Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ცინიკურს უწოდებს


საქართველოს მთავრობა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ცინიკურს უწოდებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას იაფფასიანი მეთოდებით ცდილობს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და ოკუპაციის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა პუტინმა კვლავ თქვა, რომ აგვისტოს ომი რუსეთს არ დაუწყია, პასუხისმგებგებლობა კი ომის დამწყებს ეკისრება. პუტინის განცხადებით, ზოგიერთს სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულად მიაჩნია, სხვას კი - გათავისუფლებულად. რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისმა და ცხინვალმა ურთიერთობა თავად უნდა მოაგვარონ და არა რომელიმე მესამე მხარის დახმარებით. რუსეთზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა, თანამშრომლობა ორმხრივ პატივისცემას გულისხმობს. ”როგორც კი მოსკოვში შეეგუებიან, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საკუთარ ბედს თავად ირჩევს, რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარება ძალიან იოლი იქნება” - განაცხადა ბოკერიამ.
XS
SM
MD
LG