Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რიგითმა მოქალაქეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე არაფერი იციან


საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებთან, 2 აგვისტო, 2010 წელი
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებთან, 2 აგვისტო, 2010 წელი
რიგითმა გორელებმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ არაფერი იციან. ჩვენს მიერ გამოკითხულთა ნაწილს მხოლოდ ის გაუგია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, მაგრამ რა ცვლილებებია - მათთვის უცნობია.

საკონსტიტუციო კომისია საქართველოს დიდ ქალაქებში ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვებს აწყობს. როგორც ცნობილია, აგვისტოს ბოლომდე განხილვები უნდა დასრულდეს. ჯერჯერობით უცნობია, კომისია გორში როდის ჩავა. კანონპროექტის განხილვა გორში ერთხელ უკვე მოეწყო, მაგრამ ეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით მოხდა.

ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იურისტებს, ისტორიკოსებს, ეკონომისტებს, ჟურნალისტებს და აქტიურ მოქალაქეებს შეხვდა. თამარ ხიდაშელის აზრით, საზოგადოება კარგად უნდა იყოს ინფორმირებული ცვლილებების შესახებ, რათა განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.

იურისტებმა შეხვედრაზე დასკვნის სახით წარმოადგინეს ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც მათი აზრით ახალი კონსტიტუციის პროექტშია ასახული. მაგალითად, წარმოდგენილი პროექტით, მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების მონაწილედ. მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში. მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე. დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით.

ყველაზე მეტი კითხვა შეხვედრაზე სწორედ მომავალი პარლამენტის ფუნქციებისა და უფლებების შესახებ დაისვა. ეკონომისტის თამარ ედიშერაშვილის აზრით, წარმოდგენილი პროექტი ვერ ასახავს იმას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის, რადგან პარლამენტის უფლებები შემცირებულია.

დისკუსია გამოიწვია მოსამართლეთა თავისუფლების საკითხმაც. იურისტების აზრით, გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები. უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს. გორელი არინა თავაქარაშვილის აზრით, რამდენიმე წელიწადში საქართველოში კვლავ ახალ კონსტიტუციაზე დაიწყებენ ფიქრს, რადგან დღეს წარმოდგენილი პროექტი ეფექტურად ვერ იმუშავებს.

საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად, რეგიონებში ახალი კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვას იურისტებიც აგრძელებენ.
XS
SM
MD
LG