Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი საერთაშორისო დონორების კონფერენციისათვის ემზადება


20 ივლისს ქაბული საერთაშორისო დონორთა კონფერენციას უმასპინძლებს. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იმის გარკვევა იქნება, თუ საერთაშორისო დახმარების რა მოცულობას გააკონტროლებს ავღანეთის მთავრობა და როგორ აპირებს იგი კორუფციის შემცირებას.

ავღანეთის მთავრობის ვარაუდით, დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ დრამატულად უნდა შეიცვალოს ქაბულისა და საერთაშორისო პარტნიორების ურთიერთობა. 20 ივლისს ავღანეთის მთავრობა 70-ზე მეტ პარტნიორს გააცნობს სამინისტროების მიერ მომზადებულ ათობით პროგრამას და სთხოვს დონორებს, პირდაპირ ეს პროგრამები დაფინანსდეს იმ თანხებით, რაც ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონტრაქტორებს ეძლეოდათ.

ამ კურსს ავღანეთის მთავრობა“თანხვედრას“ უწოდებს. ჩანაფიქრი კი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო დახმარებით ამაღლდეს ავღანეთის მთავრობის ლეგიტიმურობის დონე მოსახლეობის თვალში და მისი შესაძლებლობა, წინ აღუდგეს ტალიბანს.

აი, რა განაცხადა ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ომარ ზაკილვალმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან საუბარში:

„ ჩვენი თხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დახმარება, რაც ავღანეთისკენ მოდის, მთავრობის ბიუჯეტის გავლით თუ მის მიღმა, - ამ დახმარების 80 პროცენტი, - რამდენიმე წლის განმავლობაში თანხვედრაში იყოს ავღანეთის მთავრობისა და ავღანელი ხალხის პრიორიტეტებთან.“

ავღანეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2001 წლიდან მოყოლებული, ავღანეთის რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი 29 მილიარდი დოლარის დახმარების 77 პროცენტზე მეტი დაიხარჯა პროექტებზე, რომელთა შედგენასა და განხროციელებაში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები თითქმის არ მონაწილეობდნენ.

მაგრამ დაეთანხმება თუ არა 20 ივლისს ქაბულში შეკრებილი საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთის მთავრობის „თანხვედრის“ პოლიტიკას, ძნელი სათქმელია. 28 იანვარს ლონდონში გამართულმა დონორთა კონფერენციამ დაასკვნა, რომ ავღანეთის მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო დახმარების მხოლოდ 50 პროცენტი შეიძლება გააკონტროლოს - ისიც იმ შემთხვევაში, თუკი გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ფინანსების ხარჯვის სისტემა და აღმოიფხვრება კორუფცია. ეს მოთხოვნები,როგორც ავღანეთში ნატოს სამოქალაქო წარმომადგენელი მარკ სედვილი ამბობს, კვლავაც უცვლელია:

„ამ მომენტისათვის დახმარების მხოლოდ 20 პროცენტი იხარჯება ავღანეთის მთავრობის სისტემის მეშვეობით. ლონდონის კონფერენციაზე ჩვენ შევთანხმდით ეს ციფრი 50 პროცენტამდე გავზარდოთ ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვაპირებთ იგივე გავაკეთოთ დარჩენილ დახმარებასთან დაკავშირებით; ასევე ვაპირებთ ის თანხვედრაში მოვიყვანოთ ავღანეთის მთავრობის პრიორიტეტებთან.“

მაგრამ ქაბულის საერთაშორისო კონფერენციაზე ასევე განხილული იქნება ავღანეთში კორუფციის პრობლემა, რამაც ძალიან მაღალ დონეს მიაღწია. შექმნილი ვითარება მონაწილეებს აიძულებს დიდი ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს. ბოლო კვირების განმავლობაში ავღანელმა და უცხოელმა მოხელეებმა ერთმანეთი რამდენჯერმე დაადანაშაულეს მძვინვარე კორუფციაში, რაც ფინანსური დახმარების ხარჯვას ახლავს. ავღანეთის მთავრობის წევრები ამტკიცებენ, რომ კორუფციის უამრავი შემთხვევა უკავშირდება იმას, რომ თანხების დიდ ნაწილს უცხოელი კონტრაქტორები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ, თუმცა უცხოელი მოხელეები იცავენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და აცხადებენ, რომ მათი ანგარიშები გამჭვირვალეა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG