Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაიმ უსაფრთხოების კერძო ფირმებზე გაილაშქრა


ჰამიდ კარზაი, ავღანეთის პრეზიდენტი
ჰამიდ კარზაი, ავღანეთის პრეზიდენტი
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უსაფრთხოების კერძო კომპანიებს ოთხთვიანი ვადა მისცა დასაშლელად. კერძო ფირმები ბოლო დროს ადგილობრივი კანონების დარღვევის გამო გააკრიტიკეს. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ ამ ფირმებს ერაყშიც. ამჟამად ავღანეთში კერძო უსაფრთხოების 26 000-ზე მეტი კონტრაქტორი იმყოფება, რომლებსაც, კარზაის ბრძანების შესრულების შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენა ელოდებათ.

კერძო უსაფრთხოების ჯგუფები და კერძო უსაფრთხოების კომპანიები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ტანჯვის მიზეზები არიან ...
ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უსაფრთხოების ფირმების ძირითადი ამოცანებია საელჩოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნატოს ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატებისა და ინვესტორების ბადრაგირება და გაცილება. ამ ამოცანების შესრულების დროს, როგორც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრაქტორები არად აგდებენ ადგილობრივ კანონებს, მოქმედებენ თვითნებურად, იარაღს უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას და, ზოგ შემთხვევაში,მათ სრულიად უმიზეზოდ ცეცხლსაც უშენენ. 17 აგვისტოს ჰამიდ კარზაიმ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ უსაფრთხოების ფირმებს ოთხთვიან ვადას აძლევს მუშაობის შესაწყვეტად. უფრო ადრე, 7 აგვისტოს, ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა ნატოს სარდლობას, არ გააფორმონ კონტრაქტი ისეთ ფირმებთან, რომლებიც, ავღანეთის პრეზიდენტის მინიშნებით, შესაძლოა ტერორისტებთანაც თანამშრომლობდნენ:

„კერძო უსაფრთხოების ჯგუფები და კერძო უსაფრთხოების კომპანიები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ტანჯვის მიზეზები არიან. ისინი ლახავენ ადამიანთა უფლებებს, საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას და, ღმერთმა უწყის, რას სჩადიან - დილით თუ ძარცვავენ, ღამით შესაძლოა ტერორისტებადაც იქცნენ.“

ჩვენ არ გვინდა და არ შეგვიძლია დაველოდოთ, როდის აღმოჩნდება პრეზიდენტის დეკრეტით უმუშევართა სიაში 30 ან 40 ათასი ადამიანი.
რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან საუბარში ქაბულის მცხოვრებლებს ხშირად დაუჩივლიათ იმის გამო, რომ უსაფრთხოების ფირმების მიერ დაქირავებულ პირებს ძარცვაში და, მათი თქმით, ზოგჯერ უდანაშუალო ავღანელთა მკველობაშიც მიუძღვით ბრალი. თუმცა ერთ-ერთი უსაფრთხოების ფირმის მფლობელმა, მუჰამედ შირზაი დილდარმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასეთი ბრალდებები სასამართლომ უნდა დაადგინოს და არა პრეზიდენტის დეკრეტმა, რომელიც ყველა უსაფრთხოების ფირმის აკრძალვას მოითხოვს:

„ჩვენმა მთავრობამ გამოთქვა პრეტენზია უსაფრთხოების ფირმების დანაშუალებრივი საქმიანობის გამო, მაგრამ თუკი მათ ხელთ არსებობს მტკიცებულება, საჭიროა, რომ სასამართლომ გამოიძიოს. ჩვენ გვაქვს სასამართლო. მათი მტკიცებულება უნდა გახდეს საჯარო. ავღანეთის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილები, თუკი ჩვენი გაუქმება სურს. ჩვენ არ გვინდა და არ შეგვიძლია დაველოდოთ, როდის აღმოჩნდება პრეზიდენტის დეკრეტით უმუშევართა სიაში 30 ან 40 ათასი ადამიანი.“

სავარაუდოდ, კარზაის 17 აგვისტოს დეკრეტს წინააღმდეგობა შეხვდება ნატოს, უცხოეთის მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მეტისმეტად დამოკიდებულნი არიან უსაფრთხოების საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფირმებზე. გარდა ამისა, პენტაგონიც ეჭვის თვალით უყურებს კარზაის დეკრეტს. ხოლო როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიმ კროულიმ განაცხადა, უსაფრთხოების ფირმების დახურვის შემდეგ შესაძლოა უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი ვაკუუმი შეიქმნას, რომლის შევსებასაც ავღანეთის მართლწესრიგის ძალები დამუკიდებლად ვერ შეძლებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG