Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჯარების მეთაურად ჯეიმს მატისი დაასახელეს


ჯეიმს მატისი
ჯეიმს მატისი
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ამ ქვეყნის საომარ მოქმედებებს განაგებს ავღანეთსა და ერაყში, ეყოლება ახალი მეთაური, რომელიც შეცვლის გენერალ დევიდ პეტრეუსს.

ჯეიმს მატისი ეგრეთ წოდებული ოთხვარსკვლავიანი გენერალია. ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა წარადგინა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის პოსტზე. ცენტრალური სარდლობა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ავღანეთისა და ერაყის ჩათვლით, შშ-ის სამხედრო ძალების გეგმებსა და ქმედებას განაგებს. თავდაცვის მინისტრის მიერ წარდგენის შემდეგ, მატისი ოფიციალურად უნდა დასახელდეს პრეზიდენტ ობამასგან და შემდეგ უნდა დაამტკიცოს კონგრესმა. თუკი მატისი გახდა სარდლობის მეთაური, ის შეცვლის გენერალ დევიდ პეტრეუსს, რომელმაც ავღანეთში სამხედრო მოქმედებების უშუალო მეთაურობა თავისი წინამორბედის, გენერალ მაკკრისტალისგან ჩაიბარა. ეს უკანასკნელი ბარაკ ობამამ დაითხოვა აშშ-ში ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ოფიციალური პირების მიმართ გამოთქმული საზიანო კრიტიკის გამო.

გეიტსმა, როცა ხუთშაბათს მატისი წარადგინა, განაცხადა, ის ჯარის შესანიშნავი ლიდერია და ამ თანამდებობას ზუსტად შეეფერებაო:

„გენერალ მატისმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ახლებურად მოაზროვნეა არმიაში. მისმა მიხვედრილობამ, როგორი უნდა იყოს საბრძოლო მოქმედება 21-ე საუკუნეში, გავლენა იქონია ჩემს შეხედულებებზეც, თუ როგორ განლაგდეს ჯარი, როგორი უნდა იყოს მისი პოზიცია.“

ახლა მატისი აშშ-ის გაერთიანებულ სამხედრო ძალებს მეთაურობს. ის ადრე, ერაყსა და ავღანეთში საომარი მოქმედებების დროს, საზღვაო ქვეითებს განაგებდა. როგორც ბრიგადის გენერალი, ის ავღანეთის ომის პირველ სტადიაში სამხრეთის ჯარებს სარდლობდა. ერაყში 2004 წელს მისმა საზღვაო-ქვეითთა დივიზიამ ფალუჯაზე შეტევა განახორციელა, მან დიდი დახმარება გაუწია ერაყის უშიშროების ძალებს მოლაპარაკება ეწარმოებინათ ქალაქში მყოფ მეამბოხეებთან. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტების თავმჯდომარე, ადმირალი მაიკ მალენიც ზედმიწევნით აფასებს მატისს, როგორც მან თქვა, მისი დიპლომატიური და ასევე ბრძოლის ველზე გამოვლენილი უნარებისთვის.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მატისი რბილი და თავაზიანია. უფრო - პირიქით. 2005 წელს მან საზღვაო ქვეითთა ჯარისგან საყვედური მიიღო იმის გამო, რომ სან დიეგოში, კალიფორნიაში, კონფერენციაზე განაცხადა, „ზოგიერთების დახოცვა სასიამოვნოც კიაო“. ერთ-ერთი დისკუსიის დროს თქვა: „ჩადიხარ ავღანეთში და ხედავ მამაკაცებს, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში სცემენ თავიანთ ცოლებს იმის გამო, რომ ჩადრს არ ატარებენ. მათ არაფერი ადამიანური აღარ შერჩენიათ. მათი დახოცვა ძალინ სასიამოვნოც კი არისო“. თავდაცვის მინისტრმა გეიტსმა, რომელმაც მატისი ცენტრალური სარდლობის მეთაურის თანამდებობაზე წარადგინა, შენიშნა, ამ სიტყვების გამო მაშინვე იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, რაც, შემდგომმა ხუთმა წელიწადმა დაგვანახვა, მას გაკვეთილად გამოადგაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG