Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები უსახლკარობას მერიის წინ აპროტესტებენ


დევნილებმა თბილისის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია
დევნილებმა თბილისის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია
4 აგვისტოს მერიის წინ დევნილებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს საცხოვრებელი ფართობების დაკანონების მოთხოვნით. მათ მერიას მის ბალანსზე არსებული იმ შენობების სიაც მოსთხოვეს, სადაც შესაძლებელი იქნება დევნილების ჩასახლება. 18 წლის წინ აფხაზეთიდან წამოსული ადამიანები ისევ უსახლკარობაზე ჩივიან.

მაქსიმალური ტემპერატურა 4 აგვისტოს 39 გრადუსი გამოაცხადეს. სწორედ ამ სიცხეში შეიკრიბნენ დევნილები თბილისის მერიის შენობასთან და საპროტესტო აქცია გამართეს. ნაწილი აფხაზეთის ომის შემდეგ ისევ ქირით ცხოვრობს, ნაწილი - რომელიღაც კომპაქტურად ჩასახლებულ შენობაში. ყველას ერთი მოთხოვნა აქვს - ჰქონდეს საკუთარი დაკანონებული ფართი, ჭერი, სახლი.

”ჩვენ ენუქიძის #7-ში ვცხოვრობთ 1999 წლიდან, კომპაქტურად ვართ ჩასახლებულები, მაგრამ რომ გვეგონა, ეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა იყო და ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ გვითხრა 2007 წელს, უცებ აღმოჩნდა, რომ მეპატრონე ჰყავდა ამ შენობას და ტერიტორიის დაცლას გვთხოვს... სასამართლომაც ჩვენი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო... არ ვიცით რა ვქნათ, სად წავიდეთ, როგორ იქნება ჩვენი საქმე”, - ჩივის გულრიფშიდან დევნილი მერი მაჩაიძე.

გამოსავალი ვერ უპოვია ვერც დიანა ვეკუას: ”ჩვიდმეტი წელია ქირით ვარ, აფხაზეთიდან - ე.წ. ძველი დევნილი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. ოჯახში სულ შვიდნი ვართ, არავინ არ მუშაობს, უკვე ორი წელია ამ ქირასაც ვერ ვიხდი და ხან პოლიციით მემუქრებიან, ხან გამოყრით. ვერც კომუნალურ გადასახადებს ვიხდი. გამოსაყრელები ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, არ ვიცით რა ვქნათ და ვითხოვთ, რომ რაიმე საცხოვრებელი ფართით დაგვაკმაყოფილონ.”

აქციის ორგანიზატორი ისევ ლაშა ჩხარტიშვილია - კონსერვატორების ერთ-ერთი წევრი, რომელიც უკვე მეორე კვირაა გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოსახლებულ დევნილებთან ერთად აქციებში მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ხელისუფლების ლმობიერება არჩევნების დამთავრებასთან ერთად სადღაც გაქრა და დევნილების გამოსახლების მასობრივი პროცესი დაიწყო იმ შენობებიდან, სადაც ისინი ბოლო წლები ცხოვრობენ.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია 2007 წლის ბოლოს შემუშავდა, 2008 წლის ივლისში მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაც დამტკიცდა. თუმცა მერე იყო აგვისტოს ომი, რამაც მისი განხორციელება დროებით, 2009 წლის იანვრამდე, შეაფერხა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, რომ მათ ყურადღება დროებით დევნილების ახალ ნაკადზე გადაიტანეს, თუმცა დაწყებულ საქმეს - ანუ ძველი დევნილების პატრონობას - მალევე დაუბრუნდნენ:

”2009 წლის იანვრიდან მოვიძიეთ ფართები, რომელთა რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო, - სულ 250 ობიექტი რეგიონებში, - და ეს ფართები დავუკანონეთ კიდეც დევნილებს. ამის შემდეგ 60-ზე მეტი კარკასული ტიპის შენობა მოვიძიეთ, ესეც გავარემონტეთ და დევნილთა კიდევ ერთი ნაწილი დავაკმაყოფილეთ. დღეს კიდევ 250 ობიექტის დაკანონება მიმდინარეობს თბილისში და ეს ეტაპობრივი პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება.”

მთლიანობაში, საუბარია 500-ზე მეტ ობიექტზე, რომელიც 16 000 დევნილ ოჯახს აკმაყოფილებს. მათგან 7 000-ს საკუთრება უკვე დაუკანონდა. ეს პროცესი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია და შრომატევადი, დღესაც გრძელდება. ჯერ ხდება ფართების რეაბილიტაცია, შემდეგ ხელშეკრულებების გაფორმება. თუმცა ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთ შენობას დევნილებს, უბრალოდ, ვერ დაუკანონებენ და ამას თავისი მიზეზები აქვს:

”ზოგიერთ შენობას ჩვენ ვერ დავუკანონებთ, რადგან კერძო საკუთრებაა. მაგალითად, როგორიც იყო იაშვილის კლინიკა, სადაც დროებით ცხოვრობდნენ დევნილები. მაგრამ ეს საავადმყოფოა, არ არის სახელმწიფო საკუთრება და ჩვენ არ გაქვს ამის უფლება. თუ ჩვენ დევნილი გამოგვყავს ასეთი კომპაქტურად ჩასახლებული ადგილიდან, მას აუცილებლად ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართს, თუ, რა თქმა უნდა, ის უკანონოდ არ არის შეჭრილი რაიმე შენობაში.”

ვითარებას ამძიმებს ის, რომ საქართველოში, დღეის მონაცემებით, 88 000-ზე მეტი დევნილი ოჯახია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან კი, ზოგადად, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია გამოსული. აქედან 250 000 საქართველოში რჩება. მათგან დიდი ნაწილი გაჭირვებულია. ბევრი მათგანი ცხოვრობს საავადმყოფოებსა და ისეთ შენობებში, რომლებიც ვერ დაკანონდება და ნაწილიც ან ქირით, ან ნათესავებთან. ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ დასაკმაყოფილებლად პროექტების განხორციელება გრძელდება და ეტაპობრივად ყველას მოუვლიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG