Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ჯონ მაკკეინი ავღანეთში ომის მოგების პირობების შესახებ


ჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი
აშშ-ის სენატის შეიარაღებული უწყებების კომიტეტში რესპუბლიკური პარტიის წამყვანი წარმომამდგენელია ჯონ მაკკეინი. მისი შეფასებით, ავღანეთში ომის მოგების საკვანძო პუნქტი ყანდაარია, სამხრეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი. მაკკეინი ამ ქალაქში სტუმრობისას კრიტიკითაც გამოვიდა პრეზიდენტ ობამას გეგმის მიმართ, გაისად ივლისში იქიდან ჯარების გამოყვანის შესახებ.

ჯონ მაკკეინმა ყანდაარში ორშაბათს განაცხადა, რომ ნატოს ჯარი, რომელსაც აშშ-ის სამხედროები მეთაურობენ, ავღანეთის ომს მოიგებს, თუკი ყანდაარს დაეპატრონება. მანამდე, მისივე ვარაუდით, ქალაქისთვის ბრძოლაში მსხვერპლი დიდი იქნება:

„თალიბანმა იცის, რომ ყანდაარი გადამწყვეტია წარმატება-წარუმატებლობის საქმეში. ასე რომ, ამ ოპერაციის შედეგს ექნება უდიდესი ზეგავლენა კონფლიქტის ფინალზე“, თქვა მან, მაგრამ იქვე რწმენა გამოთქვა, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ნატო ამ კონფლიქტში წარმატებული იქნებაო: „დარწმუნებული ვარ, რომ ყანდაარში შეგვიძლია წარმატებული ვიყოთ და ვიქნებით კიდეც. ცხადია ისიც, რომ ეს საკვანძო არეალია და თუკი იქ წარმატებას მივაღწევთ, წარმატებული ვიქნებით მთლიანად ამ ომშიც.“

მაკკეინმა, რომელიც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამამ დაამარცხა, გააკრიტიკა პრეზიდენტის გეგმა, რომლის თანახმადაც, გაისად ავღანეთიდან ჯარის გაყვანა უნდა დაიწყოს. სენატორი მომავალ ივლისში წინსვლას მოელის, მაგრამ შიშობს, რომ თალიბანი შეიძლება დასავლეთის კოალიციური ჯარის ავღანეთიდან გასვლას დაელოდოს. „მტერს არ უნდა ვუთხრათ, რომ წავალთ, სანამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდეთ“, თქვა მაკკეინმა.

მაკკეინის კრიტიკას უპასუხა ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელმაც ერაყში მოგზაურობისას ტელეარხ „MSNBC”-ს, უთხრა, რომ ამერიკის ადმინისტრაციის განზრახვაა, მისი ძალების გაწვრთნით, ავღანეთის მთავრობას, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პასუხისმგებლობა გადასცეს, რათა ჩაერთოს თამაშში. ბაიდენმა თქვა, აშშ ავღანეთში მუდმივად ვერ დარჩებაო და დაამატა, იმავე კარზაის მისამართით, არ შეიძლება თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება ჩვენ თქვენზე მეტად გვსურდესო. ავღანეთში მაკკეინს ახლდნენ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და ჯოზეფ ლიბერმანი, თავისუფალი სენატორი. ეს უკანასკნელი აშშ-ის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. სენატორები ავღანეთში შეხვდნენ ნატოს ჯარის ახლად დანიშნულ მეთაურს, გენერალ დევიდ პეტრეუსს, რომელმაც შეცვალა გენერალი მაკკრისტალი, ბარაკ ობამას მიერ ადმინისტრაციის კრიტიკის გამო განთავისუფლებული მეთაური. მაკკეინმა განაცხადა, პეტრეუსის დანიშვნა, ალბათ, საომარი მოქმედებების წესებს შეცვლისო. ჩანს, საქმე გვექნება მოქმედების დახვეწასთან, ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩაო, თქვა მაკკეინმა პეტრეუსთან შეხვედრის შემდეგ. ეს შენიშვნა ეხებოდა არმიაში მაკკრისტალის მიერ შემოღებულ ეგრეთ წოდებულ „თამამ თავშეკავებას“, რომლის მიზანი სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება იყო, რაც ჯარს თავდაცვის საშუალებას უზღუდავდა. ეს წესი აშშ-ის ჯარს არ უკრძალავდა საჭიროების შემთხვევაში საჰაერო მხარდაჭერა მოეთხოვა, მაგრამ არაერთი ოფიცერი შიშობდა, რომ თავის კარიერას ზიანს მიაყენებდა, თუკი შეცდომით მოითხოვდა საჰაერო ან მძიმე ტექნიკით დახმარებას, რასაც სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვებოდა. დასავლეთის ჯარის მეთაურები ამტკიცებენ, რომ ამ წესის შემოღებას მათ ხელქვეითთა შორის მსხვერპლის გაზრდა მოჰყვა. ივნისში 103 დასავლელი - მათ შორის 60 ამერიკელი - სამხედრო დაიღუპა ავღანეთში. ეს რიცხვი სამჯერ აღემატება მაისში დახოცილთა რიცხვს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG