Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩი”: ყირგიზეთის მთავრობა ნაწილობრივ დამნაშავეა


"ჰიუმან რაიტს უოჩი" აცხადებს, რომ ივნისში მომხდარი ძალადობისას სამხრეთ ყირგიზეთში უზბეკებზე თავდასხმებს ხელი შეუწყო ყირგიზეთის სამთავრობო ძალებმა. ორგანიზაციის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ 91-გვერდიან ანგარიშში სახელწოდებით "სად არის სამართალი?" ყირგიზეთის მთავრობა გაკრიტიკებულია იმის გამოც, რომ ის არ ავლენს ნებას, გამოიძიოს ივნისის დაპირისპირების მიზეზები.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" თანახმად, მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიებაში დარღვევები აღინიშნება. ანგარიშის ავტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უშიშროების ძალები რიგ შემთხვევაში პრობლემის ნაწილად იქცა და არა მშველელად. გამოძიების შესახებ კი თქვა: "იყო თვითნებურად დაკავების მრავალი შემთხვევა. ვიცით, რომ დაკავებულებს ხშირად ცუდად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ. ამასთან, საკმაოდ სერიოზული შეკითხვები გვაქვს გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით".

"ჰიუმან რაიტს უოჩი" ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მოუწოდებს სწრაფად განალაგოს მცირე საპოლიციო ჯგუფი სამხრეთ ყირგიზეთში. ორგანიზაცია მოუწოდებს აგრეთვე გაეროს მხარი დაუჭიროს ყირგიზეთში ძალადობის გამოძიებას.

ძალადობა ყირგიზეთში 10 ივნისს დაიწყო - ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში. უზბეკებსა და ყირგიზებს შორის დაწყებული ჩხუბი მასობრივ მღელვარებაში გადაიზარდა. 11-იდან 14 ივნისამდე გადაიწვა რამდენიმე უზბეკური უბანი. დაიღუპა, სულ მცირე, 400 ადამიანი.

"ჰიუმან რაიტს უოჩს" რამდენიმე მოწმემ მოუყვა, რომ არეულობისას დაინახეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები, რომლებმაც სამხედრო ჯავშანმანქანებით დაანგრიეს უზბეკური უბნის მაცხოვრებლების მიერ აღმართული სახელდახელო ბარიკადები და საშუალებას მისცეს ბრბოს უბანში შეეღწიათ.
XS
SM
MD
LG