Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი და გეიტსი კორეის დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდნენ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი 21 ივლისს საფორტიფიკაციო ნაგებობებით მოფენილ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდნენ, რომელიც სამხრეთ კორეას კომუნისტური ჩრდილოეთ კორეისაგან ყოფს. ამერიკის ორი უმაღლესი დიპლომატის მოულოდნელი ვიზიტი იმ მოგზაურობის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კორეისადმი ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას ნახევარკუნძულის ირგვლივ ატეხილ მძაფრ დაპირისპირებაში.

ეს იყო სიმბოლიზმით აღსავსე ვიზიტი. უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატი და სამხედრო სტრუქტურის ხელმძღვანელი პენმუმჯიონის დემილიტარიზებულ ზონაში წვიმის ქვეშ იდგნენ და ჩრდილოეთის მხარეს ბინოკლით აკვირდებოდნენ. მათი ფრონტის ხაზზე ყოფნა იყო იმის შეხსენება, რომ კორეის ომის დასრულების 50 წლის შემდეგაც კი, როცა არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, შეერთებული შტატებისათვის სამხრეთ კორეა პრიორიტეტულია. ამის თაობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დემილიტარიზების ზონაშიც ისაუბრა, თუმცა კლინტონი ცდილობდა კომუნისტური კორეისთვის მშვიდობის მესიჯი გაეგზავნა:

შემაშფოთებელია, თუ რამდენად მცირედით შეიცვალა ვითარება ჩრდილოეთში და რამდენად მძლავრად აგრძელებს სამხრეთ კორეა ზრდას და კეთილდღეობის ამაღლებას.
„ჩვენ კვლავ ვუგზავნით მესიჯს ჩრდილოეთ კორეას: არსებობს სხვა გზა. ეს არის გზა, რომელსაც შეუძლია სარგებელი მოუტანოს ჩრდილოეთის ხალხს. მაგრამ ვიდრე ისინი შეცვლიან საკუთარ გეზს, მანამდე შეერთებული შტატები მტკიცედ იდგება სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ხალხისა და მთავრობის სახელით.“

ჰილარი კლინტონმა აშკარად მიანიშნა, რომ მხედველობაში აქვს ამერიკული დახმარება გაღატაკებული ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისათვის, თუკი იგი უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამაზე. თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ იზოლაცია მძიმე დარტყმაა ჩრდილოეთ კორეისათვის:

„შემაშფოთებელია, თუ რამდენად მცირედით შეიცვალა ვითარება ჩრდილოეთში და რამდენად მძლავრად აგრძელებს სამხრეთ კორეა ზრდას და კეთილდღეობის ამაღლებას.“

დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას ერთამენთისაგან ყოფს, დღეისათვის 2 მილიონი ჯარისკაცი იმყოფება.

ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის მარტში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის კუთვნილი სამხედრო გემი ჩაძირა. ამის პასუხად შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთმა კორეამ გადაწყვიტეს ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარება, რაც ჩრდილეოთ კორეის აგრესიისაგან თავის დაცვას ისახავს მიზნად. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები 25-28 ივლისს იაპონიის ზღვაზე გაიმართება და მასში დაახლოებით 20 გემი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ფლაგმანი - ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“ - და 200-მდე სამხედრო თვითმფრინავი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG