Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი შევა


პარლამენტში დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი შევა. ამ მიზნით, 14:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის სამოქმედო პროგრამა "საქართველო სიღარიბის" გარეშეც შევა. საკითხის განხილვას საპარლამენტო კომიტეტები დღესვე შეუდგებიან და 15:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, ხოლო 16:00 საათზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მთავრობაში უკანასკნელად განხორციელებული საკადრო ცვლილების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერა ქობალია ინიშნება, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახალი სამინისტროს პირველი პირი ლადო ვარძელაშვილი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნულ დავით ტყეშელაშვილს კი რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლეიშვილი შეცვლის. კანონმდებლობის თანახმად, უკანასკნელი ნდობის გამოცხადებიდან მინისტრთა კაბინეტში 1/3–ის ცვლილების შემდეგ, პარლამენტს მინისტრთა კაბინეტისთვის კვლავ ნდობის გამოცხადება უწევს.

XS
SM
MD
LG