Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგით, მოლდავეთში რეფერენდუმი ვერ შედგა


რეფერენდუმის შედეგების შეჯამების პროცესი
რეფერენდუმის შედეგების შეჯამების პროცესი
მოლდავეთის მოქალაქეებს შაბათს უნდა გადაეწყვიტათ, როგორ აირჩევს ეს ქვეყანა პრეზიდენტს. რეფერენდუმში მონაწილეების ხმებზე იყო დამოკიდებული, მომავალში პარლამენტი უყრიდა პრეზიდენტობის კანდიდატებს კენჭს თუ მოსახლეობა პირდაპირი წესით მისცემდა ხმას სახელმწიფოს მმართველს. რეფერენდუმი, წინასწარი მონაცემებით, არ შედგა, რადგან მოლდაველებმა ვერ გამოიჩინეს აქტიურობა: მესამედზე ნაკლებმა მიიღო მასში მონაწილეობა, რაც არასაკმარისია ამგვარი საყოველთაო-სახალხო გადაწყვეტილების მისაღებად.

პარლამენტი ირჩევდა ხოლმე მოლდავეთის პრეზიდენტს, მაგრამ ეს თანამდებობა ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ დაიკავა ბოლო წლის განმავლობაში, რადგან საკანონმდებლო ორგანოში არც ერთ ძალას არა აქვს აშკარა უპირატესობა. ამიტომაც იყო, რომ ვლადიმირ ვორონინის მემკვიდრის გამოცხადება დეპუტატებმა ორჯერვე წარუმატებლად სცადეს. ამომრჩეველთა მესამედის მონაწილეობა იყო საჭირო ამ რეფერენდუმში, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს ოთხი პარტია და რომელსაც კომუნისტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა იური ჩიოკანმა გამოაცხადა:

„ამომრჩეველთა აქტიურობა 29,05 პროცენტი იყო. დღეს ეს ყველაზე საინტერესო ელემენტია, რადგან მასზეა დამოკიდებული, ჩატარებულად გამოცხადდება რეფერენდუმი თუ არა.“

ამ 29-ზე ოდნავ მეტი პროცენტის დიდმა უმრავლესობამ, 85-მა პროცენტმა, წინასწარი მონაცემებით, თანხმობა მისცა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას. საბოლოო შედეგები ოთხშაბათს გამოცხადდება.
მოლდავეთში რეფერენდუმი ვერ შედგა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00
გადმოწერა

პარტიათა გაერთიანებამ, სახელწოდებით „ევროპული ინტეგრაციის ალიანსი“, მიზნად დაისახა ასეთი რეფერენდუმის მოწყობა, რათა ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსულიყო. ზემოთ ვახსენეთ დეპუტატთა წარუმატებელი მცდელობა, არჩეულიყო პრეზიდენტი. ეს შეუძლებელი იმის გამო აღმოჩნდა, რომ 101 მანდატიდან, 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ალიანსს 53 ადგილი შეხვდა, კომუნისტურ პარტიას კი ოდნავ ნაკლები, 48. ამ პირობებში საკმარისი უმრავლესობა, 61 ხმა, ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვა. ამას მოჰყვა ალიანსის წადილი, რეფერენდუმი ჩატარებულიყო. კომუნისტებმა ბრძოლა გამოუცხადეს ამ იდეას, სასამართლოშიც იჩივლეს, მომხრეებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს და ახლა ჩანს, რომ მიზანს მიაღწიეს. კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა განაცხადა, რომ კენჭისყრა იყო ახლანდელი ხელისუფლების მიმართ უნდობლობის ნამდვილი რეფერენდუმი.
ორშაბათს დილით ის კმაყოფილებას ვერ მალავდა:

„კმაყოფილი ვარ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გამოავლინეს. ეს გრძნობა უფრო მაღალია, ვიდრე მათი, რომლებიც თავს ამ ქვეყნის ლიდერებს უწოდებენ“, თქვა ვორონინმა.

პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა თავისი აზრი. კვირას ვლად ფილატმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში მოქალაქეთა სუსტი აქტიურობა ნაწილობრივ მმართველ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია:

„სუსტი აქტიურობა გამოიწვია სხვადასხვა ფაქტორმა. ერთი ისაა, რომ რეფერენდუმის ორგანიზებაში ჩართულ ძალებს არ ჰქონდათ ცხადი მესიჯი. მეორე კი ისაა, რომ კომუნისტურმა პარტიამ კენჭისყრის მიმართ ბოიკოტის კამპანია ენერგიულად წარმართა.“

თუკი დადგინდა ოფიციალურად, რომ რეფერენდუმი არ შედგა, პარლამენტი დაიშლება და ქვეყანამ საპარლამენტო არჩევნების ახალი ვადა უნდა დაადგინოს. მოლდავეთის კანონით, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საკითხზე რეფერენდუმი ვეღარ გაიმართება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG