Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზის ფეშენებელური თვითმფრინავის შესყიდვის სურვილის გამო აკრიტიკებენ


საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მწვავედ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ახალი, 180 მილიონ ევროდ შეფასებული, საპრეზიდენტო თვითმფრინავის შესყიდვას გეგმავს. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მან თავისი კაბინეტის წევრებს პრემიები შეუკვეცა, ორი წევრი კი საჯარო სახსრების სიგარებსა და კერძო თვითმფრინავებზე დახარჯვისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„თავისთვის 180 მილიონ ევროდ ღირებული თვითმფრინავის შესყიდვას“ აჯობებდა პრეზიდენტს ეს ფული ქვეყანაში წყლის ჯებირების რეკონსტრუქციაში დაეხარჯაო, - განაცხადა სოციალისტმა პოლიტიკოსმა სეგოლენ რუაიალმა კვირას, სამხრეთ საფრანგეთში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე რუაიალი სარკოზის ოპონენტი იყო.

იმის მიუხედავად, რომ სარკოზიმ მომჭირნეობის ზომები დაუწესა თავისი კაბინეტის წევრებს, რომლებიც შეხვედრების დროს შამპანურსა და ბატის პაშტეტს ვეღარ შეექცევიან, მას ჯერჯერობით არ მიუნიშნებია, რომ Airbus A330-ს შესყიდვის გეგმის შეცვლას აპირებს. თვითმფრინავი მოხმარებისთვის მზად შემოდგომაზე უნდა იყოს.

ამ თვითმფრინავის დიზაინი აშშ-ის პრეზიდენტების "Air Force One"-ის მიხედვით არის შექმნილი. ხომალდში იქნება სამუშაო კაბინეტი, შეხვედრების ოთახი, საწოლი ოთახი, დიდი აბაზანა და სამედიცინო კაბინეტი. ამასთან, ამგვარ თვითმფრინავებში განლაგებულ ჩვეულებრივ 324 ადგილს ახლა ბიზნესკლასის 60 სავარძელი შეცვლის.

ეს თვითმფრინავი სამი წლის წინ შეუკვეთეს. მას გრძელ მარშრუტებში ამჟამად გამოყენებული ორი A319 უნდა შეეცვალა. ამ ორი ხომალდის გაყიდვის გეგმა კი საზოგადოებას სარკოზის კაბინეტის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის დაზოგვის პოლიტიკის ელემენტად გააცნეს.

ამასთან, ახლახან სარკოზიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი კაბინეტის ორი წევრი - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ საჯარო სახსრებიდან ათასობით ევრო დაახარჯეს კერძო თვითმფრინავებს და ძვირად ღირებულ სიგარებს. საქმე ეხება განვითარების მინისტრ ალენ ჟოიანდეს და „დიდი პარიზის“ რეგიონის განვითარებაზე პასუხისმგებელ, დაბალი რანგის მინისტრ კრისტიან ბლანს, რომლებმაც გადადგომის შესახებ განცხადებები 4 ივლისს დაწერეს.

ალენ ჟოიანდე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის მიზეზით გამართულ სასწრაფო შეხვედრაზე კარიბის ზღვაზე გასაფრენად 116,500 ევროდ დაიქირავა კერძო თვითმფრინავი, ბლანის გაკრიტიკების მიზეზი კი ის იყო, რომ მან კუბური სიგარების შესყიდვას საჯარო სახსრებიდან 12,000 ევრო დაახარჯა. მინისტრმა - რომელიც უწინ „ეარ ფრანსს“ ხელმძღვანელობდა - შესყიდვა თავისი აპარატის წევრს დააბრალა, ხოლო იმ სიგარებისთვის, რომელიც მას უკვე მოწეული ჰქონდა, სახელმწიფოს მყისიერად დაუბრუნა 3,500 ევრო.

რას შეეხება თავად სარკოზის, მისი პოპულარობა გასულ კვირაში კიდევ უფრო დაეცა და 26 პროცენტს მიაღწია. მემარცხენე ორიენტაციის, ყოველდღიური გაზეთის „ლიბერასიონის“ მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად კი, სამიდან თითქმის ორი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ქვეყნის პოლიტიკოსები „დიდწილად კორუმპირებულები“ არიან.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG