Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის პერსპექტივა


ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი სულ უფრო მწვავე დაპირისპირების საგანი ხდება. თუკი ოპონენტები, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ხელისუფლებას სახელმწიფოებრიობისთვის სახიფათო ნაბიჯის გადადგმაში სდებენ ბრალს, ხელისუფლება მათ არადამაჯერებელ, აკვიატებულ ოპონირებაში ადანაშაულებს. ამ მწვავე დაპირისპირების, უამრავი ეჭვისა და ვარაუდის მიუხედავად, 222-კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივას პარლამენტმა 13 ივლისს უკვე მეორე მოსმენით უყარა კენჭი. პირველი მოსმენით ამ პერსპექტივის შემცველი კანონპროექტი - ”სახელმწიფო ქონების შესახებ” - საქართველოს პარლამენტმა 6 ივლისს დაამტკიცა. ამ ორ მოსმენას შორის არსებული ერთკვირიანი პაუზა საკმარისი აშკარად არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების პოზიციები მცირედ მაინც დაახლოებოდა ერთმანეთს.

ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით ხელისუფლება თადარიგის დაჭერას ცდილობს და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვისთვის ემზადება. თორემ, აბა, სხვა შემთხვევაში რა საჭირო იყო ამ სტრატეგიული ობიექტის ასე სასწრაფო წესით ამოღება არასაპრივატიზაციო ობიექტების სიიდან, სადაც ჯერ ისევ რჩება, მაგალითად, ამა თუ იმ საჯარო სკოლის შენობა. ეჭვები, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს უკავშირდება, უფრო ზუსტად კი - კრემლის მრავალწლიან სურვილს როგორმე ხელში ჩაიგდოს გაზსადენის სომხეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომლის საშუალებითაც ის კიდევ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ კავშირს შექმნის ირანთან. თანაც, ეს ის რუსეთია, რომელმაც არაერთხელ გამოიყენა ენერგეტიკული ბერკეტები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად.

ხელისუფლება კი კვლავინდებურად ცდილობს დააჯეროს ოპონენტები, რომ ჯერჯერობით არავის გადაუწყვეტია მისი რუსეთისთვის მიყიდვა, თუმცა თუკი ეს ობიექტი, საბოლოო ჯამში, გაზპრომის ხელში აღმოჩნდება, საწინააღმდეგო არაფერი ექნება, მაგალითად, სადავო კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლაშა თორდიას. ამ შინაარსის კომენტარი მან 12 ივლისსაც გააკეთა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, სადაც ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” გაზსადენის ბედით დაინტერესებული ექსპერტები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეკრიბა:

”არ მინდა ჩამთვალოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში პოლიტიკურად რაიმენაირად კეთილგანწყობილი ვარ... მაგრამ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, არანაირ პრობლემას არც ეგ არ შექმნის...”

ლაშა თორდიას ამ განცხადებამ უკიდურესად აღაშფოთა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი და მან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მართალია, ხუხაშვილი ზოგადად პრივატიზაციის მოწინააღმდეგე სულაც არ არის და, 51%-იანი წილის შენარჩუნების შემთხვევაში, გაზსადენის გაყიდვის მომხრეც გახლავთ, მაგრამ მაგისტრალური გაზსადენის დაუფიქრებელმა, უპირობო გაყიდვამ და, მით უმეტეს, რუსეთისთვის მიყიდვამ, ექსპერტის აზრით, საქართველოს შესაძლოა მთავარი გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუკარგოს:

”საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია გახლავთ მისი სატრანზიტო პოტენციალი, ანუ მისი სტრატეგიული ფუნქცია არის ერთიანი ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად ქცევა სამომავლოდ... ასეთი ტიპის პროექტები კი, საეჭვო პროექტები, რომელთა გატანასაც ხელისუფლება ცდილობს, ეჭვქვეშ აყენებს ამ ფუნქციის განხორციელებას სამომავლოდ...”

12 ივლისს „თბილისი მერიოტში“ გამართულ ხალხმრავალ შეხვედრაზე ხელისუფლება აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა ლაშა თორდიამ პრაქტიკულად ოპონენტების არც ერთი არგუმენტი თუ ვარაუდი არ გაიზიარა - მათ შორის არც ის, რომ მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივამ შესაძლოა დასავლელი პარტნიორების გულისწყრომა გამოიწვიოს, მაგალითად, შეერთებული შტატების მხრიდან, რომელმაც, 2002 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ კატეგორიულად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას და არ მიეყიდა გაზსადენი რუსეთისთვის და, ამ პროცესის შეჩერების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, მან გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 40 მილიონი დოლარიც დახარჯა. ამავე შეთანხმებამ გაზსადენის პრივატიზაციის თემა საქართველოში 2011 წლამდე დახურა.

ამ და სხვა ფაქტების უმრავლესობისთვის შეხსენება ოპოზიციის წარმომადგენლებმა 13 ივლისსაც არაერთხელ სცადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. განაწყენებულმა ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ პროტესტის ნიშნად სხდომაც კი დატოვა, ხოლო მისმა თანაპარტიელმა გიორგი ახვლედიანმა უმრავლესობას პოლიტიკურ ორიენტაციაში გარკვევა ურჩია:

”ის, ვინც დადის და ართმევს ხელს პუტინს, მან დაარქვა თავის პოლიტიკას სახელი... ის, ვინც დადის და ქალბატონ ჰილარი კლინტონს ართმევს ხელს, მანაც დაარქვა ძალიან კონკრეტული სახელი... ყველაზე გაუგებარ მდგომარეობაში ხართ თქვენ - ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ერთი ხელით, ყოვლად არადიპლომატიურად, მაგრამ ხმალამოღებული ებრძვის რუსეთს, ხოლო მეორე ხელით ყველა სტრატეგიული ობიექტი ან უკვე ჩააბარა რუსეთს, ან პერსპექტივას ქმნის, რომ ჩააბაროს რუსეთს...”

ოპონენტების ამგვარ მიდგომებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი და აკვიატებული, უსაფუძვლო კრიტიკა უწოდეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არსებობს, მაგრამ სამომავლოდ გარკვეული წილის გასხვისების პროცესი თვითონ ამ ობიექტსაც წაადგება, საქართველოს ეკონომიკასაც და ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის, სახელსაც.

მართალია, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა 13 ივლისს ოპონენტების დამშვიდება იმის განმარტებით სცადა, რომ, ნავთობისა და გაზის კანონის მიხედვით, გაზსადენის მფლობელს - კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომლის აქციების 100-ვე პროცენტს სახელმწიფო ფლობს, ხსენებული ობიექტის მხოლოდ 25%-იანი წილის გასხვისების შესაძლებლობა ეძლევა... მაგრამ ოპონენტებს არ სჯერათ, რომ სახელმწიფო თუნდაც 51%-ის (ანუ საკონტროლო პაკეტის) შენარჩუნებას ეცდება, რადგანაც ამ ზღვარის კანონში ასახვას უმრავლესობის წარმომადგენლებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს.

ასეა თუ ისე, უამრავი ეჭვისა და ვარაუდის ფონზე, მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების პერსპექტივასთან დაკავშირებულ პროექტს დაკანონებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი, პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცებაღა აშორებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG