Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში საპრეზიდენტო გაურკვევლობა დასრულდა


ბრონისლავ კომაროვსკი
ბრონისლავ კომაროვსკი
ბრონისლავ კომოროვსკი პოლონეთის პრეზიდენტი ხდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების თანახმად. 4 ივლისს გამართულ არჩევნებზე მან ამომრჩეველთა ხმების 52.63 პროცენტი მიიღო, 47 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი იაროსლავ კაჩინსკის, ტყუპისცალს ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა, რომელიც აპრილის თვეში, ავიაკატასტროფის შედეგად, რუსეთის ტერიტორიაზე დაიღუპა.

პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი პირობას დებს, რომ გააერთიანებს ქვეყნის დანაწევრებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. „აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ დაპირისპირებამ არ გადაფაროს თანამშრომლობა“, - განაცხადა 4 ივლისს ბრონისლავ კომოროვსკიმ. თუმცა, ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, პოლონეთში აზრთა სხვადასხვაობა სრული სიცხადით გამოჩნდა არჩევნებზე. ვარშავის მცხოვრები ვლოდჟიმერ ჰაუსტერი კომოროვსკის საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს, თუმცა ვარშაველი ქალი ჰოროდეცკა მხარს იაროსლავ კაჩინსკის უჭერდა:

„მე ცოტა შეშფოთებული ვარ. ჩემი ვაფორიტი კაჩინსკი იყო. მე დღესაც მჯერა, რომ იგი გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ის ბევრ კარგ რამეს გააკეთებს პოლონეთისათვის, პირველ ყოვლისა, იგი ახსნას მოუძებნის საავიაციო კატასტროფას, რის თაობაზეც ბევრი რამე საჭიროებს განმარტებას და რაც, მეეჭვება, დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთოს.“

იაროსლავ კაჩინსკი, პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ ლიდერი
მმართველი პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კვირას გამართულ არჩევნებში ხმათა 52.63 პროცენტი მიიღო და მცირედი უპირატესობით დაამარცხა იაროსლავ კაჩინსკი, პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ ლიდერი, გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი. როგორც ცნობილია, „კანონისა და სამართლიანობის პარტიას“ აქვს ევროსკეპტიკოსის რეპუტაცია, ხოლო ლეხ კაჩინსკიმ 18-ჯერ დაადო ვეტო „სამოქალაქო პლატფორმისა“ და მისი უხლოესი მოკავშირის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

ლეხ კაჩინსკი, რომელმაც 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დონალდ ტუსკი, აპირებდა მეორედ ეყარა კენჭი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, თუმცა, წლის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვებით, ჩამორჩებოდა ბრონისლავ კომოროვსკის. რაც შეეხება იაროსლავ კაჩინსკის, გარდაცვლილი პრეზიდენტის ტყუპისცალს, იგი 2006-2007 წლებში დამარცხდა საყოველთაო არჩევნებში, თუმცა იაროსლავ კაჩინსკის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა მისი ძმის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის იაროსლავ კაჩინსკის საავიაციო კატასტროფაში დაღუპვის შემდეგ.

4 ივლისის განმეორებითი ტურის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილებოდა როგორც არა მხოლოდ ორი ლიდერის, არამედ როგორც ორი მსოფლმხედველობის - კონსერვატიულისა და ლიბერალურის - დაპირისპირება. პირველს განასახიერებდა „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ და მისი ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, მეორეს კი „სამოქალაქო პლატფორმა“ და უკვე გამარჯვებული პრეზიდენტი -ბრონისლავ კომოროვსკი, რომელიც ქვეყნის მოქმედ, რეფორმატორ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად სერიოზულ ტანდემს შექმნის.

ლიბერალები აცხადებენ, რომ პოლონეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის 27 წევრს შორის, რომელმაც გასულ წელს ეკონომიკური ზრდა გამოაცხადა, თუმცა კვლავაც ბევრია გასაკეთებელი სახელმწიფო ხაზინის „შავი ხვრელების“ ამოსავსებად.

4 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებს ყურადღებით აკვირდებოდნენ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთა ლიდერებთანაც პოლონეთის წინა პრეზიდენტს ხშირად ჰქონდა უთანხმოება. მომავალი წლის მეორე ნახევარში სწორედ პოლონეთი უხელმძღვანელებს როტაციის წესით ევროპის კავშირს, რომელშიც პოლონეთი 2004 წელს გაწევრიანდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG