდან სავარაუდო ჯაშუშების დაკავებას მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და ისიც საკმაოდ სარკასტულად:

„ჩვენ არ განგვიმარტეს, თუ რაზეა საუბარი და იმედი გვაქვს, რომ განგვიმარტავენ. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ მომენტი, როდესაც ეს გაკეთდა, განსაკუთრებით მოხდენილად არის შერჩეული.“

სერგეი ლავროვს მხედველობაში ჰქონდა რუსეთ-ამერიკის ამასწინანდელი სამიტი, რომლის დასრულებიდან სულ რაღაც სამ დღეში შეერთებული შტატების სამართალდამცველებმა რუსეთის სასარგებლო მუშაობაში 10 პირი დააპატიმრეს. თუ რა გავლენას იქონიებს ახალი, ე.წ. „ჯაშუშთა“ სკანდალი რუსეთ-შეერთებული შტატების ხელახლად გადატვირთულ ურთიერთობაზე, ძნელი სათქმელია. ეჭვმიტანილები, რომელთა საქმიანობას იუსტიციის სამინისტრო ჯაშუშობას არ უწოდებს, სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ დაპატიმრებული 10 პირი ეჭვმიტანილია უცხო სახელმწიფოს სასარგებლო კონსპირაციულ აგენტურულ მუშაობაში, რაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ორის გამოკლებით ყველა ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, რაც 20-წლიანი პატიმრობით ისჯება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG